გადაწყვეტილება №23249/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23249/2/2024
23 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ს 12.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23249/2/2024).
დავის საგანი:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად აღურიცხველი საქონლის გამოვლენისათვის ჯარიმის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №125-52 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12615 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 76 835 ლარი.
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №17362 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №17362 ბრძანებით გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლითაც დადგინდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი, ხოლო შედეგების გამოყვანა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს.
მომჩივანი სრულყოფილად არ აწარმოებდა ბუღალტერიას, კერძოდ, 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდისათვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ შეესაბამებოდა შემოწმებით დადგენილ სმფ-ების საბოლოო ნაშთს, ვინაიდან, ნაწილზე არ ჰქონდა განხორციელებული რპთ-ის ჩამოწერა და არ იყო გათვალისწინებული უკან დაბრუნებული საქონელი, გარდა ამისა, რეალიზებული საქონლის ჩამოწერებს ახორციელებდა ჯამური ღირებულებით.
შემოწმებით გაანგარიშდა სმფ-ების საბოლოო ნაშთები, რაც შეუდარდა ფაქტობრივ ნაშთებს და შედეგად გამოვლინდა ზედმეტობა (აღურიცხველი საქონელი, რომლებსაც არ იყო წარმოშობის დოკუმენტები, ან სასაქონლო ზედნადებებში მითითებული რაოდენობა არ ემთხვეოდა დანართ 16-ში ფაქტობრივად დათვლილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების რაოდენობას) – 153 670 ლარის საბაზრო ფასით. შემოწმების პროცესში გაანგარიშდა გამოვლენილი აღურიცხველი სმფ-ების საბაზრო ღირებულება, რომლის 50%-ის ოდენობით გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.12.2023 წლის №33082 ბრძანება და №125-52 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის N12615 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 49-ე მუხლით, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 72-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 145-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებული იქნა სმფ-ების საბოლოო ნაშთები, რაც შეუდარდა ფაქტობრივ ნაშთებს და შედეგად გამოვლინდა ზედმეტობა, აღურიცხველი საქონელი – 153 670 ლარის საბაზრო ფასით. აღნიშნულზე შემოწმებით, განსაზღვრული იქნა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა განსაზღვრულია მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს საკუთრებაში არსებული ყველა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა მიღებულია და ბუღალტრულად აღრიცხულია სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, კომპანია არ ახორციელებს საქონლის იმპორტს, ვაჭრობს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლით, ჰყავს მომწოდებლები, რომლებიც საქონელს აწვდიან საქართველოს კანონმდებლობის ყველა ნორმის დაცვით, კერძოდ არ არსებობს კომპანიის მიერ მიღებული საქონელი სასაქონლო ზედნადების გარეშე, ზედნადებები კი კანონის დაცვით აღირიცხება საწარმოს ბუღალტრულ მონაცემებში.
შემოწმების აქტით გამოვლენილი ზედმეტობა გამოვლენილია შემდეგი გარემოებებით: საწარმო განთავსებულია იმავე ფართში, სადაც განთავსებულია ი/მ -------ის (ს/ნ ------) კუთვნილი სავაჭრო ობიექტი. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორიც არის -------. ორივე ვაჭრობს იდენტური, სასოფლო-სამეურნეო საქონლით. საჩივარს თან ერთვის იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლებიც მიღებულია როგორც საწარმოს მიერ, ასევე, ი/მ ------ის (ს/ნ ----) მიერ. აღურიცხველი საქონლის არსებობა გამოწვეულია იმით, რომ ინვენტარიზაციის დროს მოხდა იდენტური საქონლის ერთმანეთში არევა და ამან გამოიწვია შემოწმების აქტში დაფიქსირებული ზედმეტობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა - იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელთან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად გამოვლინდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი, ხოლო საგადასახადო შემოწმებისას დადგინდა ბუღალტრული ნაშთი, ფაქტიურ და ბუღალტრულ ნაშთებს შორის შედარების შედეგად გამოვლინდა საქონელი სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე, რის გამოც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაეკისრა ჯარიმა.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის, სანქციის დაკისრების არამართებულობას დაადასტურებდა და შესაბამისად, შემცირების ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
ვინაიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ ფაქტიურ და შემოწმებისას დადგენილ ბუღალტრულ ნაშთებს შორის გამოვლინდა აღურიცხველი და პირველადი დოკუმენტების გარეშე საქონელი, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისათვის საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად აღურიცხველი საქონლის გამოვლენისათვის ჯარიმის დაკისრება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, გამოვლინდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი, ხოლო საგადასახადო შემოწმებისას დადგინდა ბუღალტრული ნაშთი, ფაქტიურ და ბუღალტრულ ნაშთებს შორის შედარების შედეგად გამოვლინდა საქონელი სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე, რის გამოც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
ვინაიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ ფაქტიურ და შემოწმებისას დადგენილ ბუღალტრულ ნაშთებს შორის გამოვლინდა აღურიცხველი და პირველადი დოკუმენტების გარეშე საქონელი, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისათვის საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება მართებულია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(4)