გადაწყვეტილება №21290/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21290/2/2023
30 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------" -ის 10.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21990/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ისგან გათავისუფლებული და დასაბეგრი საქონლის რეალიზაციის გამიჯვნის შედეგად განსაზღვრული დღგ-ის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.08.2023 წლის №002-197 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26122 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 302 137 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 149 359
დღგ - 86 270
მოგების გადასახადი - 63 089
ჯარიმა - 88 074
საურავი - 64 704
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.07.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული საქონლის რეალიზაციას. ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით აქვს შეძენილი ნიგოზი, ლობიო, ნუში, თხილი და ა.შ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის
გადამხდელის მიერ მიწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადებები, რომელთა დაბეგვრის გრაფაში მითითებული აქვს „ნულოვანი“, შესაბამისად დღგ-ით არ ბეგრავს იმ საქონელს, რომელიც შეძენილი აქვს იურიდიული პირებისაგან და აგრეთვე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმებით განხორციელდა დღგ-ისგან გათავისუფლებული და დასაბეგრი საქონლის რეალიზაციების გამიჯვნა. შესაბამისად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები. საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.08.2023 წლის №20415 ბრძანება და №002-197 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26122 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით, 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი ნაწილით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით დადგინდა, რომ გაანგარიშების ცხრილები შემოწმების მიმდინარეობის პროცესში გაგზავნილ იქნა გადასახადის გადამხდელისათვის, რომელიც დაეთანხმა დარიცხვას და შემოწმებისთვის არავითარი არგუმენტები არ წარმოუდგენია.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივნის მხრიდან არც საგადასახადო დავის ეტაპზე არ იქნა წარდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, კომპანიის მიერ გაანგარიშებული მონაცემები განსხვავდება შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი და გათავისუფლებულ ბრუნვებთან დაკავშირებით. შემოწმების მასალებით 2020 წლის იანვრის თვეში ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა შეადგენს 5 439 ლარს, ხოლო დასაბეგრი 35 606 ლარს, მაშინ როდესაც აღრიცხვის მონაცემებით ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა შეადგენს 14 910 ლარს (ნაცვლად დეკლარირებული 18 247 ლარის), ხოლო დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 28 087 ლარს. შედეგად შემოწმებით გაზრდილია დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხა 1 353 ლარით.
შემოწმების მასალებით 2020 წლის თებერვლის თვეში ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა შეადგენს 8 357 ლარს, ხოლო დასაბეგრი 57 468 ლარს, მაშინ როდესაც აღრიცხვის მონაცემებით ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა შეადგენს 20 737 ლარს (ნაცვლად დეკლარირებული 28 446 ლარის), ხოლო დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 49 224 ლარს. შედეგად შემოწმებით გაზრდილია დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხა 1 484 ლარით.
იგივე მდგომარეობაა რამდენიმე თვეში, როგორც 2020, ასევე 2021-2022 წლებში. შესაბამისად, საბოლოოდ თანხობრივი შედეგი განსხვავებულია მისი მონაცემებისაგან, ამიტომ საჭიროდ მიაჩნია ეს მონაცემები გადაიხედოს შემმოწმებლებთან ერთად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).
შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმო შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა, როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული საქონლის რეალიზაციას. გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადებები, რომელთა დაბეგვრის გრაფაში მითითებული აქვს „ნულოვანი“, შესაბამისად დღგ-ით არ ბეგრავს იმ საქონელს, რომელიც შეძენილი აქვს იურიდიული პირებისაგან და აგრეთვე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. შემოწმებით განხორციელდა დღგ-ისგან გათავისუფლებული და დასაბეგრი საქონლის რეალიზაციების გამიჯვნა და აღნიშნულის შესაბამისად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ითხოვს სადავო საკითხის (დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვების) შემმოწმებლებთან ერთად გავლას, შესწავლას, თუმცა არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვების გაანგარიშება განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივნის განმარტებით, კომპანიის მიერ გაანგარიშებული მონაცემები განსხვავდება შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი და გათავისუფლებულ ბრუნვებთან დაკავშირებით.საბოლოოდ თანხობრივი შედეგი განსხვავებულია მისი მონაცემებისაგან, შესაბამისად,საჭიროდ მიაჩნია ეს მონაცემები გადაიხედოს შემმოწმებლებთან ერთად.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული საქონლის რეალიზაციას.გადამხდელს გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადებები, რომელთა დაბეგვრის გრაფაში მითითებული აქვს „ნულოვანი“, შესაბამისად დღგ-ით არ ბეგრავს იმ საქონელს, რომელიც შეძენილი აქვს იურიდიული პირებისაგან და აგრეთვე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. შემოწმებით განხორციელდა დღგ-ისგან გათავისუფლებული და დასაბეგრი საქონლის რეალიზაციების გამიჯვნა. შესაბამისად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები. საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვების გაანგარიშება განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი 160,161,164,172.