ბრძანება N 12687
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12687
07.06.2023
შპს “------------” (ს/ნ -------------)
(მის.: -------------------)
2023 წლის 24 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისის სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა შპს “-------------” (ს/ნ -------------) №80550/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის N083-7 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს არ დავალებია დამატებითი არგუმენტაციის, გაანგარიშებისა თუ მტკიცებულებების წარდგენა, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დამატებითი წერილობითი არგუმენტაცია (განცხადება) და მტკიცებულებები, შემდეგ შემმოწმებელს ზეპირი სახით გააცნო თავისი არგუმენტაცია და ბოლოს, კვლავ წარადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება.
დასკვნაში კი შეფასებული არ არის გადასახადის გადამხდელის არცერთი არგუმენტი, განმარტება და მტკიცებულება. შესაბამისად, დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე საერთოდ არ არის დასაბუთებული და არ არის დამყარებული საქმის გარემოებებისა და წარდგენილი არგუმენტაციის/მტკიცებულებების ჯეროვან გამოკვლევა-შეფასებაზე.
შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ აღსრულდა დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება. მიუთითებს, რომ 2019 წლის ოპერაცია განხორციელებულია, ერთი მხრივ, თავის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონების ბანკის მხრიდან იძულებითი გადახდევინებისაგან არიდების მიზნით და მეორე მხრივ, თავის საკუთრებაში არსებული ქონების გაუმჯობესებისათვის მესამე პირის მიერ გაწეული ხარჯების დასაფარავად. ორივე თვალსაზრისით, ხარჯი გაწეულია მოგების (შემოსავლის) მიღების მიზნით, ვინაიდან სწორედ მითითებული ქონება არის მისი შემოსავლების მიღების წყარო.
ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და შემოწმებისთვის წარდგენილი მტკიცებულებების/არგუმენტაციის გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №40381 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 12 ივლისის №083-49 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს “-------------” (ს/ნ -------------) 2021 წლის 3 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს ,,--------------“ (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №40381 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 22 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 აპრილის №083-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელს პირველ სადავო საკითხთან (საწარმოს მიერ მესამე პირების სასარგებლოდ სესხის და მასზე დარიცხული პროცენტისთვის გადახდილი თანხის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა) დაკავშირებით არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტები ან/და მტკიცებულებები და შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. რაც შეეხება უსასყიდლოდ მიწოდების მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზას და მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის საკითხს დღგ-ის გარეშე, აღნიშნული ოპერაციები განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილში ცვლილების განხორციელებამდე. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებასსაჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნიდან ირკვევა, რომ შპს “------------” მიერ მესამე პირების სასარგებლოდ სესხის და მასზე დარიცხული პროცენტისთვის გადახდილი თანხის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვასთან დაკავშირებით გადამხდელს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტები ან/და მტკიცებულებები და შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. ამასთან, უსასყიდლოდ მიწოდებული სმფ-ების მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით მითითებულია, რომ აღნიშნული ოპერაციები განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილში ცვლილების განხორციელებამდე. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს “------------” (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და შემოწმებისთვის წარდგენილი მტკიცებულებების/არგუმენტაციის გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-ს მიერ მესამე პირების სასარგებლოდ სესხის და მასზე დარიცხული პროცენტისთვის გადახდილი თანხის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვასთან დაკავშირებით გადამხდელს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტები ან/და მტკიცებულებები და შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. ამასთან, უსასყიდლოდ მიწოდებული სმფ-ების მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით მითითებულია, რომ აღნიშნული ოპერაციები განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილში ცვლილების განხორციელებამდე. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
302(6);304(21);97(7);