გადაწყვეტილება №20083/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20083/2/2023
11 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 27.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20083/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა;
2. საწარმოს დირექტორებზე ხელფასად განხილული ფულადი სახსრების ოდენობა;
3. არაგონივრული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
4. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრა;
5. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის №065-26 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12804 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 214 513 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 103 914
დღგ - 2 055
მოგების გადასახადი - 73 331
საშემოსავლო გადასახადი - 28 528
ჯარიმა - 76 269
საურავი - 34 330
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საკვები პროდუქტების და სიგარეტების საცალო და საბითუმო რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის 11 ივნისიდან 2022 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 9.12.2022 წლის №31098 ბრძანება და №065-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12804 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს პირველ სადავო საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საწესდებო კაპიტალთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაწეული საწვავის ხარჯის ოდენობა განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შესწავლა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12804 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის იჯარით აქვს აღებული ფართი -----ს რაიონში. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, უფიქსირდება სამი საკონტროლო-სალარო აპარატი. გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და ბუღალტრულ პროგრამაში არსებულ შემოსავალს შორის. ასევე, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აპრილის თვეში რეალიზებული აქვს დაზიანებული სატვირთო ავტომობილი 1500 ლარად, რომელიც არ არის ბუღალტრულ პროგრამაში ასახული და შესაბამისად, დაბეგრილი დღგ-ით. ამასთან, შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა პროგრამაში არსებული საქონლის რაოდენობრივი მოძრაობა, სადაც გამოვლინდა სხვაობა ბუღალტრულ პროგრამაში არსებულ რაოდენობრივ რეალიზაციას და ფაქტიურად რეალიზებულს შორის. 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე, 1.01.2021 წლიდან მოქმედი 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლით და გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, შემოწმების აქტის პირველ და მეორე საკითხის მიხედვით შემოწმებით გაზრდილია დეკლარირებული და ბუღალტრულად აღრიცხული შემოსავალი (დღგ-ის ბრუნვები, მოგებით/საშემოსავლოთი დასაბეგრი ფულადი შემოსავალი), მათ შორის ერთ შემთხვევაში მომსახურების გაწევით მიღებულ შემოსავლადაა განხილული დირექტორის ------ის მიერ კომპანიის ანგარიშზე თანხის შეტანა (21224 ლარი) (დანიშნულებაში შეცდომით მითითებულია მომსახურების საფასური), რომელიც რეალურად წარმოადგენს ანგარიშვალდებული პირის/საწარმოს ხელმძღვანელის მიერ საწარმოს საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანას (სწორედ ამ დანიშნულებითაა აღრიცხული ბუღალტრულად აღნიშნული თანხის ბანკში მიღება) და არა საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურს, აქვე აღნიშნავს, რომ კომპანია წარმოადგენს სავაჭრო საწარმოს და მას არ გააჩნია მსგავსი ტიპის/მასშტაბის შემოსავლები მომსახურების გაწევისგან.
შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით: ითხოვდა შემმოწმებელთან ერთად, მისი მონაწილეობით აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლას (დღგ-ით დასაბეგრი ბაზა, მიღებული ფულადი შემოსავალი, არა მარტო დირექტორის მიერ ბანკში განხორციელებული შეტანილი 21 224 ლარის ნაწილში). აღნიშნული საკითხი შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მხოლოდ დირექტორის მიერ განხორციელებული შენატანის (21 224 ლარის) შესწავლის ნაწილში (დღგ-ის ბრუნვის და მიღებული ფულადი შემოსავლების შესწავლის კუთხით). ითხოვს მიეცეს საშუალება შემოწმებით დადგენილი ბრუნვები გაიაროს შემმოწმებელთან ერთად (მისი მონაწილეობით, არამარტო დამფუძნებლის შეტანილი 21 224 ლარის ნაწილში).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 4 შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, უფიქსირდება სამი საკონტროლო-სალარო აპარატი. გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და ბუღალტრულ პროგრამაში არსებულ შემოსავალს შორის. ასევე, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აპრილის თვეში რეალიზებული აქვს დაზიანებული სატვირთო ავტომობილი 1500 ლარად, რომელიც არ არის ბუღალტრულ პროგრამაში ასახული და შესაბამისად, დაბეგრილი დღგ-ით. ამასთან, შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა პროგრამაში არსებული საქონლის რაოდენობრივი მოძრაობა, სადაც გამოვლინდა სხვაობა ბუღალტრულ პროგრამაში არსებულ რაოდენობრივ რეალიზაციას და ფაქტიურად რეალიზებულს შორის.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურში ითხოვდა შემმოწმებელთან ერთად, მისი მონაწილეობით აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლას (დღგ-ით დასაბეგრი ბაზა, მიღებული ფულადი შემოსავალი, არა მარტო დირექტორის მიერ ბანკში განხორციელებული შეტანილი 21 224 ლარის ნაწილში). თუმცა შემოსავლების სამსახურმა მხოლოდ 21 224 ლარის შესწავლის ნაწილში დააკმაყოფილა მისი საჩივარი. მაგალითად დაასახელა, რომ დღგ-ისაგან გათავისუფლებული საქონლის რეალიზაცია მოხვედრილია დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვებში. ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბაზის სრულად დამატებით შესწავლას შემმოწმებელთან ერთად.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების სწორად განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული საკითხის მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების (დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების) კორექტირება (შემცირება).
2. საწარმოს დირექტორებზე ხელფასად განხილული ფულადი სახსრების ოდენობა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აპრილის თვეში რეალიზებული აქვს დაზიანებული სატვირთო ავტომობილი 1500 ლარად. დირექტორის ახსნა-განმარტებით, მყიდველის მიერ თანხა გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით, რომელიც არ არის ბუღალტრულ პროგრამაში ასახული. ასევე, შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა პროგრამაში არსებული საქონლის რაოდენობრივი მოძრაობა, სადაც გამოვლინდა სხვაობა ბუღალტრულ პროგრამაში არსებულ რაოდენობრივ რეალიზაციას და ფაქტიურად რეალიზებულს შორის. შემოწმების მიერ ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და საქონლის მოძრაობის შედეგად გამოვლენილი სხვაობები საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე ჩაითვალა პერიოდების მიხედვით, საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს პირველ სადავო საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები ასახულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12804 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს პირველ სადავო საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12804 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. არაგონივრული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს სალაროში (1110 ანგარიში) გააჩნია როგორც ნაღდი ფულის უძრავი ნაშთები, ასევე ანგარიშვალდებულ პირებზე (1430 ანგარიში) გაცემული თანხები. შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით, შემოწმებით სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი 2019 წლის საანგარიშო პერიოდის ბოლოს ფიქსირდება 45 440 ლარი, 2020 წლის ბოლოს - 202 248 ლარი, 2021 წლის ბოლოს - 422 530 ლარი, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს - 435 190 ლარი. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით, განსაზღვრულ იქნა ყოველი თვის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი, რომელიც წარმოადგენს შესაბამის თვეში გაწეული საკასო ხარჯების და საკასო შემოსავლის ჯამის 10%-ს, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად. შესაბამისად, სხვაობა გაანგარიშებულ ნაშთსა და სააღრიცხვო ცხრილში მითითებულ უძრავ ნაშთს შორის პერიოდების მიხედვით განხილულ იქნა დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, უპროცენტო სესხზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვარის 34 ბრძანების შესაბამისად გაანგარიშდა სარგებელი, რომელიც საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-7 ნაწილით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
