გადაწყვეტილება №19459/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.07.2023
№ დოკუმენტი 19459/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19459/2/2023

27 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 20.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19459/2/2023).

 

დავის საგანი:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისათვის ჯარიმის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.02.2023 წლის №CB1439935 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7532 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა (დანაკლისი) – 2 374.32 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის 31.01.2023 წლის №სმფ-4739 (10.02.2023 წლის №სმფ-4739/2) ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა საწარმოს მიერ წარმოდგენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში (დანართი №24) მითითებული ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დადასტურება და დოკუმენტის შედგენა.

მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირები კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოცხადდნენ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესაბამის დოკუმენტში მითითებულ ადგილზე (-------, -------). სულ დანართი №24-ში წარმოდგენილი იყო 82 დასახელების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა, რომლის ღირებულება შეადგენდა 76 169.85 ლარს. დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობა არ დაემთხვა ფაქტობრივად არსებულს. დანაკლისმა თვითღირებულებით შეადგინა 2 374.32 ლარი.

აღნიშნულზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.02.2023 წლის №CB1439935 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 2 374.32 ლარის ოდენობით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7532 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 145 მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 33-ე მუხლის პირველი პუნქტით, საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მნიშვნელოვანია, რომ გასაჩივრებული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქცია გამომდინარეობდა კომპანიაში დასაქმებული პირის უკანონო ქმედებისგან. შესაბამისად, აღნიშნული პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ პირდაპირი ასახვა ჰპოვა კომპანიის შემოწმების შედეგებზე და მისი ბრალეული ქმედებით კომპანიას დამატებით, გარდა პირდაპირი ზარალისა, დაერიცხა ასევე საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დადგენილი სანქციები. შესაბამისად, მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა არასწორი სამართლებრივი შეფასებები მისცა საჩივარში აღწერილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საწარმოს მენეჯერის მიერ კომპანიის ბუღალტრისთვის არასწორად იქნა მიწოდებული ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობა „ექსელის“ დოკუმენტით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ განაცხადში უნდა ყოფილიყო ასახული ინფორმაცია შემდეგი ზედნადებებიდან:

1. №ელ-------, 2. №ელ-------, 3. №ელ-------- და 4. №ელ-------. ხოლო, 2023 წლის 27 იანვარს ID -------, შტრიხკოდი: -------, განაცხადში მით მითითებული ჩამოსაწერი სმფ-ების ოდენობაში საწარმოს მენეჯერის მხრიდან ნაცვლად №ელ------- სასაქონლო ზედნადებში ასახული პროდუქციისა, შეცდომით მითითებულ იქნა 07.11.2022 ID: -------, შტრიხკოდი: ------- სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში ასახული პროდუქცია. იმის გამო, რომ კომპანიის ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობის დათვლა ბუღალტრის მიერ შეუძლებელი იყო მათი ოდენობიდან გამომდინარე, იგი დაეყრდნო საწარმოს მენეჯერის მიერ მოწოდებულ ექსელის ფაილში ასახულ რაოდენობას და აღარ გადაუმოწმებია მათი სისწორე.

ვინაიდან, სასაქონლო ზედნადებში №ელ------- ასახული პროდუქცია აღემატება 07.11.2022 ID: -------, შტრიხკოდი: ------- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში არსებულ პროდუქციის ოდენობას, სხვაობიდან მიღებული ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 4 498 ერთეული იმყოფება ------- საწყობში. ამასთან, დამატებით გვსურს გაცნობოთ, რომ 4 498 ერთეულის სავარაუდო ღირებულება გახლავთ 9500 ლარი და აღნიშნული ოდენობის ჩამოწერა რომ მომხდარიყო ადგილზე გაუსვლელად, კომპანიას გაცილებ ით მეტი ზიანი მიადგებოდა, რადგანაც აღნიშნული ერთეულების ოდენობა კომპანიას აესახებოდა დანაკლისში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის მხრიდან შეცდომის ფაქტს და არა მიზანმიმართულ ქმედებას რათა შემოსავლების სამსახური შეეყვანა შეცდომაში.

