გადაწყვეტილება №19005/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.04.2023
№ დოკუმენტი 19005/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19005/2/2023

6.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 4.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19005/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.10.2021 წლის №9885/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2023 წლის №006-60 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 107 835,64 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 5 474

მოგების გადასახადი - 4 500

საშემოსავლო გადასახადი - 974

ჯარიმა - 75 645

საურავი - 26 716,64

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა ყურძნისაგან ღვინის და ღვინის სპირტის წარმოება.

სადავო დარიცხვა განხორციელებულია აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 13.09.2019 წლის აქტით, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.01.2019 წლის №1601 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. აღნიშნული ინვენტარიზაციის ფარგლებში ფაქტობრივი მოცულობებისა და ალკოჰოლში სპირტის შემცველობის დასადგენად მოწვეული იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები. წარმოდგენილი იქნა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელთან აღწერილმა საქონლის ფაქტიურმა მოცულობამ შეადგინა: უწყლო სპირტი - 706 467 ლიტრი, ღვინო საფერავი - 10 000 ლიტრი და ღვინო ქინძმარაული - 49 000 ლიტრი. გადასახადის გადამხდელთან ბუღალტრულად აღრიცხულმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობამ შეადგინა - 755 962 ლიტრი უწყლო სპირტი, ღვინო საფერავი 9 000 ლიტრი და ღვინო ქინძმარაული 49 000 ლიტრი.

ბუღალტრულად აღრიცხულ მონაცემებსა და ექსპერტიზის მიერ აღწერილ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობის მიზეზების განმარტებისათვის, რომელიც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო სპირტის შენახვისა და წარმოების ტექნოლოგიური პროცესის თავისებურებებიდან გამომდინარე, 2.05.2019 წლის №---------- წერილით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მოთხოვილი იქნა ინფორმაცია/განმარტება. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული იქნა შესაბამისი განმარტებები 24.05.2019 წლის №----------, 27.05.2019 წლის №---------- და 3.06.2019 წლის №---------- წერილებით, რომლებშიც განმარტებული იქნა სპირტის აზომვის ცდომილებისა და დანაკარგების ნორმების შესახებ ინფორმაცია. შემოწმების პროცესში, ასევე გამოყენებული იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 24.01.2019 წლის №2-78 ბრძანება (მუხლი 4) და 5.03.2019 წლის №2-206 ბრძანება (მუხლი 5). შემოწმების მიერ, ინვენტარიზაციით აღწერილი ფაქტიური მოცულობის დასადგენად გათვალისწინებული იქნა შემდეგი მონაცემები: უწყლო სპირტის ფაქტიური რაოდენობები განისაზღვრა +20 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე გაანგარიშებით, შესაბამისად გადამყვანი ცხრილების მიხედვით და რეზერვუარში შენახვის დანაკარგის ოდენობა გაანგარიშდა ყოველთვიურად (შენახვის თვეების შესაბამისად) 0,05 %. აღნიშნულის გათვალისწინებით დადგენილმა დანაკლისის ოდენობამ შეადგინა 36 359 ლიტრი სპირტი აბსოლუტური ალკოჰოლის შემცველობით, ხოლო ღვინო საფერავში გამოვლინდა აღურიცხველი საქონელი 1 000 ლიტრი.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ფასებით შეადგინა ღვინის სპირტში - 1 115 480 ლარი დღგ-ის და აქციზის ჩათვლით, ხოლო აღურიცხველმა ღვინო საფერავმა 6 000 ლარი დღგ-ის ჩათვლით. ღირებულება გაანგარიშებული იქნა ელექტრონულ აუქციონზე შემდგარი ლოტების მიხედვით, რომელმაც შეადგინა ღვინის სპირტისთვის 11 ლარი დღგ-ის გარეშე, ხოლო ღვინოსთვის 6 ლარი დღგ-ის ჩათვლით. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა გამოვლენილ დანაკლისზე 10 %-ის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ თითოეული საქონლის მიხედვით გამოვლენილი დანაკლისი და ზედმეტობა აღემატება 2 %-ს. გამოვლენილი დანაკლისი მისი აღმოჩენის მომენტისთვის ითვლება საბაზრო ფასებით მიწოდებად და გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია განახორციელოს დეკლარირება შესაბამისი გადასახადების მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 17.09.2019 წლის №005-355 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.12.2019 წლის №44580 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 21.10.2021 წლის №9885/2/2020 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების (დანაკლისის) გამოყვანასთან დაკავშირებით, მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული და დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 8.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, ინვენტარიზაციის შედეგად აღურიცხავი და დანაკლისი სასაქონლომატერიალური ფასეულობების გამოვლენის საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად დანაკლისის ოდენობა განისაზღვრა 22 229 ლიტრი, შესაბამისად დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული ჯარიმა 43 348 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის 8.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 16.02.2023 წლის №006-60 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საზოგადოება არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს პოზიციას დანაკლისის საბაზრო ფასის დადგენის მეთოდოლოგიაში. საგადასახადო ორგანომ დანაკლისი დაიყვანა სპირტის დანაკლისამდე - სითხეში სპირტის აბსოლუტური შემცველობის გაანგარიშების გზით - უწყლო სპირტი ისე, რომ არ გაითვალისწინა საზოგადოების საკუთრებაში არსებული სპირტის სახეობები. არ გაითვალისწინა, რომ საზოგადოების საკუთრებაში არსებული სპირტის სახეობების ერთმანეთში აღრევა არ შეიძლება, რადგან ეს სრულიად დაამახინჯებს რეალურ სურათს. ამ მეთოდის შედეგად მოხდა იაფფასიანი და ძვირადღირებული სპირტის ერთმანეთთან გაიგივება და მისი საბაზრო ფასის განსაზღვრისას მივიღეთ რეალობას მოწყვეტილი სურათი. მაშინ, როდესაც ინვენტარიზაციის მომენტში, გადასახადის გადამხდელს ადგილზე ჰქონდა:

