ბრძანება N 14838-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 13.05.2019
№ დოკუმენტი 14838-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14838

13/05/2019

ი/მ -------

(მის: ---------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 28 მარტს (ოქმი N19) და 11 აპრილს (ოქმი N22) გამართულ სხდომებზე განიხილა ი/მ ------- საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 7 დეკემბრის N039-27 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლის გაზრდას დამატებით წარმოებული ნადუღის რეალიზაციით. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ ხდება გადამუშავების შედეგად დარჩენილი შრატისგან ნადუღის წარმოება და შემდეგ მისი რეალიზაცია, რომელიც იწვევს დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დაკისრებას. რძიდან პროდუქტების წარმოების შედეგად გამოვლენილი შრატი შეადგენს პირვანდელი რაოდენობის თითქმის 85%-ს. ასეთი დიდი ოდენობით შრატის გადამუშავებას სჭირდება როგორც ენერგო რესურსი, ასევე დამატებითი დრო. კომუნალური ხარჯების გაანალიზების შედეგად ნათელი ხდება, რომ ფიზიკურად შეუძლებელია დამატებით ნადუღის წარმოება, მით უმეტეს იმაზე თითქმის ორჯერ მეტი რაოდენობის ვიდრე გადამხდელს აქვს რეალურად ნაწარმოები და დეკლარირებული. ამასთან, გასათვალისწინებელია წარმოების პროცესი და საწარმოო დანადგარების ტექნიკური შესაძლებლობები. საწარმოში დამონტაჟებული დანადგარები არის თურქული წარმოების, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ჩიპებით. ჩაყენებულ ჩიპებში აღირიცხება ყველანაირი ინფორმაცია რა პერიოდით იყო დატვირთული დანადგარი და ა.შ. აღნიშნული მეხსიერების ბარათის გარეშე დანადგარი არ ასრულებს თავის სამუშაოს.

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 7 ივნისის N14219 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული იქნა ი/მ ------- გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 4 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2018 წლის 7 დეკემბრის N35057 ბრძანება და N039-27 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 433 487,51 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 266 707,50 ლარი, ჯარიმა 117 756 ლარი, საურავი 49 024,01 ლარი.

სადავო საკითხთან მიმართებაში საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად ირკვევა, რომ მეწარმე არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმებისთვის წარმოდგენილი განმარტების შესაბამისად მისი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შედგება პირველად საგადასახადო დოკუმენტებში დაფიქსირებული თანხებისგან (სასაქონლო ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა). მეწარმეს არ წარმოუდგენია წარმოების და საქონლის მოძრაობის ანგარიში.

შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით იხელმძღვანელა მის ხელთ არსებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით, წარმოდგენილი წარმოების კალკულაციებით და სხვადასხვა გაანგარიშებებით. შედეგად, პუნქტობრივად ჩაიშალა პირის შემოსავლები:

1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით რეალიზებული ყველიდან მიღებული შემოსავლები (ყველი იმერული, სულგუნი და ა.შ რომელიც ნაწარმოებია ნატურალური რძისგან).

2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით რეალიზებული ნადუღის და იმერული ყველიდან (რომელიც შემოწმებით დაკვალიფიცირდა დღგ-ით დასაბეგრად) მიღებული შემოსავლები.

3. შემოწმებით დამატებით წარმოებული ნადუღის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები

4. შემოწმებით დამატებით წარმოებული იმერული ყველის რეალიზაციიდან (რძის ფხვნილით) მიღებული შემოსავლები.

5. სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული დამატებით გამოვლენილი სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მეწარმე შესამოწმებელ პერიოდში ნატურალური რძისგან აწარმოებს ნადუღს. აღნიშნულის საწარმოებლად გამოიყენება ე.წ შრატი, რომელიც რჩება რძიდან რძის პროდუქტების წარმოების (ამოყვანის) შემდეგ. არსებული წარმოების კალკულაციებიდან გამომდინარე, 100 ლიტრი რძიდან რჩება 85 ლიტრი შრატი, ხოლო 1 კგ ნადუღის წარმოებას დაახლოებით ჭირდება 33 ლიტრი შრატი. მეწარმის განმარტებით, წარმოებიდან დარჩენილ შრატის მხოლოდ იმ რაოდენობას იყენებს რომელიც საჭიროა შეკვეთების შესასრულებლად, ხოლო დანარჩენ ნაწილს ღვრის. ზემოაღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი შემოწმებისთვის წარმოდგენილი არაა.

