გადაწყვეტილება №18670/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.09.2023
№ დოკუმენტი 18670/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 18670/2/2023

18 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 17.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18670/2/2023).

 

დავის საგანი:

1. სალაროს ნაღდი ფულის (არაგონივრული) ნაშთის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად განხილვა;

2. სალაროს ნაღდი ფულის (არაგონივრული) ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2022 წლის №081-197 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33834 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 294 124 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 123 189

დღგ - 563

მოგების გადასახადი - 87 035

საშემოსავლო გადასახადი - 35 591

ჯარიმა - 96 799

საურავი - 74 136

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 19 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2022 წლის №27229 ბრძანება და №081-197 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33834 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სალაროს ნაღდი ფულის (არაგონივრული) ნაშთის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად განხილვა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის შესწავლის და სალაროს ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2019-2021 წლებში სალაროში ნაღდი ფულის სახით რეგულარულად ფიქსირდება ფულადი სახსრების მზარდი ნაშთი. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის №22708 ბრძანების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ, თვის ჭრილში განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთიდან გონივრული და არაგონივრული ნაშთების გაანგარიშება საკასო შემოსავლისა და საკასო ხარჯის 10%-ის გათვალისწინებით. იმ საანგარიშო პერიოდებში, სადაც ხდებოდა სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთების ზრდა, აღნიშნული ნაზარდი თანხები მინიმალური ნაშთის ფარგლებში, დაკვალიფიცირდა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლი გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვა არასწორად მიაჩნია, შემოწმების აქტის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში მცირე გამონაკლისის (დღგ-ში დარიცხული გადასახადის სულ 563 ლარის) გარდა, დასაბეგრი ოპერაცია გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულია სრულად. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ არაერთი დაკვეთა იქნა შესრულებული და მიმდინარე დაკვეთებიც იყო. არცერთი დაკვეთის შესრულების ხარვეზებზე და/ან სასამართლო დავებზე მასალები საქმეში არ მოიპოვება. შემმოწმებელს არ გაურკვევია იმ ხარჯების გაწევით, რისი დოკუმენტებიც იყო საქმეში, იქნებოდა თუ არა შესაძლებელი შესამოწმებელ პერიოდში არსებული დაკვეთების შესრულება. არ ხდება ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშება (საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი), რაც არასწორია.

მოცემულ შემთხვევაში, შემმოწმებელს სწორედ მესამე პირებისგან (საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლი), მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიებიდან უნდა გამოეთხოვა ინფორმაციები და მისი გათვალისწინებით უნდა მოეხდინა საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია. შემმოწმებელი მხოლოდ საქმეში არსებული მასალებით მსჯელობს და არ ხდება გადასახადის გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები არ შეიძლება მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად იქნეს განხილული.

შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებით გაწეული იქნა სხვადასხვა (მათ შორის სატრანსპორტო მომსახურების, საოფისე ფართით სარგებლობის, სამშენებლო მომსახურების, სხვადასხვა სახის საქონლის/მომსახურების თანხების ავანსად გადახდის და სხვა) ხარჯები, რომელი თანხებითაც უნდა შემცირდეს სალაროს ნაშთი და შესაბამისად, მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი.

იმ პირობებში, როდესაც არ არის სადავო საქონლის/მომსახურების მიწოდების ოპერაციები, ადგილი არ აქვს დამალული შემოსავლების არსებობას, შესაბამისი საფუძვლის არ არსებობის გამო არ ხდება არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების გაანგარიშება, ხარჯის დოკუმენტების არასრულად არსებობა არ უნდა გახდეს დამატებით გადასახადებით დაბეგვრის ობიექტად განხილვის მიზეზი, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია.

