გადაწყვეტილება №19051/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.03.2023
№ დოკუმენტი 19051/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19051/2/2023

30.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------- ------------“ (ს/ნ ------------------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 23.03.2023 და 30.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------- ------------“-ის 9.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19051/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.10.2022 წლის №17248/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.02.2023 წლის №2857 ბრძანება;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.02.2023 წლის №227-1 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 9 934 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.12.2021 წლის №37914 ბრძანების საფუძველზე მომჩივანს ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

გადამხდელისაგან მიღებულია ხელწერილები, რომ ფაქტობრივი აღრიცხვის დაწყებამდე ყველა შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული სასაქონლომატერიალური ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილია გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია არ არის ასახული საგადასახადო ანგარიშგებაში და არ არის მიწოდებული საგადასახადო ორგანოსათვის.

გადასახადის გადამხდელისაგან დანართი №19-ის II ცხრილის შესაბამისად მიღებულია ინფორმაცია ინვენტარიზაციის დაწყებამდე ბოლო საანგარიშო პერიოდ(ებ)ში (რომლის მიხედვით დეკლარირების ვადა არ არის დამდგარი/გასული) მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ.

საინვენტარიზაციო კომისიამ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ მოახდინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების აღწერა და მოწვეულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები.

ექსპერტიზის დასკვნის №---------- შესაბამისად სოფელ --------ში ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის მოცულობა შეადგენდა 12 871,65 კბ.მ.-ს, ხოლო დასაწყობებული ღორღის მოცულობა 90,48 კბ.მ.-ს,სოფელ -------ში ქვიშა-ხრეშის საერთო მოცულობა შეადგენდა 813,49 კბ.მ.-ს. ექსპერტიზის დასკვნის მონაცემების საფუძველზე და პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების გადამოწმების შედეგად 9.12.2021 წლის მდგომარეობით ფაქტობრივად აღწერილმა სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა, ქვიშა-ხრეშოვანმა ნარევმა შეადგინა 13 685,1 კბ.მ., ხოლო ღორღმა 90 კბ.მ. პირვანდელი ღირებულებით 12 015 ლარის ოდენობით. ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (9.12.2021 წლის მდგომარეობით) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 29 661,7 ლარი. რაც შეეხება რაოდენობრივად ქვიშა ხრეშოვანმა ნარევმა შეადგინა 33 074.05 კბ.მ., ხოლო ღორღმა 249.5 კბ.მ.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა რაოდენობრივად ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის შემთხვევაში შეადგინა 19 388,9 კბ.მ., ღორღის შემთხვევაში 159,5 კბ.მ., თვითღირებულებით 17 645,4 ლარი, ხოლო ექსპერტიზის მიერ დადგენილი საორიენტაციო საბაზრო ღირებულებით 99 337 ლარი.

გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლი მე-9 ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 9 933.7 ლარის ოდენობით. გამოვლენილ ფაქტზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 30.05.2022 წლის №CB1334369 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

