ბრძანება N 20913
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20913
25 სექტემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------ს” (ს/ნ --------------)
(ფაქტ. მის.: ----------------------;
იურ. მის.:------------------------)
2024 წლის 15 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა შპს „--------ს” (ს/ნ --------------) №91458/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 ივლისის №072-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნული მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. განმარტავს, რომ თავად საგადასახადო შემოწმების აქტის შინაარსიდან ირკვევა, რომ კომპანიამ წარადგინა ბუღალტრული პროგრამა, სადაც იდენტიფიცირებულია, როგორც საცალო ისე საბითუმო რეალიზაციები, შესაბამისი თვითღირებულებითა და რაოდენობით, რაც თავის მხრივ მიანიშნებს, რომ სრულდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, კომპანია შესამოწმებელ პერიოდში, მიმდინარე კონტროლის პროცედურის შედეგად დაჯარიმებული არ არის. აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია, რომლითაც ცდილობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მიზანშეწონილობის გამართლებას („საწარმოს არ ჰქონდა ცენტრალიზებულად მართული საცალო რეალიზაციის ავტომატიზირებული კომპიუტერული სისტემა, რომლის მიხედვითაც იდენტიფიცირებადი იქნებოდა საცალოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობა და ფასი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით, საცალოდ რეალიზებულ საქონელზე დაბეგვრის ობიექტის დადგენა არ იყო შესაძლებელი...“) განმარტავს, რომ არც საგადასახადო კოდექსი, არც ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები და არც საქართველოში მოქმედი რომელიმე ნორმატიული აქტი არ განმარტავს რა არის „ცენტრალიზებულად მართული საცალო რეალიზაციის ავტომატიზებული კომპიუტერული სისტემა“, რომლის გამოყენებაც სავალდებულოა ბუღალტრულ პროგრამასთან ერთად. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპების დაცვის მიზნით ცენტრალიზებულად მართული საცალო რეალიზაციის ავტომატიზებული კომპიუტერული სისტემის აუცილებლობა მოთხოვნილი არ არის საგადასახადო კოდექსითაც. გადამხდელი აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია საკმარისი იყო დაბეგვრის ობიექტის დასადგენად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი ითხოვს არაპირდაპირი მეთოდის და აღნიშნული მეთოდის გამოყენებით დარიცხული თანხების გაუქმებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ თანხაში დღგ-ის გათვალისწინებას. განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემოწმება შეძლებს დაასაბუთოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართებულობა, აღნიშნული შემოწმებას უფლებას არ აძლევს შემოსავლები ან/და მიღებული/მისაღები თანხები განსაზღვროს პირად შეხედულებებზე ან ისეთ დაშვებაზე დაყრდნობით, რომელიც ითვალისწინებს საუკეთესო ბიზნეს გეგმის იდეალურად შესრულებას. კერძოდ, მართალია შემოწმებამ განსაზღვრა რა იქნებოდა შემოსავალი თუ საცალოდ რეალიზებულ საქონელზე გაავრცელებდა საბითუმო (დოკუმენტურ) ფასნამატს, თუმცა შემდგომ აღნიშნული შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით მიიჩნია კომპანიის სალაროში ჯერ ფულის სახით მიღებულად, შემდგომ ხელფასის სახით განაცემად და ეს მაშინ, როცა არ არსებობს რაიმე მტკიცებულება აღნიშნული თანხის მიღების და განკარგვის შესახებ. გადამხდელი აღნიშნავს, რომ ერთია რამდენად სამართლიანად განისაზღვრა შემოსავლის ოდენობა, მაგრამ სასყიდლიანია თუ უსასყიდლო ასეთი სახით განსაზღვრული შემოსავალი, ეს წარმოადგენს ცალკე მტკიცების საგანს. შემოწმების არგუმენტაციის სიზუსტეზე ის გარემოებაც მიუთითებს, რომ შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას კომპანიას სალაროსი ფული მიაღებინა მათ შორის ისეთ საქონელზე გავრცელებული დოკუმენტური ფასნამატიდან, რომელიც ბუღალტრულად აღიარებული იყო დანაკლისად. განმარტავს, რომ შემოწმების მხრიდან არ წარმოდგენილა, როგორც საქონლის სასყიდლიანი რეალიზაციის, ასევე საკომპენსაციო თანხის მიღების ან/და მისი შემდგომ გატანის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება (სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები, სალაროს ჩეკი, თანხის გადამხდელი პირები ან ნაღდი ფულის მიღების/გატანის მაიდენტიფიცირებელი რაიმე მტკიცებულება). აღნიშნავს, რომ ვინაიდან, არ დასტურდება შემოსავლის ნაღდი ფულის სახით მიღების ან შემდეგ ამ ფულის სადმე წაღების ფაქტი, ვერ დგინდება ვინ გადაიხადა ეს ფული ან ვისზე განხორციელდა არაპირდაპირი გზით გამოთვლილი მიწოდება, ამდენად, მიაჩნია, რომ აღნიშნული შემოსავალი უნდა განხილულიყო როგორც უსასყიდლო ხასიათის შემოსავლად და შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად უნდა დაბეგრილიყო არა საშემოსავლო, არამედ მოგების გადასახადით.
გადასახადის გადამხდელი ასევე განმარტავს, რომ შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით განიხილა როგორც კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამდენად, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილ შემოსავალს განიხილავს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად, ხოლო მეორეს მხრივ, ის რაც ბიუჯეტის კუთვნილი დღგ-ია, ასევე განიხილავს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და ბიუჯეტის კუთვნილ დღგ-ზე დამატებით არიცხავს საშემოსავლო გადასახადს, რაც შემოწმების მიერ უგულვებელყოფს საგადასახადო კოდექსის პრინციპებს.
ასევე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6974 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №072-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „--------ოს” (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერების და მისი გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6974 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 8 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 16 ივლისის №072-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული ფაქტობრივ გარემოებაში მითითებულია, რომ გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი დსპ-ის, დვპ-ის და სხვადასხვა საქონლის შეძენა და რეალიზაცია, როგორც საბითუმოდ ასევე საჯაროდ. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა კომპიუტერულ პროგრამა „ინფო ბუღალტერიაში“, რომელშიც თითოეული შეძენილი საქონლის აღრიცხვა ხდებოდა რაოდენობრივ/თანხობრივ/სახეობრივად. გარდა ზემოაღნიშნულისა იდენტიფიცირდებოდა, როგორც საქონლის საბითუმო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება, ასევე საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება. საცალოდ რეალიზებულ საქონელთან მიმართებით გადამხდელი შემოსავლის აღიარებას ახორციელებდა საკონტროლო-სალარო აპარატზე და საბანკო ტერმინალზე დაფიქსირებული თანხებით. აღსანიშნავია, რომ კომპანიას არ ჰქონდა ცენტრალიზებულად მართული საცალო რეალიზაციის ავტომატიზირებული კომპიუტერული სისტემა, რომლის მიხედვითაც იდენტიფიცირებული იქნებოდა საცალოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობა და ფასი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით, საცალოდ რეალიზებულ საქონელზე დაბეგვრის ობიექტის დადგენა არ იყო შესაძლებელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ მიიჩნია, რომ გასაჩივრების ეტაპზე არ დადგენილა ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მიზანშეწონილობას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, საცალოდ რეალიზებულ საქონელთან მიმართებით გადამხდელი შემოსავლის აღიარებას ახორციელებდა საკონტროლო-სალარო აპარატზე და საბანკო ტერმინალზე დაფიქსირებული თანხებით. ამასთან, კომპანიას არ ჰქონდა ცენტრალიზებულად მართული საცალო რეალიზაციის ავტომატიზირებული კომპიუტერული სისტემა, რომლის მიხედვითაც იდენტიფიცირებული იქნებოდა საცალოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობა და ფასი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით, საცალოდ რეალიზებულ საქონელზე დაბეგვრის ობიექტის დადგენა არ არის შესაძლებელი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6974 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------ოს” (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. ასევე,არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ თანხაში დღგ-ის გათვალისწინებას.ითხოვს აღნიშნულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლას, უსასყიდლო ოპერაციად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. ასევე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს ხარჯების გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №6974 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №072-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერების და მისი გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
შემოსავლების სამსახურის №6974 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 8 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №072-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);