გადაწყვეტილება №22242/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22242/2/2024
03 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 14.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22242/2/2024).
დავის საგანი:
1. შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებული შემოსავლის და ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №006-729 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.01.2024 წლის №1316 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 41 407.71 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი - 27 224
ჯარიმა - 13 612
საურავი - 571.71
პროცედურული გარემოებები
2023 წლის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2023 წლის №30001 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 25.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე, 27.12.2023 წელს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №33369 ბრძანება და №006-729 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 15.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.01.2024 წლის №1316 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებული შემოსავლის და ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანს 2022 წლის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. მიღებული შემოსავლის შედეგად დაუდგინდა 2023 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ფლობდა უძრავ/მოძრავ ქონებებს. წარდგენილი არ აქვს 2023 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია. შემოწმების მიერ უძრავი ქონება და ავტომანქანის ღირებულება განსაზღვრული იქნა საბაზრო ფასის მიხედვით.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, მე-8 ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-12 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებზე და მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების შედეგად ფიზიკურ პირთან მიმართებით გამოყენებულია 0,8%-იანი განაკვეთი. მისი მხრიდან შემოწმებისათვის წარდგენილია განმარტება, რომლის მიხედვითაც: საწარმოო ფართი (იარაჯულის ჩიხი №24) იჯარით გაცემულია შპს „----------“ და ყოველთვიური საიჯარო თანხა 2019- 2020 წლებში შეადგენს 4 800 ლარს (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). 2021 წლის პირველი იანვრიდან საიჯარო თანხა შეადგენს 5 500 ლარს (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). 2020-2021 წლებში პანდემიის პერიოდში კომპანიას დაუგროვდა დავალიანება, კერძოდ 2021 წელი 28 500 ლარი.
მხარეებს შორის შეთანხმებით ძველი დავალიანების ეტაპობრივი დაფარვა ხდება 2022 წლის აგვისტოდან, საბანკო ჩარიცხვების გზით მიმდინარე საიჯარო გადასახდელებთან ერთად, თვეში დამატებით 1 500 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით და მხარეებს შორის შეთანხმებით.
აღნიშნული მიდგომით (დარიცხვის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში) ფიზიკურ პირის დასაბეგრი შემოსავალი 2022 წლის საანგარიშო პერიოდში არ აჭარბებს 100 000 ლარს. რის გამოც მიზანშეწონილად მიაჩნია ქონების გადასახადის 0,2%-იანი განაკვეთის გამოყენება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:
გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
მომჩივანი განმარტავს, რომ ფართის იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი 2022 წლის საანგარიშო პერიოდში (დარიცხვის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში) არ აჭარბებს 100 000 ლარს, ვინაიდან მხარეებს შორის შეთანხმებით 2022 წლის აგვისტოდან ხდება ძველი დავალიანების ეტაპობრივი დაფარვა, თვეში დამატებით 1 500 ლარის ოდენობით, რის გამოც მიზანშეწონილად მიაჩნია ქონების გადასახადის 0,2%-იანი განაკვეთის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტზე აუდიტის დეპარტამენტის 19.02.2024 წლის №---------- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ფიზიკური პირის შემოსავლები დათვლილია შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, რის შედეგადაც გადამხდელი გადასცდა 100 000-იან ზღვარს და განაკვეთად განისაზღვრა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი 0.8%.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 13 612 ლარის ოდენობით, ასევე აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №006-729 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 572 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აღსანიშნია, რომ ვინაიდან ფიზიკურ პირის შემოსავლები ახლოს იყო 100 000 ლარიან ზღვართან, იგი ნებაყოფლობით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. ამასთან მიუხედავად იმისა, რომ შემოწმება ეხებოდა მხოლოდ 2022 წლის საანგარიშო პერიოდს, გადამხდელმა შემმოწმებლის რეკომენდაციის საფუძველზე, დაადეკლარირა და დაირიცხა 2019-2020-2021 წლების ქონების გადასახადი, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გადასახადებისაგან განზრახ თავის არიდებას ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელმა შემოწმებას კეთილსინდისიერად წარუდგინა ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია და ამასთან მიაწოდა გაანგარიშება არსებული ხარვეზების შესახებ.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის, მე-7 ნაწილის და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს მის მიმართ გამოყენებულ იქნას 0,2%-იანი განაკვეთი და გადამხდელი გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი ვერ უთითებს რაიმე ფაქტობრივ ან სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებული შემოსავლის და ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. დეპარტამენტის 19.02.2024 წლის წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ფიზიკური პირის შემოსავლები დათვლილია შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, რის შედეგადაც გადამხდელი გადასცდა 100 000-იან ზღვარს და განაკვეთად განისაზღვრა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი 0.8%.
2. განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1); 202(5,8).