ბრძანება N 17257
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17257
17 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 29 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 ივლისის სხდომაზე (ოქმი №73) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 29 მაისის №90873/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მაისის №002-64 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 მარტის №3960 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2022 წლის 22 ნოემბრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 მარტის №3960 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 27 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 2 მაისის №002-64 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
„შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით შეისწავლა სადავო საკითხი, თუმცა სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას. კერძოდ, საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის მიხედვით საწარმოს არ უფიქსირდებოდა შესაბამისი პროფილური განხრით დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე თანხების ანაზღაურება, ასევე, არ გააჩნდა საკუთრებაში არსებული ქონება ან იჯარით აღებული ფართი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა საქმიანობის განხორციელება. მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათის გავრცელების მიზნით არსებითია ვირტუალური ზონის პირი ახორციელებდეს ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან. ვინაიდან, შემოწმებით ვერ დადასტურდა გადამხდელის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნის ფაქტი, მასზე ვერ გავრცელდება კანონმდებლობით დადგენილი შეღავათი და შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გამოცემული ბრძანებების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა სადავო საკითხი შეისწავლა „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ 2022 წლის 25 მარტის №7547 და 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებებით დამტკიცებული მეთოდური მითითებების მიხედვით. თუმცა სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ კომპანიის წარმომადგენლის, კერძოდ, სს „-------“ მიერ, რომლის მომსახურებითაც (აღრიცხვა/აუდიტი) სარგებლობდა გადასახადის გადამხდელი, წარმოდგენილი იქნა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც, დამფუძნებელი ძირითადად აწვდიდა ინფორმაციას მხოლოდ დასადეკლარირებელი თანხების შესახებ, ხოლო მათთან ჩატარებული კომპიუტერული ტექნიკის სრული განახლების შედეგად, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, წარმოადგინონ საგადასახადო შემოწმების მიერ მოთხოვნილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია.
ამავე ინფორმაციით დგინდება, რომ კომპანიის დირექტორის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც, კომპანია საქმიანობას არ ახორციელებს საქართველოში, დამფუძნებელი არის გერმანიის რეზიდენტი, ხოლო მისი დირექტორობა ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, არ გააჩნია რაიმე უფლებამოსილება და შემხებლობა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით. ამასთან, მიუთითებს, რომ კომპანიის დაარსებიდან დღემდე არ მიუღია მონაწილეობა კომპანიის მართვაში.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით შეისწავლა სადავო საკითხი, თუმცა სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას. კერძოდ, საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის მიხედვით საწარმოს არ უფიქსირდებოდა შესაბამისი პროფილური განხრით დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე თანხების ანაზღაურება, არ გააჩნდა საკუთრებაში არსებული ქონება ან იჯარით აღებული ფართი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა საქმიანობის განხორციელება. შემოწმებით ვერ დადასტურდა გადამხდელის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნის ფაქტი, მასზე ვერ გავრცელდება კანონმდებლობით დადგენილი შეღავათი და შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304(21);