საჩივარი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საწესდებო კაპიტალთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაწეული საწვავის ხარჯის ოდენობა განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით აღნიშნულ ნაწილში ითხოვდა შემდეგს: შემმოწმებლისათვის წარდგენილი იქნა ბუღალტრული პროგრამა, რომელშიც ასახული იყო ნაღდი ფულის ნაშთი 1110 და 1430 ანგარიშებზე. აღნიშნულ პროგრამაში სრულად არ იყო ასახული ოპერაციები, რომლებიც გამოიწვევდა სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის შემცირებას (მაგალითად ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი ხარჯები, ბანკში შეტანები). მსგავსი ოპერაციების ნაწილი გათვალისწინებული იქნა შემმოწმებლის მიერ და მოახდინა ასახული ბუღალტრული ნაშთის კორექტირება (შემცირება), თუმცა არ მომხდარა ყველა ოპერაციის გათვალისწინება, რასაც არსებითი გავლენა ექნება შემოწმების შედეგებზე, მაგალითად:
ა. პროგრამაში არ არის გატარებული მომწოდებლებზე (კრედიტორებზე) ნაღდი ანგარიშსწორებით ფულის გადახდის დიდი ნაწილი, რომელიც ამცირებს ნაღდი ფულის ბუღალტრულ ნაშთს. შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით ითხოვდა აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლას;
ბ. გარდა ზემოთაღნიშნულისა წარდგენილი საჩივრით ითხოვდა ჰქონოდა საშუალება აუდიტის დეპარტამენტისთვის დამატებით წარედგინა გაანგარიშებები/დოკუმენტაცია, რაც ადასტურებს საწარმოში არსებული ნაღდი ფულის ხარჯვას (შემცირებას), მათ შორის: ინფორმაცია/დოკუმენტაცია კომუნალურ ხარჯებთან დაკავშირებით, რომელიც შემოწმებით გარკვეულწილად გათვალისწინებული იქნა ფულად ხარჯებში თუმცა ფიქრობს, რომ არსებითად გასაზრდელია. ბუღალტრულ პროგრამაში არ არის ასახული ავტომობილი შეძენის ხარჯი (შეძენა დასტურდება საბაჟო დეკლარაციით).
შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში ასევე აღნიშნული იყო შემდეგი საკითხები: შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის საწარმოში ფიქსირდებოდა დამფუძნებლის შენატანი (80 000 ლარზე მეტი), შემოწმებით (გადაანგარიშებით) დაზუსტებული არაგონივრულ ნაღდი ფულის ნაშთი პირველ რიგში უნდა შემცირდეს სწორედ ამ თანხით და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მისი დაბეგვრა გარკვეული კვალიფიკაციით. დასაბეგრი ნაშთის დაზუსტების შემდეგ ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული ნაშთის კვალიფიკაცია (ხელფასი, სესხი, დივიდენდი, სხვა) განსაზღვროს წარდგენილი პოზიციის შესაბამისად, მათ შორის შესაძლებლობის შემთხვევაში გამოყენებული იქნეს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი“.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა კონკრეტული მომწოდებლების მიმართ კრედიტორული დავალიანებების არსებობის-არარსებობის ფაქტის/ოდენობის დამატებით შესწავლასთან დაკავშირებით. შემმოწმებლებისთვის წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ასახულია მომწოდებლების მიმართ არსებული დავალიანებები ჯამურად 389 000 ლარი, მაშინ როცა წლიური შეძენები შეადგენს საშუალოდ 2 მლნ ლარს. ბუღალტრულ პროგრამაში არა არის ასახული კრედიტორებზე გადახდილი ნაღდი ფულის დიდი ნაწილი (გატარება 3110 – 1110/1430), რაც დასტურდება იმითაც, რომ შემოწმებისას შემმოწმებლისთვის წარდგენილი იქნა შედარების აქტები მომწოდებლების ნაწილზე, რომელთა მიმართ ბუღალტრულ პროგრამაში ასახული კრედიტორული დავალიანება შეადგენდა 280 000 ლარს, შედარების აქტებით დადასტურდა, რომ ეს კრედიტორული დავალიანებები ფაქტიურად არ არსებობდა. შესაბამისად შემოწმებით გადახდილად ჩაითვალა და სალაროს ნაშთისგან გამოკლებული იქნა დამატებით 279 000 ლარი. კრედიტორული დავალიანებების ის ნაწილი, რომლის დამატებით შესწავლასაც ითხოვს შეადგენს ჯამურად 100 000 ლარზე მეტს (რეალურად აღნიშნული თანხის უმეტესი ნაწილი გადახდილია კრედიტორებისათვის ნაღდი ანგარიშსწორებით). თუ დავაკვირდებით შემოწმების პროცესში შედარების აქტებით კრედიტორული დავალიანებისას შესწავლისას გამოვლენილ ტენდენციას იკვეთება სურათი, რომ ფაქტიურად არ გააჩნია კრედიტორული დავალიანებები და აღნიშნული საკითი საჭიროებს დამატებით შესწავლას, არსებითია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის. ასევე აღსანიშნავია რომ კრედიტორების ის ნაწილი, რომელთა მიმართაც არსებული დავალიანებებზე არ ყოფილა წარდგენილი შედარების აქტები წარმოადგენენ ძველ მომწოდებლებს და მათგან არ ხდებოდა საქონელის შეძენა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (ან ახლო პერიოდში).
