ბრძანება N 12615
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12615
30 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2024 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვალს (ოქმი №15) და 23 მაისს (ოქმი №54) გამართულ სხდომებზე განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №87028/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №125-52 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობას და შესაბამისად, აღნიშნულზე განსაზღვრულ ჯარიმას.
განმარტავს, რომ შპს „---ს“ და მისი დირექტორის, ი/მ ---ის, სავაჭრო ობიექტები განთავსებულია ერთსა და იმავე ფართში. ორივე გადასახადის გადამხდელი ვაჭრობს იდენტური, სოფლის მეურნეობისთვის საჭირო სამეურნეო საქონლით. ინვენტარიზაციის დროს მოხდა მათი კუთვნილი საქონლის ერთმანეთში არევა, რის შედეგადაც გამოვლინდა სმფე-ბის აღურიცხველობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25904 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის N17362 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №33082 ბრძანება და №125-52 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 76 835 ლარი, მათ შორის, გადასახადი 0 ლარი, ჯარიმა 76 835 ლარი, საურავი 0 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის N17362 ბრძანებით გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლითაც დადგინდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი, ხოლო შედეგების გამოყვანა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს (შპს „---“ სრულყოფილად არ აწარმოებდა ბუღალტერიას, კერძოდ, 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდისათვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ შეესაბამებოდა შემოწმებით დადგენილ სმფ-ების საბოლოო ნაშთს, ვინაიდან, ნაწილზე არ ჰქონდა განხორციელებული რპთ-ის ჩამოწერა და არ იყო გათვალისწინებული უკან დაბრუნებული საქონელი, გარდა ამისა, რეალიზებული საქონლის ჩამოწერებს ახორციელებდა ჯამური ღირებულებით).
შემოწმებით გაანგარიშებული იქნა სმფ-ების საბოლოო ნაშთები, რაც შეუდარდა ფაქტობრივ ნაშთებს და შედეგად გამოვლინდა ზედმეტობა (აღურიცხავი საქონელი, რომლებსაც არ ჰქონდათ წარმოშობის დოკუმენტები, ან სასაქონლო ზედნადებებში მითითებული რაოდენობა არ ემთხვეოდა დანართ 16-ში ფაქტობრივად დათვლილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების რაოდენობას) – 153 670 ლარის საბაზრო ფასით. შემოწმებით, გაანგარიშდა გამოვლენილი აღურიცხველი სმფ-ების საბაზრო ღირებულება, რომლის 50%-ის ოდენობით გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპენტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
აქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებული იქნა სმფ-ების საბოლოო ნაშთები, რაც შეუდარდა ფაქტობრივ ნაშთებს და შედეგად გამოვლინდა ზედმეტობა, აღურიცხავი საქონელი – 153 670 ლარის საბაზრო ფასით. აღნიშნულზე შემოწმებით, განსაზღვრული იქნა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა განსაზღვრულია მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობას და შესაბამისად, აღნიშნულზე განსაზღვრულ ჯარიმას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით გაანგარიშებული იქნა სმფ-ების საბოლოო ნაშთები, რაც შეუდარდა ფაქტობრივ ნაშთებს და შედეგად გამოვლინდა ზედმეტობა (აღურიცხავი საქონელი, რომლებსაც არ ჰქონდათ წარმოშობის დოკუმენტები, ან სასაქონლო ზედნადებებში მითითებული რაოდენობა არ ემთხვეოდა დანართ 16-ში ფაქტობრივად დათვლილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების რაოდენობას) – 153 670 ლარის საბაზრო ფასით. შემოწმებით, გაანგარიშდა გამოვლენილი აღურიცხველი სმფ-ების საბაზრო ღირებულება, რომლის 50%-ის ოდენობით გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286. (4)