ბრძანება N 16601
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16601
10 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 18 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ ------- (ს/ნ -------) №81762/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 16 მაისის №CB1468456 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომაზე (ოქმი №69).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისზე გავრცელებული ფასნამატის ოდენობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და ფასნამატის გადაანგარიშებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 თებერვლის №3268 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ი/მ ------- (ს/ნ -------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ი/მ ------- (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 14 მარტს, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 16 მარტს. გადამხდელის სამეწარმეო საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სამეურნეო საქონლით ვაჭრობა.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 თებერვლის №3268 ბრძანებით განსაზღვრული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა ი/მ ------- (ს/ნ -------) საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის მისამართზე - -------, -------, რითაც დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე საქმიანობას ახორციელებს სხვა მეწარმე ფიზიკური პირი, ხოლო ი/მ ------- (ს/ნ -------) საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა ვერ განხორციელდა, იმის გამო, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით (როგორც მასთან გასაუბრებით დადგინდა) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთი არ გააჩნდა და შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებდა.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 თებერვლის №3268 ბრძანებით განსაზღვრულმა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირებმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ ბრძანება გააცნეს ი/მ ------- (ს/ნ -------), თუმცა გადასახადის გადამხდელმა ბრძანების ჩაბარებაზე და შემდგომ პროცედურებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ი/მ ------- სიტყვიერად განაცხადა, რომ საქმიანობას არ ახორციელებდა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა. შესაბამისად, ბრძანებით შექმნილ საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობაში გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი არ იქნა შეყვანილი.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 თებერვლის №3268 ბრძანების საფუძველზე ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია. კომისიას დაევალა საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით წარმოედგინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო (საბუღალტრო-სახელობითი) ნაშთი, ჩაეტარებინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების აღწერა და განესაზღვრა ინვენტარიზაციის შედეგი.
ინვენტარიზაცია დაიწყო 2023 წლის 22 თებერვალს, ხოლო მასალების დამუშავება და შედეგების გამოყვანა დასრულდა 2023 წლის 15 მაისს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის 2023 წლის 8 მაისის №43607-21-15 წერილის საფუძველზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ჩათვლილი იქნა ნულად.
საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2021 წლის 16 მარტიდან ( 2021 წლის 16 მარტის №7345 ბრძანებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღი) 2023 წლის 22 თებერვლამდე (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე).
საანგარიშო პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისმა ნაშთმა შეადგინა 26130.40 ლარი (2021 წლის 16 მარტის №7345 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ დანართი №21).
გადასახადის გადამხდელის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში (2021 წლის 16 მარტი - 2023 წლის 22 თებერვალი) სასაქონლო ზედნადებით შეძენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 53908.86 ლარი.
2021 წლის 16 მარტიდან 2023 წლის 22 თებერვლის ჩათვლით პერიოდში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების დადგენისას გათვალისწინებული იქნა: გადამხდელის გადამხდელის მიერ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის განცხადებაში (განცხ. თარიღი 30.08.2021წ) მითითებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა - 3016.95 ლარი.
ფასნამატად აღებულ იქნა 53.21%, რომელიც დადგენილი იქნა 2021 წლის 16 მარტის №7345 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად.
ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2023 წლის 22 თებერვალი) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბუღალტრო ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა: 78070.1 ლარი.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 78070.10 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (ფასნამატის (53.21 %) და დღგ-ს (18 %) გათვალისწინებით) – 141141.21 ლარი. აღნიშნული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაექვემდებარა სანქცირებას საბაზრო ღირებულების 10% ოდენობით 14114.12 ლარით.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2023 წლის 16 მაისს შედგენილ იქნა №CB1468456 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ი/მ ------- სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2023 წლის 22 თებერვალი), მისივე სიტყვიერი განმარტებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთი არ გააჩნდა. შესაბამისად, ინვენტარზაციის მიზნებისათვის, ვერ მოხერხდა ფასნამატის გამოანგარიშება. ამდენად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის განსაზღვრისა და ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით გამოყენებული იქნა მისივე ობიექტში, 2021 წლის 16 მარტის №7345 ბრძანებით, ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი (53.21%).
გადასახადის გადამხდელი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ელექტრონულად გაეცნო 2023 წლის 19 მაისს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისზე გავრცელებული ფასნამატის ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა გადამხდელის საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის მისამართზე, რითაც დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე საქმიანობას ახორციელებს სხვა მეწარმე ფიზიკური პირი, ხოლო იმის გამო, რომ გადასახადის გადამხდელი (მასთან გასაუბრებით დადგინდა) ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებდა, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთი არ გააჩნდა. შესაბამისად, ბრძანებით შექმნილ საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობაში გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი არ იქნა შეყვანილი.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ინვენტარზაციის მიზნებისათვის, ვერ მოხერხდა ფასნამატის გამოანგარიშება. ამდენად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის განსაზღვრისა და ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით გამოყენებული იქნა მისივე ობიექტში, 2021 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი (53.21%).
გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დაჯარიმდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(9);