აღნიშნულ ნაწილში ითხოვს მიეცეს საშუალება შემმოწმებლებს დამატებით წარუდგინოს მტკიცებულებები მომწოდებელი მხარეებისგან, რაც დააზუსტებს კრედიტორული დავალიანებების ოდენობებს. დღეის მდგომარეობით მოპოვებული აქვს შედარების აქტების ნაწილი და ახდენს შედარების აქტების მოძიებას საქონლის მომწოდებელი მხარეებისგან. იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხდება კონკრეტულ მომწოდებელთან დაკავშირება და შესაბამისად შედარების აქტის შედგენა (როგორც ზემოთ აღნიშნა მომწოდებლების დიდი ნაწილი აღარაა აქტიური მომწოდებელი, შეძენებს ახორციელებდა ძველ პერიოდში), ითხოვს მიეცეს საშუალება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია აღნიშნულ კრედიტორულ დავალიანების რეალურ (და არა ბუღალტრულ პროგრამაში ასახულ) ოდენობასთან დაკავშირებით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა მოახდინოს მიწოდებული ინფორმაციის შესწავლა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად. მხოლოდ ის გარემოება, რომ არ გააჩნია მომწოდებელი მხარეებისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (ჩეკი, ქვითარი, შედარების აქტი), მაშინ როდესაც შესაბამისი პირებისგან საქონელის შეძენა დასტურდება სასაქონლო ზედნადებებით და ანგარიშ-ფაქტურებით არ შეიძლება გახდეს იმის საფუძველი რომ, შემოწმებით არ მოხდეს აღნიშნული პირებისგან შეძენებზე გაწეული ფულადი ხარჯების გათვალისწინება. აღნიშნული გარემოება საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ბ.ა) ახორციელებს საქმიანობას იჯარით აღებულ ფართში, რომელიც წარმოადგენს ფ.პ. ------ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ნაწილს. უძრავი ქონება ასევე მოიცავს ფართს, რომელიც განკუთვნილია საბანკეტო დარბაზის საქმიანობისათვის. მოცემულ უძრავ ქონებაზე ელექტროენერგიის აბონენტად რეგისტრირებულია 1 პირი ------. ელ. ენერგიის მთლიანი ხარჯი (კომპანიის და საბანკეტო დარბაზის მიერ მოხმარებული) აღირიცხება -------ის აბონენტზე თუმცა კომპანიასა და მეიჯარეს შორის ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება შიდა მრიცხველი, რომელიც აღრიცხავს საწარმოს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობას. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი და შეადგინა ჯამურად 7 258 ლარი (თვეში საშუალოდ 240 ლარი). საწარმო მაღაზიის საქმიანობისათვის იყენებს 25-მდე მაცივარს/საყინულეს, რომელთა ყოველდღიური ელექტროენერგიის ხარჯი შეადგენს 1-დან 4 ლარამდე, ზომის და დანიშნულების შესაბამისად, ასევე მაღაზიაში განთავსებულია კონდიციონერი, რომლითაც ზამთრის პერიოდში ხდება გათბობა, გათბობისთვის ასევე გამოიყენება რამდენიმე ელექტროღუმელი (ობიექტზე არ მოიხმარება ბუნებრივი გაზი). წარმოადგენს ამონაწერს ენერგო-პრო ჯორჯიასგან, სადაც ასახულია ფ.პ. ------ის აბონენტზე მოხმარებული ელ. ენერგია, ასევე შეთანხმების აქტს ------სა და კომპანიას შორის, სადაც ასახულია ინფორმაცია საწარმოს მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე (გამიჯნული ინფორმაცია), ასევე ფოტომასალას და იმ მაცივრების ჩამონათვალს, რომლებიც გამოიყენება კომპანიის მიერ საქმიანობისათვის. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მარტის შემდეგ კოვიდის პანდემიასთან დაკავშირებით არსებითად შეიზღუდა დარბაზებისა და რესტორნების საქმიანობა, შესაბამისად უძრავ ქონებაზე მოხმარებული ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია კომპანიის მიერ მაღაზიის ფუნქციონირებასთან და წარმოადგენს მის ხარჯს. ითხოვს მიეცეს საშუალება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები ელექტოენერგიის ხარჯთან დაკავშირებით.
