ბრძანება N 10961

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.08.2024
№ დოკუმენტი 10961
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10961

02 მაისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 24 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №47) განიხილა ფ/პ --------- (პ/ნ -----------) №----------- საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მარტის №081-52 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას და განმარტავს, რომ მის საკუთრებაში არსებული ქონება წარმოადგენს დაუმთავრებელ მშენებლობას, რომელიც მისი ინფორმაციით ექსპლუატაციაში მიღებამდე არ საჭიროებდა ქონების გადასახადით დაბეგვრას. გარდა ამისა, აღნიშნული ქონება არის უმაღლესი საბაზრო ფასით დაბეგრილი, რაც არ ასახავს ამჟამინდელ რეალობას და აღნიშნული ფასი შესამცირებელია მინიმუმ ორჯერ. ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით ითხოვს დარიცხული გადასახადის შემცირებას და ჯარიმა/საურავის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 თებერვლის №2812 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ --------- (პ/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021, 2022 და 2023 წლების ფიზიკური პირის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 22 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 29 მარტს გამოსცა №6880 ბრძანება და №081-52 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 61 041 ლარი, მათ შორის, გადასახადი 36 031 ლარი, ჯარიმა 18 016 ლარი და საურავი 6 994 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ ფ/პ-------- (პ/ნ -----------) არ აქვს წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციები. მის მიერ 2020, 2021 და 2022 წლებში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს, რაც ფიზიკური პირისათვის წარმოშობს ქონების გადასახადის დეკლარირების საფუძველს.

შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული მონაცემები, რის შედეგადაც ირკვევა, რომ ფ/პ ---------- და მისი მეუღლე (-----------) შესამოწმებელ პერიოდში ფლობენ უძრავ-მოძრავ ქონებას.

შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული უძრავი და მოძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა, კერძოდ 2020 წელს უძრავი ქონების ღირებულებამ შეადგინა 1 541 235 ლარი, ხოლო მეუღლის მსუბუქი ავტომობილის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 8 110 ლარი; 2021 წელს უძრავი ქონების ღირებულებამ შეადგინა 1 570 430 ლარი, ხოლო მეუღლის მსუბუქი ავტომობილის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 7 667 ლარი; 2022 წელს უძრავი ქონების ღირებულებამ შეადგინა 1 369 868 ლარი, ხოლო მეუღლის მსუბუქი ავტომობილის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 6 687 ლარი. აღნიშნულ ქონებებზე განხორციელდა ქონების გადასახადის დარიცხვა 2021, 2022 და 2023 წლებში, ქონებების საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად და შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში არსებული განაკვეთის შესაბამისად. შედეგად, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელის ფიზიკური პირი:

გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;

გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;

გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2020, 2021 და 2022 წლებში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს, რაც ფიზიკური პირისათვის წარმოშობს ქონების გადასახადის დეკლარირების საფუძველს, თუმცა ფ/პ --------- (პ/ნ --------) არ აქვს წარდგენილი ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები, შესაბამისად, არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, დაუმთავრებელი მშენებლობის ქონების გადასახადით დაბეგვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების გადასახადი დარიცხულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

შემოწმებით განსაზღვრულ სანქციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ---------- (პ/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას. ითხოვს დარიცხული გადასახადის შემცირებას და ჯარიმა/საურავის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ არ აქვს წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციები. მის მიერ 2020, 2021 და 2022 წლებში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს, რაც ფიზიკური პირისათვის წარმოშობს ქონების გადასახადის დეკლარირების საფუძველს. შედეგად, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(გ);202(5,12);270(1);275(2);272(1);