გადაწყვეტილება №103257/1/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№103257/1/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 5.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №103257/1/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.10.2025 წლის №25482/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2026 წლის №002-63 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 347 392,78 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 182 263
ჯარიმა - 91 131 საურავი - 73 998,78
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით, როგორც მედიკამენტებით, ასევე, საკვები დანამატებით და სხვა ფარმაცევტული ნაწარმით. აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდი.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელი ვაჭრობს მედიკამენტებით, რომელიც გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან, ასევე, საკვები დანამატებით და სხვა ფარმაცევტული ნაწარმით, რომელიც წარმოადგენს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ საქონელს. საქონლის შეძენა და რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტით. 2022 და 2023 წლებში, უზბეკურ კომპანია -----ზე გადარიცხულია თანხები (68 469 ლარი), საფუძვლით: მედიკამენტების რეგისტრაციის საფასური. აღნიშნული თანხა არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის შემოსავალი შეადგენს 6 951 056 ლარს, ხოლო გაცემული ხელფასი ან სხვა განაცემი 3 784 ლარს. ექსპორტის და რეექსპორტის რეჟიმით რეალიზებულია 4 545 204 ლარის პროდუქცია. 29.02.2024 წლის მდგომარეობით (შესამოწმებელი პერიოდის დასასრული) 4 სხვადასხვა არარეზიდენტი კომპანიის (ტაჯიკური და უზბეკური) არსებული დებიტორული დავალიანება შეადგენს 1 869 857 ლარს, აღნიშნული მოიცავს 1.01.2021 წლის მდგომარეობით არსებულ დავალიანებასაც. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ვალის მოთხოვნის ან დავის სამართლებრივი დოკუმენტი. აღსანიშნავია, რომ დებიტორი კომპანიების მიერ უკანასკნელი გადახდები განხორციელებულია 2021 წელს, ასევე, არის შემთხვევები, როცა არსებული, საკმაოდ მაღალი დებიტორული დავალიანების მიუხედავად, პროდუქცია მიწოდებულია რამდენიმე თვის შემდეგ ან მომდევნო წელს, რომელზეც ასევე არ განხორციელებულა საკომპენსაციო თანხის გადახდა. აღნიშნული თანხები 29.02.2024 წლის მდგომარეობით, ჩაეთვალა მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შემოწმების შედეგად მომჩივანს დაერიცხა საშმოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2024 წლის №002-143 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21407 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: - პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს არარეზიდენტებისათვის მედიკამენტების რეგისტრაციის საფასურის დანიშნულებით გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ ოპერაციაზე კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21407 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის დასკვნის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირდა სულ 439 211 ლარით (გადასახადი 292 807 ლარი, ჯარიმა 146 404 ლარი). აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 27.12.2024 წლის №002-237 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის №7091 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 5.06.2025 წლის №25151/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13452 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 16.10.2025 წლის №25482/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების (დებიტორული დავალიანების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები) შეისწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 16.10.2025 წლის №25482/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. დასკვნის საფუძველზე გამიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2026 წლის №002-63 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიამ შპს „---ის“ წარმომადგენელს, ---ს ეს თანხა გადასცა ტაჯიკეთში და აბა, ქართულ ენაზე როგორ გამოწერდა გასავლის ორდერს? ბუღალტრული აღრიცხვის მთლიანი ასლი რისთვის არის საჭირო?! განახლებულ ინფორმაციას არარეზიდენტების სადავო დავალიანებებთან დაკავშირებით წარდგენილია მოთხოვნის შესაბამისად, თან ორჯერ. კომპანიას ბუღალტრულ მომსახურებას უწევს ერთ-ერთი გამოცდილი აუდიტორუი კომპანია, მაგრამ მასთან ხელშეკრულება გაფორმდა მხოლოდ 2026 წლის იანვრის თვიდან და ის არ არის პასუხისმგებელი წინა წლებზე. თუმცა, მათთან შეთანხმებით, ეს კომპანია ამჟამად ამუშავებს 2025 წელსაც და ამზადებს წარსადგენად 2025 წლის ფინანსურ ანგარიშგებას რეპორტალ.ჯე-ზე რასაც, ბუნებრივია, დრო სჭირდება. ამ ფინანსური ანგარიშგების წარდგენისთვის, როგორც ცნობილია, აქვს ვადა 1.10.2026 წლამდე და მაგ დროისთვის, განახლებული ბუღალტრული აღრიცხვის ასლი მზად იქნება. ---ს დებიტორი კომპანიისგან დაევალა უზრუნველეყო 30 000 აშშ დოლარის გადახდა და ამის უზრუნველყოფა მან მოახდინა. ხოლო ---- და მისი ოჯახის წევრი (დედა) დიდი ხანია ცხოვრობენ საქართველოში და მათ აქვთ აქ ფულადი სახსრები. 15 000 აშშ დოლარი ---ს ტაჯიკეთში (სადაც ის თავის მეუღლესთან და მამასთან იმყოფებოდა) გადასცეს. რატომ უნდა წამოეღო ნაღდი ფული მაინცდამაინც საზღვარზე კვეთით? შეეძლო მას ეს თანხა ჩაერიცხა თავისავე ანგარიშზე და შემდგომ შემოეტანა სალაროში. რაც შეეხება მე-3 დებიტორს, „---ს“ (უზბეკეთი), რომელთანაც შედარების აქტი ვერ წარმოადგინა მომჩვანმა, შესაძლებელია ეს გარემოება იწვევდეს საგადასახადო ორგანოს ეჭვს, მაგრამ თეორიულადაც რომ დავუშვათ, რომ ეს პრობლემური დავალიანების თანხა - 65775.30 აშშ დოლარი გადახდილი აქვს „---ს“, მას შეეძლო ეს თანხა მიეცა მხოლოდ --- თვის (შპს „--- ის“ დამფუძნებლისთვის). მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, ეს იქნება ---ას დივიდენდი და არა --- ის ხელფასი. მომჩივანი ასევე ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭოს 16.10.2025 წლის №25482/2/2025 გადაწყვეტილებით: მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელი მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2026 წლის დასკვნა, საიდანაც დგინდება, რომ შესწავლილ იქნა წრმოდგენილი მტკიცებულებები:
1. ----ის მინდობილი პირის ----ის მიერ დავალიანების (30 000 აშშ დოლარი) გადახდა შპს ---ის შემოსავლის ორდერით;
2. ----ის მიერ გამოწერილი რუსულენოვანი გადახდის ორდერით, შპს ---ის დირექტორის, ----სთვის გადახდილის 15 000 აშშ დოლარი. წლების განმავლობაში არარეზიდენტი დებიტორების მიერ ხდებოდა ----სთვის თანხების გადახდა, რომელსაც შპს ----ის საბანკო ანგარიშზე შემოჰქონდა, როგორც დამფუძნებლის შენატანი, ხოლო ბუღალტრულად აღირიცხებოდა, როგორც კაპიტალის შევსება. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, წინა გადაანგარიშებით, აღნიშნულზე დარიცხვა მოიხსნა და ჩაითვალა კაპიტალის შემცირებად. სატელეფონო მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არ არის წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის მიერ განახლებული ბუღალტრული აღრიცხვის ასლი, სადაც გამოჩნდება კაპიტალის შემცირება და დებიტორული დავალიანების ნაწილის დაფარვა. მიმდინარე საჩივრის პროცესში წარმოდგენილი ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტების შესაბამისად, ასევე არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის ასლი. ამასთან, ----ის მინდობილი პირის მინდობილობა არ არის დადასტურებული ნოტარიულად, ასევე, არ ჩანს აღნიშნული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა, რათა შპს ---ის სალაროში შემოეტანა თანხა, აღნიშნულ შემოსავლის ორდერზე დაფიქსირებულია მხოლოდ შპს ---ის წარმომადგენლის, ---ის ხელმოწერა. ----ის მიერ ----ის წარმომადგენლის, ---ზე გადახდილი თანხის (15 000 აშშ დოლარი) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოტანისას დეკლალირების და მისი კომპანიის ანგარიშზე შეტანის ფაქტი არ დასტურდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დავის პერიოდში დებიტორების მხრიდან უკვე გადახდილი თანხები აუდიტის დეპარტამენტმა არ მიიღო მხედველობაში. 