ბრძანება N 44579-1
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 44579
19/12/2019
შპს --------------------
(მის: -----------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- 2019 წლის 01 ოქტომბრის N200265/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 17 სექტემბრის N070-18 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 01 ნოემბერს და 13 დეკემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმი N78, N90).
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ „საგადასახადო მოთხოვნას“ და ითხოვს აღნიშნულის ბათილად ცნობას.
საჩივარში წარმოდგენილი სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება 2017 წლის აგვისტოს თვეში ჩამოწერილი 4 400 ლიტრი ღვინის ჩათვლას საქონლის უსასყიდლო მიწოდებად და აღნიშნულის დაბეგვრას დღგ-ით და მოგების გადასახადით სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით. გადამხდელი განმარტავს, რომ ქარხანაში მოხდა გაუთვალსწინებელი შემთხვევა, კერძოდ არსებობს ანგარიშვალდებული პირი, რომლის დაუდევრობით მოხდა ღვინის დაქცევა და პირის მიერ აღებულია ზარალის ანაზღაურების ვალდებულება.
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 26 ოქტომბრის N31236 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- საქმიანობის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 9 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 17 სექტემბრის N31832 ბრძანება და ამავე თარიღის N070-18 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 176 911.64 ლარი, მათ შორის: გადასახადი 103 029 ლარი, ჯარიმა 73 471 ლარი, ხოლო საურავი 411.64 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტით მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
სადავო საკითხთან დაკავშირებით ირკვევა, რომ საწარმოს 2017 წლის აგვისტოში ჩამოწერილი აქვს 4 400 ლიტრი ღვინო საფერავი, რომლის ჩამოწერის საფუძვლის (რეალიზაცია, გაფუჭება და სხვა.) დადასტურება ვერ მოხერხდა.
შესწავლილი იქნა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, წარმოდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, აღნიშნული ოპერაცია ჩაითვალა საქონლის უსასყიდლო მიწოდებად ჩამოწერის საანგარიშო პერიოდში და სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.
აგრეთვე, აღნიშნული ოპერაცია ჩამოწერის საანგარიშო პერიოდში სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთნ დაკავშრებით განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
სსკ-ის 145-ე მუხლის თანახმად:
6. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
61.გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული პირობების გაუთვალისწინებლად ჩამოწეროს დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი, ავარია ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით განადგურდა/დაიკარგა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები) ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
8. ამ მუხლის მე-6 და 61 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
სსკ-ის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
სსკ-ს 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
სსკ-ს 161-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
სსკ-ის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სზაკ-ის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1.ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2.ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანო გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ხელმძღვანელობს მის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით.
თავის მხრივ, სსკ-ის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები) ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელის მიერ 2017 წლის აგვისტოს თვეში ჩამოწერილია 4 400 ლიტრი ღვინო, ხოლო ჩამოწერის შესაბამისი დოკუმენტი გადამხდელს არც შემოწმების პროცესის დროს და არც დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და გადამხდელს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს სზაკ-ის 601 მუხლით დადგენილი საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი და ფორმალური საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ჩამოწერილი ღვინის ჩათვლას საქონლის უსასყიდლო მიწოდებად და აღნიშნულის დაბეგვრას დღგ-ით და მოგების გადასახადით სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით. გადამხდელი განმარტავს, რომ ქარხანაში ანგარიშვალდებული პირის დაუდევრობით მოხდა ღვინის დაქცევა და პირის მიერ აღებულია ზარალის ანაზღაურების ვალდებულება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტით მიხედვით ირკვევა, რომ საწარმოს 2017 წლის აგვისტოში ჩამოწერილი აქვს 4400 ლიტრი ღვინო საფერავი, რომლის ჩამოწერის საფუძვლის (რეალიზაცია, გაფუჭება და სხვა.) დადასტურება ვერ მოხერხდა.
შესწავლილი იქნა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, წარმოდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, შედეგად აღნიშნული ოპერაცია ჩაითვალა საქონლის უსასყიდლო მიწოდებად ჩამოწერის საანგარიშო პერიოდში და დაექვემდებარა სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების და სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ს გადასახადით დაბეგვრას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და გადამხდელს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი და ფორმალური საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(11); 97(1,,გ“); 983(2); 145;
01.01.2021 წლამდე მოქდი: 161(1,,ა“ )