ბრძანება N 13721

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.06.2023
№ დოკუმენტი 13721
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13721

16 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,----------“-ს (ს/ნ ----------)

(მის: ----------, ----------)

2023 წლის 22 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 2 ივნისის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი N60) განიხილა შპს ,,----------“-ს (ს/ნ ----------) N81141/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 18 მაისის N001067 და N001068 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ აქვს უბნის პატარა მაღაზია, სადაც ძირითადად მეზობლები შედიან. დაჯარიმების დღეს ობიექტზე იმყოფებოდა ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც მიჰყიდა ერთი ღერი სიგარეტი. გადასახადის გადამხდელი იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მისი აზრით, გოგონა იყო სრულწლოვანი და ამასთან, სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, ითხოვს ჯარიმების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

როგორც სადავო №001067 ოქმის შინაარსიდან ირკვევა, 2023 წლის 18 მაისს შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) სამეწარმეო საქმიანობის ფაქტობრივი განხორციელების ადგილზე კონტროლის პროცედურის განხორციელებისას დადგინდა, რომ ობიექტში ხდებოდა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ერთეული ღერებით. აღნიშნულის საფუძველზე შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად დაეკისრა სახდელი 150 ლარის ოდენობით.

როგორც სადავო №001068 ოქმის შინაარსიდან ირკვევა, 2023 წლის 18 მაისს შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) სამეწარმეო საქმიანობის ფაქტობრივი განხორციელების ადგილზე კონტროლის პროცედურის განხორციელებისას დადგინდა, რომ ობიექტში ხდებოდა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია 18 წლამდე ასაკის პირზე. აღნიშნულის საფუძველზე შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაეკისრა სახდელი 150 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება: დ) ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია; ვ) 18 წლამდე ასაკის პირზე.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია (გარდა ამ მუხლის 61 და 62 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლები ან მეტია, - გამოწვევეს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის 18 წლამდე ასაკის პირზე რეალიზაცია - გამოწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;

ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;

გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;

დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ,,----------“-ს (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებით დარიცხული ჯარიმების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, სამეწარმეო საქმიანობის ფაქტობრივი განხორციელების ადგილზე კონტროლის პროცედურის განხორციელებისას დადგინდა, რომ ობიექტში ხდებოდა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ერთეული ღერებით, 18 წლამდე ასაკის პირზე. აღნიშნულის საფუძველზე ორგანიზაციას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაეკისრა სახდელი 150-150 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგ ნორმებს: 1553(5,7); 10; 33; 278(1)