აღნიშნული ოქმი 18.06.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.07.2022 წლის №18923 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 13.10.2022 წლის №17248/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18923 ბრძანება, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მონაწილეობით სადავო საკითხის ხელახლა შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №17248/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სადავო საკითხის ხელახლა შესწავლისა და სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო სმფ-ების ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის ოდენობა და სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა დარჩა უცვლელი, რაზეც გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.02.2023 წლის №2857 ბრძანება.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გამოიცა 16.02.2023 წლის №227-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საბჭოს გადაწყვეტილება, „ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე“, მართლაც, რომ აღუსრულებელია. მართალია, გაუგებარია, რატომ არ გაიზიარა მონიტორინგის დეპარტამენტმა დირექტორის განმარტება და რით გააქარწყლა ექსპერტიზის აქტი, მაგრამ ფაქტია, რომ მონიტორინგის დეპარტამენტმა დანაკლისისა და შესაბამისი ჯარიმის გადაანგარიშება არ განახორციელა. მონიტორინგის დეპარტამენტი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე არ იზიარებს ექსპერტიზის აქტში მითითებულ დასკვნას, რომ ქვიშა-ხრეში მოპოვებულია და დასაწყობებულია. სავარაუდოდ, მონიტორინგის დეპარტამენტმა წინასწარ დადგენილი ძალა და უპირატესობა ეროვნული ბიუროს დასკვნას მიანიჭა. მაგრამ ბიუროს დასკვნას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია (წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭოს მიერ არ მოხდებოდა მონიტორინგის დეპარტამენტისათვის საკითხის ხელახალი შესწავლა დავალებული). შესაბამისად, მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა შეესწავლა, რამდენად დასაბუთებული იყო მომჩივნის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის აქტი, რომელშიც მონიტორინგის დეპარტამენტს არსებით დახმარებას გაუწევდა, თუ იგი გაანალიზებდა იმ გარემოებას, რომ მომჩივანმა ფასეულობები (ქვიშა-ხრეში) სწორედ იმ სახით შეიძინა, რა სახითაც არსებობდა. შეძენის ოპერაციების ნამდვილობიდან კი გამომდინარეობდა, რომ ქვიშა-ხრეში იყო მოპოვებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა მომხდარიყო ბუღალტრული ნაშთისა და შესაბამისად, დანაკლისის კორექტირება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა ჩაითვალოს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.10.2022 წლის №17248/2/2022 გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და უნდა გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საბჭომ 13.10.2022 წლის №17248/2/2022 გადაწყვეტილებით მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ მიიჩნია, რომ სადავო საკითხზე სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, შესაბამისად, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18923 ბრძანება, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მონაწილეობით სადავო საკითხის ხელახლა შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.02.2023 წლის №2857 ბრძანებიდან ირკვევა, რომ:

გადასახადის გადამხდელს თავისი კუთვნილი ინერტული მასალები დასაწყობებული ჰქონდა სამ ლოკაციაზე სოფელ ------ში, სოფელ -----ში და სოფელ ---------ში. მომჩივანი არ ეთანხმება სოფელ ო------ისა და სოფელ ------ის ტერიტორიაზე ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ ფაქტობრივად არსებულ ქვიშა-ხრეშის ოდენობას. ინვენტარიზაციის მიმდინარეობისას საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ მოხდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთების აღწერა და მოწვეულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები. ექპერტიზის №------ დასკვნის შესაბამისად, სოფელ --------ში მდინარე ------ის კალაპოტში ინერტული მასალის, ქვიშა ხრეშის საერთო მოცულობამ შეადგინა 813,49 კბ.მ. კომპანიის წარმომადგენლის მიერ, ასევე მითითებულია ტერიტორია, რომლის ერთ ნაწილზეც ადრე მოპოვებულია, ხოლო მეორე ნაწილზე მოსაპოვებელია ქვიშა-ხრეშოვანი ინერტული მასალა. აღნიშნულ ფართზე შესაძლებელია მოპოვებული იქნას 12 146 კბ.მ. ქვიშა-ხრეში. სოფელ ------ში მდინარე -----ის მარცხენა სანაპიროზე მითითებულია ტერიტორია, სადაც შესაძლებელია მოპოვებული იქნას 4 743 კბ.მ. ქვიშა-ხრეში. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემებთან ურთიერთშედარებისას გამოყენებულია მხოლოდ მოპოვებული ქვიშა-ხრეში, რის მოპოვებაც კომპანიის დირექტორმა ახსნაგანმარტებით დაადასტურა სადავო საკითხის ხელახლა შესწავლის დროს. მომჩივნის მიერ ასევე წარდგენილია შპს „-------------ს“ ექსპერტიზის აქტი №----. სადავო საკითხის ხელახლა შესწავლისა და სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო სმფ-ების ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის ოდენობა და სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა დარჩა უცვლელი.

საქმეში წარმოდგენილია სამი ექსპერტიზის დასკვნა: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.12.2021 წლის №------- დასკვნა, შპს „----------ს“ 28.03.2022 წლის №--- და 6.02.2023 წლის №---- ექსპერტიზის აქტები.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.12.2021 წლის №-------- დასკვნის მიხედვით:

I. სოფელი -------ა. ს/კ --------- მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით, მდინარე------ის კალაპოტში, ქვიშა-ხრეშის საერთო მოცულობა შეადგენს 813.49 კბ.მ.-ს. კომპანიის წარმომადგენლის მიერ ასევე წარდგენილია ტერიტორია, სადაც შესაძლებელია მოპოვებულ იქნას 12 146 კბ.მ. ქვიშახრეში. 813.49 კბ.მ. ქვიშ-ხრეშის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენ 4 067,45 ლარს.

II. სოფელი ------ი. ს/კ ---------- მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით, მდინარე -------ის მარცხენა სანაპიროზე შესაძლებელია მოპოვებულ იქნას 4 743 კბ.მ ქვიშა-ხრეში.

შპს „----------ს“ 28.03.2022 წლის №-- ექსპერტიზის აქტის თანახმად:

I. სოფელ -------ში, ქვიშა-ხრეშის კარიერზე (ლიცენზია №------ გაცემული შპს „--------“-ზე 1.08.2012წ.), რომელიც ხელშეკრულებით გადაეცა შპს „------ 2015“-ს, დამკვეთის მიერ წარდგენილ პერიმეტრზე საერთო ფართობით 12 466 კვ.მ. განლაგებული ქვიშა-ხრეშის მოცულობა შეადგენს 14 753,9 კვ.მ.

II. სოფელ ------ში, ქვიშა-ხრეშის კარიერზე (ლიცენზია №------- გაცემული 22.02.2018წ. ლიცენზიის მფლობელი შპს „-------“ (ს/ნ ----------)) დამკვეთის მიერ წარდგენილ ტერიტორიაზე არსებული ქვიშა-ხრეშის ნარევის მოცულობა საკმარისია იმისათვის, რომ კომპანიის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში გატანილ იქნას დარჩენილი 2 650 კბ.მ. ქვიშა-ხრეში ნარევი.

შპს „---------ს“ 6.02.2023 წლის №-- ექსპერტიზის აქტის მიხედვით: სოფელ -------ში, ქვიშა-ხრეშის კარიერზე (ლიცენზია №------- გაცემული შპს „------“-ზე 1.08.2012წ.), რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაეცა შპს „---------“-ს (ს/ნ ---------), კარიერის გამოსაკვლევად წარმოდგენილ პერიმეტრზე, საერთო ფართობით 12 466 კვ.მ. დასაწყობებული ქვშა-ხრეშის მოცულობა შეადგენს 14 753,9 კბ.მ.

მომჩივნის განმარტებით საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად ხელახლა შესწავლისას წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნა - შპს „---------“-ს 6.02.2023 წლის №-- ექსპერტიზის აქტი, აღსანიშნია, რომ ექსპერტი არის სერტიფიცირებული, აქვს სახელმწიფო დაკვეთები. დასკვნაში მითითებულია, რომ შესაბამისი რაოდენობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები განთავსებული ანუ დასაწყობებულია მოცემულ ტერიტორიაზე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო ბრძანებაში უთითებს, რომ თითქოს კომპანიის დირექტორი ადასტურებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მოსაზრებას მოპოვებული ინერტული მასალების ოდენობასთან დაკავშირებით, თუმცა დირექტორმა ხელახალი შესწავლის ეტაპზე წარადგინა ახსნაგანმარტება და შემდგომ დამატებით ექსპერტიზის დასკვნაც, რასთან მიმართებითაც საგადასახადო ორგანოს შეფასება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო ბრძანებაში არ იკვეთება. ასევე, აღსანიშნია, რომ შპს „---------“-ს 28.03.2022 წლის №-- ექსპერტიზის აქტი დროში (იგულისხმება ჩატარების პერიოდი) ახლოსაა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თარიღთან. ამასთან მითითება, რომ ინერტული მასალა მანცდამაინც ბორცვებად უნდა იყოს განთავსებული არასწორია, რადგან შესაძლებელია ზედა ნაწილის (ქვიშა-ხრეშის გორის) აღება და მის ქვეშ დატკეპნილი დარჩეს გარკვეული ოდენობა. ასევე გაუგებარია რატომ არ იქნა გათვალისწინებული ვისგან და რა ოდენობით იყო შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები, რომელზეც არსებობს სასაქონლო ზედნადებები.

საქმეში წარმოდგენილი კომპანიის დირექტორის ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვით:

I. სოფელ -------ში 2017 წელს შეიძინა 82 000 კბ.მ. ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში), რომელიც შიდა გადაზიდვის ზედნადებებით გადაიტანა სოფელ -----------ის ტერიტორიაზე 46 115 კბ.მ., დარჩენილი 35 885 კბ.მ.-დან რომელიც იყო -----ას ტერიტორიაზე რეალიზაცია მოახდინა 16 846 კბ.მ.-ის და დანარჩენი 19 039 კბ.მ. მოიპოვა და დაყარა წინასწარ მომზადებულ ადგილას რომელიც უზრუნველყოფდა ამ ინერტული მასალის, ისე შენახვას რომ გარემოში არ გაფანტულიყო ან ქარს არ წაეღო. აღნიშნული გარემოება ექსპერტიზამ არ შეაფასა სწორად და ჩაითვალა რომ მის მიერ ნახსენები ინერტული მასალა არ იყო მოპოვებული და დასკვნაში მიუთითა, რომ შესაძლებელია „მოპოვებულ იქნას“.

II. სოფელ -------ში 2021 წელს ლიცენზიანტისგან შეიძინა 21 000 კბ.მ. ინერტული მასალა, რომელიც უნდა მოეპოვებინა. აღნიშნული მასალიდან შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებით ------ში გადაიტანა ჯამურად 18 315 კბ.მ. ქვიშა-ხრეში. დარჩენილი 2 685 კბ.მ. ინერტული მასალა იყო სოფელ ------ის ტერიტორიაზე, რომლის ლიცენზია მოქმედი იყო იმ პერიოდისთვის, ჰქონდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი და შეეძლო ლიცენზიის ვადის გასვლამდე მოეპოვებინა 2 685 კბ.მ.ქვიშა-ხრეში. ლიცენზიის ვადის გასვლამდე არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა მოპოვებითი სამუშაო ეწარმოებინა და ამოეთხარა აღნიშნული ინერტული მასალა წინასწარ. აღნიშნულ მისამართზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ კიდევ შესაძლებელია 4 743 კბ.მ. ქვიშა-ხრეშის მოპოვება. ამიტომ მიაჩნია, რომ აღნიშნული 2 685 კბ.მ. ქვიშა-ხრეში, რომელიც დანაკლისად ჩაითვალა, სწორედ ექსპერტიზის მიერ დადგენილ 4 743 კბ.მ.-ში შედის. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ოდენობის კორექტირებას.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით საგადასახადო ორგანომ გაითვალისწინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა რომელიც ეყრდნობოდა კონკრეტულად მოპოვებულ ე.წ. დაგორგლავებულ მოცულობას. რაც შეეხება მომჩივნის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის აქტს გასათვალისწინებელია, რომ ექპერტიზის დაწყების თარიღია 2023 წლის 25 იანვარი და დასრულებულია 6 თებერვალს, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარდა (დაიწყო) 9.12.2021 წლის №37914 ბრძანების საფუძველზე და შედეგებზე საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 30.05.2022 წელს. აღსანიშნია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულია მოპოვებული ქვიშ-ხრეშის (------) მოცულობა და ასევე მითითებულია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლებელია მოპოვებული იქნას ანუ დასაწყობებულ იქნას გარკვეული ოდენობა. მომჩივანი ითხოვს, რომ აღნიშნული მოსაპოვებელი ოდენობა შესაძლებელია ამოღებული ყოფილიყო მდინარიდან და გაშლილ მდგომარეობაში ყოფილიყო განლაგებული ტერიტორიაზე, რაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა მიეჩნია მოპოვებულად და შესაბამისად აესახა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობად, მაგრამ არ ასახა, რადგან ფიზიკური მდგომარეობა არ იძლეოდა ამის საშუალებას და საგადასახადო ორგანო დაეყრდნო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილში, საიდანაც ნათლად იყო მითითებული მოპოვებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოცულობა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.10.2022 წლის №17248/2/2022 გადაწყვეტილება აღსრულებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.