ბ.ბ) შემმოწმებლისათვის წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში არ არის ასახული ავტომანქანის შეძენის ხარჯი (ავტომობილის შეძენა დასტურდება კომპანიის სახელზე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით) დანართის სახით წარმოადგენს საბაჟო დეკლარაციას. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის დამატებითი შესწავლა.
გ. საწარმოს დამფუძნებლის მიერ კომპანიის ანგარიშზე განხორციელებული შენატანის ნაწილში, პოზიციაა, რომ შეტანილი თანხების გათვალისწინება (ბუღალტრული ნაღდი ფულის ნაშთიდან გამოკლება) უნდა მოხდეს მიუხედავად იმისა რა კვალიფიკაციით იქნა შეტანილი აღნიშნული თანხები დამფუძნებლის მიერ, აღნიშნულ ნაწილში განმსაზღვრელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დამფუძნებელმა თანხა შეიტანა ფირმის საბანკო ანგარიშზე, საწარმოს მიმდინარე საჭიროებების დასაფინანსებლად.
დ. ზემოთაღნიშნული საკითხების გათვალისწინების შემდეგ ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დარჩენილი ბუღალტრული ნაღდი ფულის ნაშთის კვალიფიკაცია (სესხი, დივიდენდი, ხელფასი) განისაზღვროს აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი პოზიციის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცდეს 20 პროცენტის ოდენობით.
შემოწმებისას დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით, განსაზღვრულ იქნა ყოველი თვის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი, რომელიც წარმოადგენს შესაბამის თვეში გაწეული საკასო ხარჯების და საკასო შემოსავლის ჯამის 10%-ს, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად. შესაბამისად, სხვაობა გაანგარიშებულ ნაშთსა და სააღრიცხვო ცხრილში მითითებულ უძრავ ნაშთს შორის პერიოდების მიხედვით განხილულ იქნა დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი. ამასთან, უპროცენტო სესხზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვარის №34 ბრძანების შესაბამისად გაანგარიშდა სარგებელი, რომელიც საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოპოვებული აქვს შედარების აქტების ნაწილი და ახდენს შედარების აქტების მოძიებას საქონლის მომწოდებელი მხარეებისგან. ითხოვს მიეცეს საშუალება შემმოწმებლებს დამატებით წარუდგინოს მტკიცებულებები მომწოდებელი მხარეებისგან, რაც დააზუსტებს კრედიტორული დავალიანებების ოდენობებს. ასევე, განმარტა, რომ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა იჯარით აღებულ ფართში, რომელიც წარმოადგენს ფ.პ. ------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილს. უძრავი ქონება ასევე მოიცავს ფართს, რომელიც განკუთვნილია საბანკეტო დარბაზის საქმიანობისათვის. მოცემულ უძრავ ქონებაზე ელექტროენერგიის აბონენტად რეგისტრირებულია 1 პირი ------. ელ. ენერგიის მთლიანი ხარჯი (კომპანიის და საბანკეტო დარბაზის მიერ მოხმარებული) აღირიცხება ------ის აბონენტზე თუმცა კომპანიასა და მეიჯარეს შორის ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება შიდა მრიცხველი, რომელიც აღრიცხავს საწარმოს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობას. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი წარმოადგენს ამონაწერს ენერგო-პრო ჯორჯიასგან, სადაც ასახულია ფ.პ. ------ის აბონენტზე მოხმარებული ელ. ენერგია, ასევე შეთანხმების აქტს -------სა და კომპანიას შორის, სადაც ასახულია ინფორმაცია საწარმოს მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე (გამიჯნული ინფორმაცია), ასევე ფოტომასალას და იმ მაცივრების ჩამონათვალს, რომლებიც გამოიყენება კომპანიის მიერ საქმიანობისათვის. ითხოვს მიეცეს საშუალება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები ელექტოენერგიის ხარჯთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ავტომობილის შეძენა დასტურდება საბაჟო დეკლარაციით, რომელიც ხარჯში არ არის გათვალისწინებული, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის დამატებითი შესწავლა.
მომჩივნის არგუმენტები საწარმოს დამფუძნებლის მიერ კომპანიის ანგარიშზე განხორციელებული შენატანის (კაპიტალის) ნაწილში დამატებითი შესწავლის მოთხოვნის შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული საკითხის შესწავლა დავალებულია შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12804 ბრძანებით და საბჭოს მხრიდან დამატებით დაფიქსირებას არ საჭიროებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას ამ მიზნით მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, კერძოდ:
1. შედარების აქტები და სხვა დოკუმენტები, რომლითაც დადგინდება კრედიტორული დავალიანების ოდენობები;
2. ელექტოენერგიის ხარჯის სწორად და სრულად განსაზღვრისათვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია გაწეული ხარჯის შესახებ;
3. ავტომობილის შეძენის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.
აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
4. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში დღგ-ის ჩათვლების განსაზღვრის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული, თუმცა შემოწმების აქტის გაანგარიშების დანართის მიხედვით, დეკლარირებული დღგ-ის ჩათვლა კორექტირებულია (შემცირებულია).
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, 2019 წლის 17 სექტემბერს იმპორტირებული ჰყავს ავტომობილი (საბაჟო დეკლარაციით), შესაბამისი საბაჟო დღგ ასახულია გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დღეის მდგომარეობით შესაბამისი დღგ არ არის ჩათვლილი არც დეკლარირებული მონაცემებით და არც შემოწმების აქტით. აღნიშნული ავტომანქანა გამოიყენებოდა დასაბეგრ ოპერაციებში, შეძენილი საქონლის ტრანსპორტირებისათვის, მანქანა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია და შესაბამისი რეალიზაცია დაბეგრილია დღგ-ით. დანართად წარმოადგენს შესაბამისი საბაჟო დეკლარაციის ამსახველ ინფორმაციას. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
გ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2019 წლის 17 სექტემბერს იმპორტირებული ჰყავს ავტომობილი (საბაჟო დეკლარაციით), შესაბამისი დღგ არ არის ჩათვლილი არც დეკლარირებული მონაცემებით და არც შემოწმების აქტით. აღნიშნული ავტომანქანა გამოიყენებოდა დასაბეგრ ოპერაციებში, შეძენილი საქონლის ტრანსპორტირებისათვის, მანქანა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია და შესაბამისი რეალიზაცია დაბეგრილია დღგ-ით. მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებულ ავტომობილზე დღგ-ის ჩათვლის წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (საბაჟო დეკლარაცია ან სხვ.), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ამ ნაწილში დღგ-ის ჩათვლის კორექტირება (გაზრდა).
5. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის №065-26 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას სანქციის სახით განესაზღვრა: ჯარიმა - 76 269 ლარი და საურავი - 34 330 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, დაფუძნების დღიდან (2019 წლის ივნისი) დღემდე მის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა შეადგენს 153400 ლარს, მათ შორის საშემოსავლო გადასახადი 50600 ლარი. ზემოთაღნიშნული საკითხებიდან გამომდინარეობს რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვების დიდი ნაწილი გამოწვეულია ხარჯების არასრული აღრიცხვით, მათ შორის არასრულად იყო აღრიცხული კომუნალური ხარჯები, საწარმოს არ აქვს მიღებული საწვავის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხარჯებში დამატებით გასათვალისწინებელია კრედიტორებზე გადახდილი ნაღდი ფული, დამფუძნებლების და ხელმძღვანელი პირების შენატანები გასათვალისწინებელია შემოწმებით დასაბეგრი ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას. ჩამოთვლილ საკითხებს არსებითი გავლენა ექნება შემოწმებით დარიცხული თანხებზე. იმ შემთხვევაშიც კი თუ გადაანგარიშების შემდეგ დარჩება დარიცხული თანხები, მათი ნაწილი განპირობებული იქნება ისეთი ხარჯებით რასაც რეალურად ადგილი ჰქონდა შპს ------ის საქმიანობისას მაგრამ ვერ ხდება მათი დადასტურება. აღნიშნული გამოწვეულია მხოლოდ ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომით, გთხოვთ გაგვათავისუფლოთ დარჩენილ თანხაზე დარიცხული ჯარიმა/საურავებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12804 ბრძანება;
3. პირველი დავის საგნის ნაწილში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს სადავო საკითხის (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების) მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების (დღგ-ის) კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. მე-3 და მე-4 დავის საგნების ნაწილში: ა) მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები; ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა;
2. საწარმოს დირექტორებზე ხელფასად განხილული ფულადი სახსრების ოდენობა;
3. არაგონივრული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
4. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრა;
5. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და ბუღალტრულ პროგრამაში არსებულ შემოსავალს შორის. ასევე, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აპრილის თვეში რეალიზებული აქვს დაზიანებული სატვირთო ავტომობილი 1500 ლარად, რომელიც არ არის ბუღალტრულ პროგრამაში ასახული და შესაბამისად, დაბეგრილი დღგ-ით. ამასთან, შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა პროგრამაში არსებული საქონლის რაოდენობრივი მოძრაობა, სადაც გამოვლინდა სხვაობა ბუღალტრულ პროგრამაში არსებულ რაოდენობრივ რეალიზაციას და ფაქტიურად რეალიზებულს შორის. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. შემოწმების მიერ ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და საქონლის მოძრაობის შედეგად გამოვლენილი სხვაობები ჩაითვალა პერიოდების მიხედვით, საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
3. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს სალაროში გააჩნია როგორც ნაღდი ფულის უძრავი ნაშთები, ასევე ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული თანხები. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით, განსაზღვრულ იქნა ყოველი თვის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი, რომელიც წარმოადგენს შესაბამის თვეში გაწეული საკასო ხარჯების და საკასო შემოსავლის ჯამის 10%-ს, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად. შესაბამისად, სხვაობა გაანგარიშებულ ნაშთსა და სააღრიცხვო ცხრილში მითითებულ უძრავ ნაშთს შორის პერიოდების მიხედვით განხილულ იქნა დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა. ამასთან, უპროცენტო სესხზე გაანგარიშდა სარგებელი, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
4. საგადასახადო შემოწმების აქტში დღგ-ის ჩათვლების განსაზღვრის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული, თუმცა შემოწმების აქტის გაანგარიშების დანართის მიხედვით, დეკლარირებული დღგ-ის ჩათვლა კორექტირებულია (შემცირებულია).
5. აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის №065-26 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას სანქციის სახით განესაზღვრა: ჯარიმა - 76 269 ლარი და საურავი - 34 330 ლარი.
გადაწყვეტილება
პირველი დავის საგნის ნაწილში, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების სწორად განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული საკითხის მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების (დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების) კორექტირება (შემცირება).
მე-3 და მე-4 დავის საგნების ნაწილში, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1"ა""ბ"), 163(1)(2), 164(1), 101(1)(2"ბ"), 154(1"ა"), 73(4)(9"ბ"), 97(1"გ"), 982(3"ზ")(8), 158(1), 174(1)(2)(3), 175(1"გ"), 176(1), 269(7);
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა"), 173(1), 174(1"ა")(2"ა.ა");
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის N 34 ბრძანება.