შემოწმებამ იხელმძღვანელა პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით, საწარმოს მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებებით და სხვა აღნიშნულთან დაკავშირებული ინფორმაციით. შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ნედლი რძიდან განისაზღვრა მიღებული შრატის ოდენობა, რომელსაც გამოაკლდა საწარმოს მიერ რეალიზებული ნადუღის საწარმოებლად საჭირო ოდენობა. დარჩენილი შრატით ნაწარმოები იქნა ნადუღი, რომელიც დამატებით დაექვემდებარა დაბეგვრას.

 

სადავო საკითხის განხილვისას შემოსავლების სამსახურმა მიუთითა სსკ-ის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, 1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია ა) საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ამასთან, ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის ან/და მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის თანხის გადახდის ვალდებულების მომენტისა.

როგორც ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, მეწარმე ნადუღს აწარმოებს რძის პროდუქტების წარმოების შემდეგ რძისგან დარჩენილი შრატით. რძიდან პროდუქტების წარმოების შედეგად გამოვლენილი შრატი შეადგენს პირვანდელი რაოდენობის თითქმის 85%-ს.

გადასახადის გადამხდელის მიერ განიმარტა, რომ ნადუღის საწარმოებლად იყენებს იმ ოდენობის შრატს, რამდენიც საჭიროა შეკვეთების შესასრულებლად, ხოლო დანარჩენი იღვრება, ვინაიდან მორჩენილი შრატისგან სრულად ნადუღის წარმოებას საწარმო ფიზიკურად ვერ შეძლებს. ამასთან, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე იმ რაოდენობით პროდუქტის რეალიზაციას, რაც აუდიტის მიერ იქნა გაანგარიშებული საწარმო ვერ შეძლებდა.

შემოსავლების სამსახურის მიერ გაზიარებული იქნა გადასახადის გადამხდელის ზემოაღნიშნული არგუმენტაცია, ასევე ის გარემოება, რომ მორჩენილი შრატის მთლიანად გადამუშავებას სჭირდება როგორც დამატებითი დრო, ასევე ენერგორესურსი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაფიქსირებული პოზიციის თანახმად არ დასტურდება ენერგორესურსის იმ რაოდენობით ხარჯვა, რაც საჭიროა დამატებითი რაოდენობის ნადუღის საწარმოებლად. შემოსავლების სამსახურმა მხედველობაში მიიღო ასევე მეთოდოლოგიის დეპარტამენტის პოზიცია (ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის N2348 ბრძანება), რომლის თანახმადაც იმისათვის, რომ დადასტურდეს პროდუქციის წარმოება უნდა ფიქსირდებოდეს ამ პროდუქტის საწარმოებლად საჭირო სხვა კომპონენტების ხარჯვაც, რასაც აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება შემოწმების მიერ გამოვლენილი და გადამხდელის განმარტებით გადაღვრილი შრატისგან დამატებით ნადუღის წარმოების ფაქტი, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- 2019 წლის 3 იანვრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოწმებით გამოვლენილი და გადამხდელის განმარტებით გადაღვრილი შრატისგან დამატებით ნადუღის წარმოების საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება;

3. ამ ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

3. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლის გაზრდას დამატებით წარმოებული ნადუღის რეალიზაციით და აცხადებს, რომ შრატის მთლიანად გადამუშავებას სჭირდება როგორც დამატებითი დრო, ასევე ენერგორესურსი, შედეგად ნათელი ხდება, რომ შეუძლებელია დამატებით ნადუღის წარმოება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მეწარმე ნატურალური რძისგან აწარმოებს ნადუღს. აღნიშნულის საწარმოებლად გამოიყენება ე.წ შრატი. არსებული წარმოების კალკულაციებიდან გამომდინარე, 100 ლიტრი რძიდან რჩება 85 ლიტრი შრატი, ხოლო 1 კგ ნადუღის წარმოებას დაახლოებით ჭირდება 33 ლიტრი შრატი. მეწარმის განმარტებით, წარმოებიდან დარჩენილ შრატის მხოლოდ იმ რაოდენობას იყენებს რომელიც საჭიროა შეკვეთების შესასრულებლად, ხოლო დანარჩენ ნაწილს ღვრის..

შემოწმებით მიღებული ნედლი რძიდან განისაზღვრა მიღებული შრატის ოდენობა, რომელსაც გამოაკლდა საწარმოს მიერ რეალიზებული ნადუღის საწარმოებლად საჭირო ოდენობა. დარჩენილი შრატით ნაწარმოები იქნა ნადუღი, რომელიც დამატებით დაექვემდებარა დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება შემოწმების მიერ გამოვლენილი და გადამხდელის განმარტებით გადაღვრილი შრატისგან დამატებით ნადუღის წარმოების ფაქტი, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 100

01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1)