ბრძანება N 26996

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.12.2024
№ დოკუმენტი 26996
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26996

23 დეკემბერი 2024

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

(ფაქტ. მის.:"-------")

2024 წლის 13 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №132) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ „--------“) 2024 წლის 13 დეკემბრის №93325/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 ნოემბრის №006-468 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ სხვა მსგავსი ობიექტის საშუალო შესყიდვის ფასის გამოყენებას. აღნიშნავს, რომ შესყიდვის აქტები კანონმდებლობის შესაბამისად იყო შედგენილი. განმარტავს, რომ გადაანგარიშების პროცესში აუდიტის დეპარტამენტს შესთავაზა დაკავშირებოდა მათ მიერ შერჩეულ შესყიდვის აქტებში მითითებულ პირებს, სადაც დაფიქსირებული იყო ფიზიკური პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და დაკავშირების შემთხვევაში დაემოწმებინა ნოტარიული წესით, რაც გამოიწვევდა ნდობის ხარისხის ამაღლებას, თუმცა აუდიტის დეპარტამენტისგან ვერ მიიღო თანხმობა. მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არ განხორციელდა საკითხის სრულყოფილი შესწავლა, რაც მძიმე ტვირთად აწვება გადამხდელს. მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით აიკრძალა საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი. აცხადებს, რომ ბიზნესს შეუწყდა საარსებო წყარო, გადამხდელის მძიმე მდგომარეობა არ გადაანგარიშებით კიდევ უფრო დამძიმდა.

2. გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 სექტემბრის №19686 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“ (ს/ნ "----------") საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. შპს „----------“ (ს/ნ „----------“ ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საგამოძიებო სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვის გზით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 სექტემბრის №19686 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 1 ნოემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 1 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 6 ნოემბრის №006-468 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების ჯგუფმა გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შერჩევით შეისწავლა წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესყიდვის აქტები) და აღმოჩნდა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ საჭიროებს კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე შერჩევით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესყიდვის აქტები), რომელთა შესწავლის შედეგად საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ „----------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ სხვა მსგავსი ობიექტის საშუალო შესყიდვის ფასის გამოყენებას.

2. გადამხდელი, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 სექტემბრის №19686 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 1 ნოემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 1 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 6 ნოემბრის №006-468 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

269(7),304.