2025 წელს, მთელი წლის განმავლობაში, კომპანიას, სამწუხაროდ, საერთოდ არ ჰყოლია ბუღალტერი. ახლა კომპანიას ბუღალტრულ მომსახურებას უწევს ერთ-ერთი გამოცდილი აუდიტორული კომპანია, მაგრამ მასთან ხელშეკრულება გაფორმდა მხოლოდ 2026 წლის იანვრის თვიდან და ის არ არის პასუხისმგებელი წინა წლებზე. თუმცა, მათთან შეთანხმებით, ეს კომპანია ამჟამად ამუშავებს 2025 წელსაც და ამზადებს წარსადგენად 2025 წლის ფინანსურ ანგარიშგებას რეპორტალ.ჯე-ზე რასაც, ბუნებრივია, დრო სჭირდება. ამ ფინანსური ანგარიშგების წარდგენისთვის, როგორც ცნობილია, აქვს ვადა 1.10.2026 წლამდე და მაგ დროისთვის, განახლებული ბუღალტრული აღრიცხვის ასლი მზად იქნება. რაც შეეხება დებიტორული დავალიანების ნაწილი დაფარვას, ----ს დებიტორი კომპანიისგან დაევალა უზრუნველეყო 30 000 აშშ დოლარის გადახდა და ამის უზრუნველყოფა მან მოახდინა. ხოლო --- და მისი ოჯახის წევრი (დედა) დიდი ხანია ცხოვრობენ საქართველოში და მათ აქვთ აქ ფულადი სახსრები. 15 000 აშშ დოლარი ----ში (სადაც ის თავის მეუღლესთან და მამასთან იმყოფებოდა) გადასცეს. რატომ უნდა წამოეღო ნაღდი ფული მაინცდამაინც საზღვარზე კვეთით? შეეძლო მას ეს თანხა ჩაერიცხა თავისავე ანგარიშზე და შემდგომ შემოეტანა სალაროში.
ამასთან, მომჩივანმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთ დებიტორთან დაიდება ახალი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მათ მიეწოდებათ ახალი პროდუქცია, ხოლო ის დაიწყებს პარალელურად დებიტორული დავალიანების დაფარვას შესაბამისი გრაფიკით.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დავის წარმოების ეტაპზე მომჩივანი აპელირებდა, რომ არარეზიდენტ კომპანიებთან შედგებოდა გადახდის გრაფიკი და დაიწყებდნენ დავალიანების დაფარვას, თუმცა, ამ დრომდე მსგავსი მტკიცებულება წარდგენილი არ არის. სალაროში შეტანილი თანხის შემთხვევაში, შემოსავლის ორდერზე არ არის დაფიქსირებული ხელმოწერა, არც საზღვრის კვეთა ფიქსირდება. ამასთან, მომჩივნის მიერ არ არის წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა, რომ დადგინდეს სალაროში შეტანილი თანხის მოძრაობა. მეორე შემთხვევაში, საზღვარზე დეკლალირებული თანხა არ ფიქსირდება. დამატებით აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ---ს შემოჰქონდა თანხები კომპანიის ანგარიშზე და გატარებულია როგორც კაპიტალის შევსება. რეალურად კი დებიტორული დავალიანების დაფარვაა. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება (ახალი ხელშეკრულება, დებიტორული დავალიანების დაფარვის გრაფიკი, ბუღალტრული პროგრამის ასლი), საბჭოს მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.10.2025 წლის №25482/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივანი ასევე ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.10.2025 წლის №25482/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.10.2025 წლის №25482/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს №25482/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების (დებიტორული დავალიანების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები) შეისწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს №25482/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. დასკვნის საფუძველზე გამიცა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება (ახალი ხელშეკრულება, დებიტორული დავალიანების დაფარვის გრაფიკი, ბუღალტრული პროგრამის ასლი), საბჭოს მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.10.2025 წლის №25482/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, გ).