სალაროს ნაშთის გაანგარიშების დროს შემმოწმებელს თითოეული დაკვეთა და მისი შესრულების პროცედურები ცალ-ცალკე უნდა შეესწავლა, ხარჯთაღრიცხვა და ელექტრონულად არსებული თითოეული ტენდერის მასალები უნდა გამოეთხოვა დამკვეთისგან, უნდა გაანალიზებულიყო ტენდერის შესრულებისთვის საჭირო საქონლის დასახელება, რაოდენობა, სახეობა, ღირებულება და იგი უნდა შედარებულიყო გადასახადის გადამხდელთან არსებულ მონაცემებთან იმის დასადგენად, ურყოფით სხვაობას ქონდა თუ არა ადგილი, ანუ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი ხომ არ არსებობდა და დადებით შემთხვევაში ამ თანხებით უნდა შემცირებულიყო სალაროს ნაშთი. მოცემულ შემთხვევაში ასეთს ადგილი არ ქონია, არ გამოთხოვილა ინფორმაცია დამკვეთისგან (საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლი). დაკვეთები შესრულებული და ჩაბარებული იქნა დამკვეთებზე და ისე არ ყოფილა, რომ ტენდერის მასალებით და/ან ფაქტიური შესრულებით, გადასახადის გადამხდელს დარჩა იმ ოდენობით თანხები მოგების სახით, რასაც შემოწმება ედავება და თვლის, რომ გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, ფორმალურად იყო ფიქსირებული სალაროს ნაშთი, რაც არასწორია. არ დადგენილა გასაჩივრებული აქტებით, რომ სალაროს ნაშთის გამოკლებით შეიძლებოდა თუ არა იმ სამუშაოების/დაკვეთების შესრულება, რაც შესამოწმებელ პერიოდში არის გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებული.

ამ ნაწილში, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს უნდა დავალებოდა შესამოწმებელ პერიოდში ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშება, მესამე პირებისგან (საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლი), მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიებისგან ინფორმაციების გამოთხოვა და მისი გათვალისწინებით, სალაროს ნაშთის და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება, რაზეც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი.

მომჩივანი თვლის, რომ ამ ნაწილში სადავო აქტები უნდა გაუქმდეს არამართებულობის, კანონშეუსაბამობის გამო. მიაჩნია, რომ სადავო დარიცხვები არასწორია და საგადასახადო ვალდებულებების დადგენა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს და არ ისე, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს 2019-2021 წლებში სალაროში ნაღდი ფულის სახით რეგულარულად უფიქსირდება ფულადი სახსრების მზარდი ნაშთი. თვის ჭრილში განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთიდან გონივრული და არაგონივრული ნაშთების გაანგარიშება საკასო შემოსავლისა და საკასო ხარჯის 10%-ის გათვალისწინებით და იმ საანგარიშო პერიოდებში, სადაც ხდებოდა სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთების ზრდა, აღნიშნული ნაზარდი თანხები მინიმალური ნაშთის ფარგლებში, ფინანსური მოგების გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად, განისაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება.

მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხის ნაწილში შემოწმებით განხორციელებულ დარიცხვას, მაგრამ არ მიუთითებს გარემოებებზე, თუ რა ნაწილში მიიჩნევს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არამართლზომიერად. ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით ირკვევა გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურში დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოდგენს მტკიცებულებებს, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და შესაძლებელია დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სალაროს ნაღდი ფულის (არაგონივრული) ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის შესწავლის და სალაროს ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2019-2021 წლებში სალაროში ნაღდი ფულის სახით რეგულარულად ფიქსირდება ფულადი სახსრების მზარდი ნაშთი. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის №22708 ბრძანების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ, თვის ჭრილში განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთიდან გონივრული და არაგონივრული ნაშთების გაანგარიშება საკასო შემოსავლისა და საკასო ხარჯის 10%-ის გათვალისწინებით. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, იმ საანგარიშო პერიოდებში, სადაც ხდებოდა სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთების ზრდა, აღნიშნული ნაზარდი თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34-ე ბრძანების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს სარგებელზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. ამასთან, ცალკეულ საანგარიშო პერიოდებში სალაროში არაგონივრული ნაშთის შემცირება განხილულ იქნა სესხის დაბრუნებად და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით, განხორციელდა შესაბამის თვეებში მოგების გადასახადის ჩათვლა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნავს, რომ არგუმენტები დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში. მომჩივანს მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც სადავო აქტები უნდა გაუქმდეს არამართებულობის, კანონშეუსაბამობის გამო.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს 2019-2021 წლებში სალაროში ნაღდი ფულის სახით რეგულარულად უფიქსირდება ფულადი სახსრების მზარდი ნაშთი. შემოწმების მიერ, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის №22708 ბრძანების გათვალისწინებით, თვის ჭრილში განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთიდან გონივრული და არაგონივრული ნაშთების გაანგარიშება საკასო შემოსავლისა და საკასო ხარჯის 10%-ის გათვალისწინებით და იმ საანგარიშო პერიოდებში, სადაც ხდებოდა სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთების ზრდა, აღნიშნული ნაზარდი თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები მოგების და საშემოსავლო გადასახდის სახით.

საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებაზე, რომლის მიხედვით განხორციელდა ცვლილება 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში. კერძოდ, მე-10 მუხლის თანახმად, ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნულ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ხსენებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 96 799 ლარი და განესაზღვრა საურავი 74 135.73 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

არ არის დაფიქსირებული, რადგან მომჩივანს ცალკე სადავოდ არ გაუხდია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

განსახილველ შემთხვევაში სანქციები დაკისრებული იქნა სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის გამო, მისი დაზუსტების გარეშე, რაც ქმნის გარკვეულ გაუგებრობებს. გასათვალისწინებელია, რომ შესამოწმებელ პერიოდში არცერთხელ არ არის დაჯარიმებული სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის შეძენა/შენახვა/ტრანსპორტირებაზე, არ ფიქსირდება საქონლის დანაკლისის/აღურიცხაობის შემთხვევები, საქონლის/მომსახურების მიწოდებები დეკლარირებულია სრულად და არსებითი სახის დარღვევები ამ ნაწილში არ არის. შესაბამისად, თვლის, რომ არ არსებობს დამალული შემოსავლების არსებობის ვარაუდის საფუძველი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტენდერები/დაკვეთები შესრულებულია სრულად, დადგენილ ვადაში/წესით და ჩაბარებულია დამკვეთზე, შედგენილია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები და ამ ნაწილში (შესრულებული დაკვეთის მიმართ) დამკვეთს პრეტენზიები არ გააჩნია. ხსენებული ტენდერები/დაკვეთები შესრულებულია მთლიანობაში უნაკლოდ და რაიმე არსებითი სახის დარღვევებს ადგილი არ აქვს. გადასახადის გადამხდელის მხრიდან შემოსავლების დამალვას/გადასახადებისგან თავის არიდების მცდელობას ადგილი არ აქვს და ამ ნაწილში დაშვებული ხარვეზი (საკითხის დროულად დოკუმენტურად გაუმართაობა) გადასახადებისგან თავის არიდებად არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც ეს გასაჩივრებულ აქტებში არის მითითებული.

მიაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან (ჯარიმასაურავისგან).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით.

მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით და უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო მომჩივანი ვერ უთითებს გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციების მიმართ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33834 ბრძანება;

3. მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.სალაროს ნაღდი ფულის (არაგონივრული) ნაშთის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად განხილვა;

2. სალაროს ნაღდი ფულის (არაგონივრული) ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2019-2021 წლებში სალაროში ნაღდი ფულის სახით რეგულარულად ფიქსირდება ფულადი სახსრების მზარდი ნაშთი. აღნიშნული ნაზარდი თანხები მინიმალური ნაშთის ფარგლებში, დაკვალიფიცირდა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით.

ასევე, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, იმ საანგარიშო პერიოდებში, სადაც ხდებოდა სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთების ზრდა, აღნიშნული ნაზარდი თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.ცალკეულ საანგარიშო პერიოდებში სალაროში არაგონივრული ნაშთის შემცირება განხილულ იქნა სესხის დაბრუნებად და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით, განხორციელდა შესაბამის თვეებში მოგების გადასახადის ჩათვლა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;97(1ა);8(12);130(1);154(1ზ);73(9);982(3ზ);101(1);154(1ა);