- აზერბაიჯანიდან, გადამუშავების რეჟიმით, შემოტანილი სპირტი;

- საკუთარი წარმოების სპირტი.

ამავე დროს, ინვენტარიზაციით დადგენილია ამ ორი სახეობის შერევის შედეგად მიღებული კუპაჟი. ინვენტარიზაციის შედეგად გამიჯნულია ამ სხვადასხვა სახეობის სპირტის რაოდენობები. ამასთან, არსებობს შერეული სპირტის შერევის აქტი, საიდანაც ნათელი ხდება თუ რომელი სახეობის სპირტების რა რაოდენობები იქნა ერთმანეთთან შერეული. აზერბაიჯანიდან შემოტანილი სპირტის თვითღირებულება 3-ჯერ ნაკლებია ვიდრე საკუთარი წარმოების სპირტისა. ამასთან, აზერბაიჯანიდან შემოტანილი სპირტი შემოტანილია გადამუშავების რეჟიმში და მისი საბაზრო ფასის დადგენისას ფასზე ვერ იქნება დამატებული დღგ და აქციზის გადასახადი. შესაბამისად, დანაკლისის მიმართ უნდა განისაზღვროს საბაზრო ფასები დიფერენცირებულად - სპირტის იმ სახეობის დანაკლისის გათვალისწინებით, რაც გამოვლინდა ინვენტარიზაციის მომენტში. აზერბაიჯანიდან შეძენილი სპირტის მიმართ უნდა დადგინდეს ქართულ ბაზარზე არსებული საბაზრო ფასი. ანუ დადგინდეს, რა ფასად ხდება გადამუშავების რეჟიმში შემოტანილი აზერბაიჯანული სპირტის რეალიზაცია ქართულ ბაზარზე. ამასთან, საბაზრო ფასის დადგენისას საგადასახადო ორგანოს მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს საგადასახადო კოდექსის მიერ საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის დადგენილი წესი. საგადასახადო ორგანოს მიერ, საბაზრო ფასის განსაზღვრისას, უგულებელყოფილია მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა. კერძოდ, არ არის გამოყენებული საბაზრო ფასის განსაზღვრის დროს კანონმდებლობით დადგენილი 30 დღიანი ვადა - საგადასახადო კანონმდებლობა საბაზრო ფასისათვის აღიარებს ერთ თვიან (30 კალენდარული დღე) ინტერვალს.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

შემოწმებით, საბაზრო ფასის დადგენა განხორციელდა შემდეგნაირად: ღირებულება გაანგარიშებული იქნა ელექტრონულ აუქციონზე შემდგარი ლოტების მიხედვით, რომელმაც შეადგინა ღვინის სპირტისათვის 11 ლარი დღგ-ის გარეშე, ხოლო ღვინოსათვის 6 ლარი დღგ-ის ჩათვლით.

