გადაწყვეტილება №20979/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.12.2023
№ დოკუმენტი 20979/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20979/2/2023

22 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----------- 4.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20979/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას დასაბეგრი შემოსავლის შემცირება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №040-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 სექტემბრის №22193 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 11 812 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 8 002

ჯარიმა - 3 417

საურავი - 393

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14092 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №17186 ბრძანება და №040-16 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 11 812 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 23 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 13 სექტემბრის №22193 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას დასაბეგრი შემოსავლის შემცირება

ფაქტების აღწერა

მომჩივანს 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის 42-ე უჯრაში დეკლარირებული ჰქონდა „გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას“ 6 834 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არასწორად იმცირებდა გადასახადს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის 42-ე უჯრაში ასახული თანხით. შედეგად, საგადასახადო ორგანოს მიერ გაუქმდა აღნიშნული ჩათვლილი საშემოსავლო გადასახადი. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 153-ე, 43-ე, 69-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლზე და საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტთან, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით (6 000 ლარი) სარგებლობასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის III ნაწილის 37-ე უჯრაში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავალი. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14092 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მეწარმის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლითაც შემოწმდა 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა №42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა №43) შემცირების სისწორე.

ამასთან, მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების დღიდან წარადგენს ყოველთვიურად მცირე ბიზნესის დეკლარაციას და იხდის საშემოსავლო გადასახადს. შესაბამისად, წლის ბოლოს წარადგენს წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას 2022 წელს მცირე ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი შეადგენდა 6 834 ლარს, რომელიც დაბეგრილია და გადახდილია ყოველთვიურად 2022 წლის განმავლობაში.

წლიურ საშემოსავლო გადასახადში შემოსავალს ეკონომიური საქმიანობიდან, რომელიც შეადგენდა 2022 წლის განმავლობაში 94 763 ლარს, დაემატა მცირე ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი 6 834 ლარი და ერთობლივი შემოსავალი არის 101 597 ლარი. მიღებული შემოსავლები ჩართული იქნა ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა. მცირე ბიზნესიდან მიღებული შემოსავალით გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვა. ცხოვრობს და საქმიანობას ეწევა ---------, რომელიც არის მაღალმთიანი ზონა და მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის საფუძველზე, დასაბეგრ ბრუნვას უნდა გამოკლებოდა 6 000 ლარი. შეცდომით იქნა 42-ე გრაფაში მითითებული მთლიანად მცირე ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი, რის გამოც შესაბამისად შემცირდა გადასახდელი თანხა 6 834 ლარით და განისაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

აღნიშნული შემცირება არ წარმოადგენს შეგნებულად გადასახდელი თანხის შემცირებას და მისი ასახვა არ იყო თვითმიზანი გადასახდელი თანხის ხელოვნურად შემცირების.

გასათვალისწინებელია მომჩივნის ეკონომიური და სოციალური პირობები. აქვს საბანკო ვალდებულებები - 98 715 ლარი. აგრეთვე, წლების განმავლობაში ყოველთვიურად იხდის გადასახადებს.

მომჩივანი ითხოვს გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 და მე-10 ნაწილები და წლიური გადასახადის გაანგარიშებისას შეუმცირდეს დასაბეგრი შემოსავალი 6 000 ლარით, ასევე გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით).

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის 42-ე უჯრაში შეიტანება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, ან სხვა შემთხვევაში ამ პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხა, თუ დეკლარაცია ივსება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4, ასევე 132-ე მუხლის მე-3 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, გადასახადის გადაანგარიშების ან დაბრუნების მოთხოვნით. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ დეკლარაციის 42-ე უჯრაში აისახება გადახდის წყაროსთან დაკავებული ის გადასახადები, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მეწარმეს წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში არასწორად ჰქონდა შევსებული 42-ე გრაფა. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის №42 გრაფაში („გადახდის წყაროსთან დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას") ასახული და შემცირებული აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი.

მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის III ნაწილის 37-ე უჯრაში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავალი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14092 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება, რომლითაც შემოწმდა 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა №42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა №43) შემცირების სისწორე.

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

 

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №040-16 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 11 812 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 8 002 ლარი, ჯარიმა - 3 417 ლარი და საურავი - 393 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შეცდომით იქნა 42-ე გრაფაში მითითებული მთლიანად მცირე ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი, რის გამოც შესაბამისად შემცირდა გადასახდელი თანხა 6 834 ლარით. აღნიშნული შემცირება არ წარმოადგენს შეგნებულად გადასახდელი თანხის შემცირებას და მისი ასახვა არ იყო თვითმიზანი გადასახდელი თანხის ხელოვნურად შემცირების.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დაადასტურა, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა შეცდომას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, მომჩივანი, როგორც

კეთილსინდისიერი გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან. ამასთან, საურავისგან გათავისუფლება საბჭომ მიზანშეუწონლად მიიჩნია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას დასაბეგრი შემოსავლის შემცირება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი არასწორად იმცირებდა გადასახადს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის 42-ე უჯრაში ასახული თანხით. შედეგად, საგადასახადო ორგანოს მიერ გაუქმდა აღნიშნული ჩათვლილი საშემოსავლო გადასახადი. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

275(2);272(1);269(7);

 

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია