მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 60
2023 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს „მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 15 აპრილიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი
დანართი
მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესსა და პირობებს.
2. ამ წესის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფიზიკური პირები – საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები;
ბ) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირი – ფიზიკური პირი, რომლის დადასტურებული ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან წლიური შემოსავალი განცხადების წარდგენამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს.
მუხლი 2. საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო
მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირებისთვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების შესახებ განცხადებას განიხილავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური), ხოლო საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებას, შემოსავლების სამსახურის წარდგინებით, ახორციელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
მუხლი 3. საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების პირობები
1. ფიზიკურ პირს საქართველოს რეზიდენტობა ენიჭება იმ შემთხვევებში, თუ:
ა) ფიზიკური პირი მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირია, მათ შორის, საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ღირებულების ქონებას და აქვს ბინადრობის ნებართვა/ბინადრობის მოწმობა/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ან
ბ) ფიზიკური პირი მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირია, მათ შორის, საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ღირებულების ქონებას და ადასტურებს, რომ საქართველოში არსებული წყაროდან განცხადების წარდგენამდე ბოლო საგადასახადო წელს მიიღო არანაკლებ 25 000 ლარის შემოსავალი.
2. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირის წლიური შემოსავლის გაანგარიშება ხორციელდება განცხადების წარდგენამდე ბოლო 3 საგადასახადო წლის მიხედვით.
მუხლი 4. განცხადების წარდგენის წესი
1. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს რეზიდენტობის მოსაპოვებლად ფიზიკური პირი (პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით) განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს.
2.საქართველოს რეზიდენტობის მოსაპოვებლად პირის განცხადება თანდართულ საბუთებთან ერთად შემოსავლების სამსახურს წარედგინება მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით.
3. რეზიდენტობის ცნობის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ განცხადების წარდგენის წელზე.
მუხლი 5. საქართველოს რეზიდენტობის მისანიჭებლად წარმოსადგენი დოკუმენტები
საქართველოს რეზიდენტობის მისაღებად ფიზიკურმა პირმა შემოსავლების სამსახურში განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:
ა) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მისი ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს, მათ შორის, საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ექკვივალენტს ლარში ქონებას და ბინადრობის ნებართვა/ბინადრობის მოწმობა/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ან
ბ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მისი წლიური შემოსავალი განცხადების წარდგენამდე ბოლო 3 საგადასახადო წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს, ასევე საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში ქონებას და ბინადრობის ნებართვა/ბინადრობის მოწმობა/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ან
გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მისი ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს, მათ შორის, საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში ქონებას და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ საქართველოში არსებული წყაროდან განცხადების წარდგენამდე ბოლო საგადასახადო წელს მიიღო არანაკლებ 25 000 ლარის შემოსავალი; ან
დ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მისი წლიური შემოსავალი განცხადების წარდგენამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს, ასევე საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში ქონებას და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ საქართველოში არსებული წყაროდან განცხადების წარდგენამდე ბოლო საგადასახადო წელს მიიღო არანაკლებ 25 000 ლარის შემოსავალი.
მუხლი 6. საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების შესახებ განცხადების განხილვის წესი
1. შემოსავლების სამსახური განიხილავს საქართველოს რეზიდენტობის მაძიებელი ფიზიკური პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს, ადგენს შემოსავლების სამსახურში განცხადების მიღების თარიღისთვის უცხოური ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ლარის ოფიციალური გაცვლითი სავალუტო კურსის გათვალისწინებით, რამდენად აკმაყოფილებს წარმოდგენილი დოკუმენტების მონაცემები ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. შემოსავლების სამსახური განიხილავს საქართველოს რეზიდენტობის მაძიებელი ფიზიკური პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს და:
ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში წარდგინებით მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრს რეზიდენტობის მაძიებლისთვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების თაობაზე;
ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს განმცხადებელს და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 30 დღისა;
გ) ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უარს ეუბნება განმცხადებელს რეზიდენტობის მინიჭების თაობაზე.
3. ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე.
4. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვება ჩაითვლება ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობაზე უარის თქმად, ასეთ შემთხვევაში ფიზიკური პირი უფლებამოსილია, განმეორებით წარმოადგინოს განცხადება საქართველოს რეზიდენტობის მოსაპოვებლად.
5. საქართველოს რეზიდენტობა ფიზიკურ პირს მიენიჭება ყოველი საგადასახადო წლის მიხედვით. ყოველ განმეორებით მოთხოვნაზე ფიზიკური პირი ვალდებულია წარმოადგინოს ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტები.
მუხლი 7. აღრიცხვის და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი
1. შემოსავლების სამსახური ვალდებულია ფიზიკურ პირზე, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ მიენიჭა საქართველოს რეზიდენტობა და არ გააჩნია გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გასცეს რეზიდენტობის ცნობა (დანართი №3), რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. ცნობის გაცემასთან ერთად შემოსავლების სამსახური ანიჭებს პირს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერს და გადასცემს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის გადასახადის გადამხდელის მოწმობას.