ზემოაღნიშნულ ნაშთის არსებობას ადასტურებენ ადგილზე მისული საგადასახადო ოფიცრებიც. შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში აღნიშნა, რომ შემდგომში აუცილებლად მიმართავდა განაცხადით დასახელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის მოთხოვნით. ამ ეტაპზე აღნიშნული მოთხოვნა არ აქვს დაყენებული, ვინაიდან, ელის წინამდებარე ადმინისტრაციულ საჩივარზე პასუხს/გადაწყვეტილებას. რადგანაც განაცხადით მიმართვისა და შემდგომ ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება თქვენთვის ამ ჩამოსაწერი ნაშთისა და კომპანიის მხრიდან არსებული შეცდომის დადასტურება.

საგადასახადო სამართალდარღვევები საქართველოში მოწესრიგებულია საგადასახადო კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებსა და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით განსაზღვრულია ქმედების საგადასახადო სამართალდარღვევად მიჩნევისა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები, რომლის მიხედვით საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საგადასახადო პასუხისმგებლობა არის კონკრეტული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთ ან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების მიხედვით კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების შესაძლებლობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გადასახადის გადამხდელის შეცდომა მიიჩნევა ერთ-ერთ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების გარემოებად, კერძოდ, კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი შეიძლება განთავისუფლდეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ სამართალდარღვევა გამო წვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ. საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე, მას არ გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება.

ზემოთაღწერილი გარემოებები ცხადყოფს, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა შეცდომას და მის ქმედებებში არ იკვეთება მიზანმიმართული ქმედება, რათა შემოსავლების სამსახური შეეყვანა შეცდომაში. არამედ, კონკრეტულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურისთვის არასრწორი ინფორმაციის მოწოდება მოხდა თანამშრომლის ბრალეული ქმედების გამო. შესაბამისად, კომპანიას არ გააჩნდა ინფორმაცია რომ ჩადიოდა კანონით აკრძალულ ქმედებას და მოქმედებდა კეთილსინდისიერად. სწორედ ამ საფუძვლების გათვალისწინებით მოითხოვს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საუძველზე, ბათილად იქნეს ცნობილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

დასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.

საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე, იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.05.2023 წლის №47422-21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 31.01.2023 წლის №სმფ-4739 (10.02.2023 წლის №სმფ-4739/2) ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საწარმოს მიერ წარდგენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში (დანართი №24) მითითებული ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დადასტურება და დოკუმენტის შედგენა. ზემოთაღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა მიმდინარე წლის 10 თებერვალს, მას ასევე განემარტა ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები. სულ დანართი №24-ში წარმოდგენილი იყო 82 დასახელების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა, 76169,85 ლარის ღირებულებით. დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობა არ დაემთხვა ფაქტობრივად არსებულს, გამოვლინდა დანაკლისი, კერძოდ თვითღირებულებით 2374,32 ლარი, რაზედაც საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შპს ------- დაჯარიმდა წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო ღირებულებით, შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1439935 და შეეფარდა სანქცია 2 374,32 ლარის ოდენობით. ასევე, მიმდინარე წლის 13 თებერვალს საწარმომ უზრუნველყო ჩამოსაწერი სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწარმოს ტერიტორიიდან სატვირთო ავტომობილით გატანა (სახ. ნომრით: -------, მისაბმელი სახ. ნომრით: -------), ხოლო განადგურება მოხდა ------- ნაგავსაყრელის მყარი ნარჩენების პოლიგონზე შპს „-------“-ის (ს.ნ -------) მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საქმეზე არსებული მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისათვის საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 თანახმად, ჯარიმის თანხის დაკისრება მართებულია.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპანიის ბუღალტრისთვის არასწორად იქნა მიწოდებული ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობა „ექსელის“ დოკუმენტით, რამაც გამოიწვია აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევა, კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა შეცდომას და არ იკვეთება მიზანმიმართული ქმედება, მოქმედებდა კეთილსინდისიერად, შესაბამისად, მოითხოვა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საუძველზე, სანქციისაგან გათავისუფლება, თუმცა ვერ შეძლო დასახელებული არგუმენტის რაიმე ფორმით დასაბუთება ან მტკიცებულებით დადასტურება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისათვის ჯარიმის დაკისრებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა საწარმოს მიერ წარმოდგენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში (დანართი №24) მითითებული ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დადასტურება და დოკუმენტის შედგენა.

მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირები კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოცხადდნენ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესაბამის დოკუმენტში მითითებულ ადგილზე. დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობა არ დაემთხვა ფაქტობრივად არსებულს.

აღნიშნულზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7532 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 145(6-7); 269(7); 279(3)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 33(1)