ბრძანება N 26767
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26767
31 .10. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------ის“ (ს/ნ ------------)
(ფაქტ. მის.: ---------------------.
მის.: ------------------------------)
2023 წლის 11 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №110) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ ------------) 2023 წლის 11 ოქტომბრის №84028/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 სექტემბრის №038-18 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არასწორად არის განსაზღვრული სალაროს ნაშთი და საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნავს, რომ შემოწმებისთვის წარდგენილი ჰქონდა ინფორმაცია საწყისი კრედიტორული დავალიანების შესახებ, თუმცა არ წარუდგენია დამფუძნებლის მიმართ არსებული ვალდებულების შესახებ, რომელიც წარმოიშვა 2018 წელს კრედიტორებისათვის გადახდილი თანხისაგან. შესაბამისად, აღნიშნული არც შემოწმებას აქვს გათვალისწინებული და ითხოვს მის გათვალისწინებას. ამასთან, მიუთითებს, რომ სამუშაოებს ასრულებს ქვეკონტრაქტორების მეშვეობით, რომელთა ნაწილიც არის ინდივიდუალური მეწარმე. შემოწმებისთვის წარდგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას. ასევე ითხოვს სალაროს ნაშთის გაანგარიშების ცხრილის დამატებით შემმოწმებელთან ერთად გავლას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირებას. განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში სმფ-ები შეძენილია დღგ-ის გადამხდელი პირებისაგან, რომელთაც გამოწერილი აქვთ სასაქონლო ზედნადებები, მაგრამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ გამოუწერიათ შესაბამის პერიოდებში. საგადასახადო შემოწმების შემდეგ გამოიწერა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას. ამასთან, 2021 წლის მარტისა და ივლისის თვის დღგ-ის დეკლარაციებში შევსებულია კორექტირების გრაფა, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის დაკორექტირებული, გამოსაწერია კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის შემდეგაც დაკორექტირდება შემოწმების შედეგად დარიცხული თანხაც.
3. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრას. განმარტავს, რომ ორჯერაა დაბეგრილი შპს „---------გან“ მიღებული თანხა 2020 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში. ამასთან, 2019 წლის მაისსა და ივნისში დაბეგრილია შემოსავალი, რომელიც უკან არის დაბრუნებული. ასევე, არის გარკვეული კითხვები დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებასა და ავანსების განაშთვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას შემმოწმებლებთან ერთად.
4. გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად დაბეგრილია კომპანიის ბანკის ანგარიშიდან გადარიცხული/ბარათით გადახდილი თანხები საწარმოებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებზე. განმარტავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში იდენტიფიცირდება ბარათით გადახდილი თანხები სასაქონლო ზედნადებთან, ასევე, ყველა გადახდა უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას და მომსახურების გამწევი ფიზიკური პირები რეგისტრირებულნი არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად.
5. გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები: საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 მაისის №11049 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „--------ის“ (ს/ნ ------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25274 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ქალაქ -----ის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2018 წლის -- დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „----------ის“ მიერ 2018 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებული თანხის 2019 წლის იანვრის თვეში დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 მაისის №11049 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 12 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 6 187 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 125 ლარი და ჯარიმა 2 062 ლარი.აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 14 სექტემბრის №038-18 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე შემცირდა 2019 წლის იანვრის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 22 919 ლარით. შესაბამისად, შემცირდა დარიცხული გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა დარიცხული თანხები. კერძოდ, შემცირდა 2019 წლის იანვრის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 22 919 ლარით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირებას, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრას, მოგების გადასახადის დარიცხვას. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოება
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 მაისის №11049 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახის გადამხდელის საჩივარი. №11049 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304( 21);