ამ ჩანაწერიდან შეუძლებელია გაირკვეს რა პერიოდის ფასია აღებული და ასევე, გაირკვეს საგადასახადო ორგანოს ქმედების შესაბამისობა მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობასთან.

- ფასი აღებულია ერთი პროდუქტის - ღვინის სპირტისთვის - „ელექტრონულ აუქციონზე შემდგარი ლოტების მიხედვით, რომელმაც შეადგინა ღვინის სპირტისათვის 11 ლარი დღგ-ის გარეშე.

საგადასახადო ორგანომ ერთეული ლიტრი ღვინის სპირტის ფასი დაადგინა 30,68 ლარის ოდენობით, დღგ-ის და აქციზის გადასახადის ჩათვლით (1 115 480:36 359=30,68 ლარი). ფასის განსაზღვრისათვის, წარდგენილია 9.09.2019 წლის №09/09/-19 ხელშეკრულება და თანდართული დოკუმენტები. საიდანაც ნათელია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული ფასი არარეალური და დაუსაბუთებელია. მიუხედავად ამისა, საგადასახადო ორგანოს მიერ საბაზრო ფასის ნაწილი გადახედილი არ ყოფილა.

საგადასახადო ორგანოს მიერ, ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის პროცესში, გათვალისწინებულია დანაკარგების მხოლოდ ერთი სახეობა - შენახვა რეზერვუარში, დადგენილი ნორმის ფარგლებში - 0,05, თუმცა სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 3.06.2019 წლის თარიღით გაცემულია №---------- განმარტება, რომელიც მიუთითებს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 5.03.2019 წლის №2-206 ბრძანების მე-5 მუხლით განსაზღვრულია მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების რამდენიმე სახეობა და მათი ზღვრული ოდენობები პროცენტებში:

- შენახვა რეზერვუარში (ყოველთვიურად) 0,05;

- დაძველება ცისტერნაში ტკეჩზე (ყოველთვიურად) – 0,08;

- დაძველება კასრში (ყოველთვიურად) 0,33;

- გადატუმბვა სატრანსპორტო კონტეინერიდან სტაციონალურ ცისტერნაში და პირიქით - სტაციონალური ცისტერნიდან სატრანსპორტო კონტეინერში - 0,16

საგადასახადო ორგანო მიუთითებს, რომ მან გაითვალისწინა ეს განმარტება. თუ ეს ასეა, მაშინ გაუგებარია, რატომ არ იქნა გათვალისწინებული დანაკარგების სხვა სახეობები ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანისას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობები არ ასახავს საზოგადოების რეალურ დანაკარგებს, საზოგადოების კონკრეტული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და საწარმოო ციკლის თავისებურებების გათვალისწინებით - დანაკარგები არის გაცილებით მეტი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საბჭოს 21.10.2021 წლის №9885/2/2020 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების (დანაკლისის) გამოყვანასთან დაკავშირებით, მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული და დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

აუდიტის დეპარტამენტის 8.02.2023 წლის დასკვნით, ინვენტარიზაციის შედეგად აღურიცხავი და დანაკლისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად დანაკლისის ოდენობა განისაზღვრა 22 229 ლიტრი, შესაბამისად დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული ჯარიმა 43 348 ლარით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშება განხორციელდა მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გათვალისწინებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 8.02.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 21.10.2021 წლის №9885/2/2020 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.10.2021 წლის №9885/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. აღნიშნული ინვენტარიზაციის ფარგლებში ფაქტობრივი მოცულობებისა და ალკოჰოლში სპირტის შემცველობის დასადგენად მოწვეული იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები.

მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების (დანაკლისის) გამოყვანასთან დაკავშირებით, მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული და დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშება განხორციელდა მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 8.02.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 21.10.2021 წლის №9885/2/2020 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(9)