2. საქართველოს მოქალაქეს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრად ენიჭება მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი.
3. მოქალაქეობის არმქონე პირს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება 9-ნიშნა გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.
4. ფიზიკური პირის საგადასახადო რეგისტრაციის (აღრიცხვის) მიზნებისათვის, გამოიყენება მის მიერ გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი.
მუხლი 8. საქართველოს რეზიდენტობის ცნობის გაცემის წესი
საქართველოს რეზიდენტობის ცნობა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა ფიზიკურ პირს, ხოლო მეორე რჩება შემოსავლების სამსახურს.
დანართი №1
რეზიდენტობის ცნობის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. რეზიდენტობის ცნობის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემი რეზიდენტობის ცნობის შენახვისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
2. შემოსავლების სამსახური რეზიდენტობის ცნობის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და ამ წესის საფუძველზე.
მუხლი 2. რეზიდენტობის ცნობის დამზადება
1. რეზიდენტობის ცნობა მზადდება შემოსავლების სამსახურის მიერ შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. რეზიდენტობის ცნობას აქვს სამი დამცავი ნიშანი.
3. რეზიდენტობის ცნობის წინა მხარეს ქართულ და ინგლისურ ენებზე აღინიშნება:
ა) საქართველოს სახელმწიფო გერბი;
ბ) რეზიდენტობის მიმნიჭებელი სახელმწიფო ორგანოს დასახელება;
გ) რომელი საგადასახადო წლისთვისაა გაცემული რეზიდენტობის ცნობა;
დ) პირი, ვისზეც გაიცემა რეზიდენტობის ცნობა;
ე) პირის მისამართი;
ვ) გადამხდელის პირადი ნომერი;
ზ) დადასტურება იმის შესახებ, რომ პირი არის საქართველოს რეზიდენტი საგადასახადო მიზნებისათვის;
თ) რეზიდენტობის მინიჭების საფუძველი;
ი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა;
კ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ემბლემა;
ლ) რეზიდენტობის ცნობის გაცემის თარიღი.
4. რეზიდენტობის ცნობის უკანა მხარეს აღინიშნება:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სემგს) რეგისტრაციის ნომერი;
ბ) დამკვეთი, დამამზადებელი და რეზიდენტობის ცნობის ინდივიდუალური ნომერი.
5. რეზიდენტობის ცნობების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.
მუხლი 3. რეზიდენტობის ცნობის შენახვა
1. რეზიდენტობის ცნობის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. რეზიდენტობის ცნობები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.
3. სათავსი, სადაც ინახება რეზიდენტობის ცნობები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. რეზიდენტობის ცნობები ინახება ამ ცნობების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან. აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია რეზიდენტობის ცნობების გაცემა აღრიცხოს „რეზიდენტობის ცნობების აღრიცხვის ჟურნალში” (დანართი №2).
მუხლი 4. გამოსაყენებლად უვარგისი რეზიდენტობის ცნობების ჩამოწერა
1. რეზიდენტობის ცნობები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი რეზიდენტობის ცნობები ჩამოიწერება „გამოსაყენებლად უვარგისი რეზიდენტობის ცნობის ჩამოწერის შესახებ“ აქტის (დანართი №4) შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი რეზიდენტობის ცნობის ექსკლუზიური ნომერი.
3. გამოსაყენებლად უვარგისი რეზიდენტობის ცნობების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №2
რეზიდენტობის ცნობების აღრიცხვის ჟურნალი
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1678085111916 {margin-left: 13pt; background: rgb(234, 234, 234); margin: 0 auto !important; }№
რეგისტრაციის თარიღი და
ნომერი
მკაცრი აღრიცხვის ფორმის
ექსკლუზიური
ნომერი
მიმღები სუბიექტის
რეკვიზიტები
შენიშვნა
1
2
3
4
5
დანართი №3
სემგ ს-ს რეგისტრაციის №
დამკვეთი:
დამამზადებელი:
ინდივიდუალური №
დანართი №4
აქტი №
გამოსაყენებლად უვარგისი რეზიდენტობის ცნობის ჩამოწერის შესახებ
-----------------------------------------------------------------
(აქტის შედგენის ადგილი)
„----” „--------------” 20 წელი
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1678085129385 {margin-left: 34.25pt; background: rgb(234, 234, 234); margin: 0 auto !important; }№
რაოდენობა
რეზიდენტობის ცნობის ინდივიდუალური ნომერი
შენიშვნა
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი
უვარგისი რეზიდენტობის ცნობის ჩამოწერის სისწორეს:
სტრუქტურული ქვედანაყოფის
უფროსი /-----------------------/
რეზიდენტობის ცნობის
აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი /-----------------------/
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე