გადაწყვეტილება №20835/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.11.2023
№ დოკუმენტი 20835/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20835/2/2023

22 .11. 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----------ი“ (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------ის“ 14.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20835/2/2023).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის თანხების შემცირება;

2. გაცემული ხელფასის და მომსახურების ანაზღაურების თანხების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივნისის №007-130 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 აგვისტოს №19369 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 457 017 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 269 726

მოგების გადასახადი - 210 176

საშემოსავლო გადასახადი - 59 550

ჯარიმა - 134 863

საურავი - 52 428

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების შესრულება. კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 6 აპრილს, ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 თებერვლის №3708 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 6 აპრილიდან 2023 წლის 27 თებერვლამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივნისის №12418 ბრძანება და №007-130 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 457 017 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 26 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 8 აგვისტოს №19369 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის თანხების შემცირება

ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმების აქტით ამ ნაწილში დარიცხვა არ არის განხორციელებული.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში სხვაობა არ არის გამოვლენილი და დარიცხვა არ არის განხორციელებული. ასევე, აღნიშნული საკითხები შემოწმების პროცესში გავლილი იყო გადასახადის გადამხდელთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი პირველ და მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას გადასახადების ნაწილი არ ჰქონდა სრულად დეკლარირებული, არის საკითხები, რაც საჭიროებს შემმოწმებლების მხრიდან ხელახალ შესწავლას და დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხების გადაანგარიშებას.

იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიას გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ჰყავდა ბუღალტერი, საწარმოს მხრიდან არ იყო დეკლარირებული რეალიზაციების ნაწილი, თუმცა ამის მიუხედავად თანხების დარიცხვა მომხდარია არასწორად. საჭიროა შემმოწმებლებმა მომჩივანთან ერთად ხელახლა გაიარონ რეალიზაციები და ჩასათვლელი დღგ-ის თანხები და მოახდინონ გამოვლენილი ხარვეზების შესაბამისად გადასახადისა და სანქციის თანხების გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, საგადასახადო შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში სხვაობა არ არის გამოვლენილი და დარიცხვა არ განხორციელებულა. საკითხი შემოწმების პროცესში გავლილი იყო გადასახადის გადამხდელთან. შესაბამისად, გაუგებარია რას ასაჩივრებს მომჩივანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დავის საგნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. გაცემული ხელფასის და მომსახურების ანაზღაურების თანხების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმების აქტით ამ ნაწილში დარიცხვა არ არის განხორციელებული.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიუხედავად დარიცხული თანხებისა, საწარმოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჰქონდა საშენი მასალა (რომელსაც ყიდულობდა საბაზრო ღირებულებასთან შედარებით იაფად), რომელზეც არ გამოურთმევია პირადი ინფორმაცია, რომ შეექმნა შესყიდვის აქტი. მომჩივანი ითხოვს შეუმცირდეს დარიცხული საჯარიმო სანქციის თანხები. კომპანიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დარიცხული ჯარიმების ოდენობის შემცირებას. მნიშვნელოვანია იყოს ქმედუნარიანი კომპანია და იფუნქციონიროს, რათა შეძლონ დაშვებული შეცდომების გასწორება. დაშვებული შეცდომები არის იმ დროისთვის გაუაზრებელი, არ იცოდნენ რა შედეგები მოყვებოდა, რამაც დააყენა დიდი დილემის წინაშე. მიუხედავად იმისა რომ აღიარებენ, მათი ვარაუდით, მომსახურების ანაზღაურების ნაწილში გამოყენებული მიდგომები არ შეესაბამება შემოსავლების სამსახურში დამკვიდრებულ პრაქტიკას, ასევე ამ განაცემებთან დაკავშირებულ იმ პრაქტიკას, რომელიც დამკვიდრებულია შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინსიტროში დავების განხილვისას. ამიტომ მიაჩნიათ, რომ საჭიროა შემმოწმებლებმა მათთან ერთად მოახდინონ გაცემული ხელფასისა და მომსახურების ანაზღაურების ნაწილში დაკავებული გადასახადის ხელახალი შესწავლა და განახორციელონ გამოვლენილი ხარვეზების შესაბამისად გადასახადისა და სანქციის თანხების გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, საგადასახადო შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში სხვაობა არ არის გამოვლენილი და დარიცხვა არ განხორციელებულა. საკითხი შემოწმების პროცესში გავლილი იყო გადასახადის გადამხდელთან. შესაბამისად, გაუგებარია მომჩივნის მოთხოვნის შინაარსი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს უსრულებს როგორც ქვეკონტრაქტორი შპს „----------ს“ (ს/ნ ---------------) და შპს „-----------ას“ (ს/ნ ---------------) , რომელებიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვების საფუძველზე ასრულებენ სამუშაოებს. შემოწმების პროცესში მომჩივანმა წარადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, ბანკის ცნობები და ამონაწერები და მოთხოვნილი დოკუმენტაცია. კომპანიას 2022 წლის აპრილის თვის შემდგომ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება არ უფიქსირდება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი 1 131 450 ლარის ოდენობით, რაზეც წარადგინა ახსნა-განმარტება, რომ აღნიშნული ფულის ნაშთი გაცემულია დივიდენდის სახით 2022 წლის აპრილის თვეში. თუმცა, აღნიშნულ განაცემთან მიმართებაში არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 130-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის აპრილის თვეში გაცემული დივიდენდი (1 131 450 ლარი) დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივნისის №007-130 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, საწარმოს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 457 017 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 269 726 ლარი, ჯარიმა - 134 863 ლარი და საურავი - 52 428 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ბუღალტრულ პროგრამაში არსებული ნაშთი - 1 131 450 ლარი, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ახსნა-განმარტებაში ჩათვალეს დივიდენდად გაცემულად, იყო კერძო პირებისგან განხორციელებულ შესყიდვებზე გადახდები, რომლებზეც ვერ შეძლეს დოკუმენტის წარდგენა. მოცემული მიზეზით დაგროვდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი. შემოსავლების სამსახურს დაუდასტურეს და აღიარეს აღნიშნული დავალიანება. საწარმოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას, რის გამოც ითხოვს შეუმცირდეს სანქციის თანხა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

რაც შეეხება სხვა ჯარიმებს, რაიმე სახის გადაცდენები კომპანიას არ ჰქონია, გარდა ზემოაღნიშნულისა. აღნიშნულ დარღვევას ძალიან განიცდიან და ითხოვენ შეუმცირდეთ დარიცხული ჯარიმები, რაც მომავალში არსებობისა და ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია, გადამწყვეტიც კი.

გაუგებარია რისთვის დაერიცხათ, ვინაიდან ანალოგიურ შემთხვევებში წარსულში შემოსავლების სამსახური არ იყენებდა მსგავს სანქციებს. მიაჩნიათ, რომ ყველასთვის ამ მძიმე პერიოდში ბიზნესის დაჯარიმება იგივე საფუძვლით (რაც ადრე არ ჯარიმდებოდა) არ უნდა ხდებოდეს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს შეუმცირდეს დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის თანხების შემცირება; გაცემული ხელფასის და მომსახურების ანაზღაურების თანხების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან;დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების შესრულება. კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 6 აპრილს, ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №3708 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 6 აპრილიდან 2023 წლის 27 თებერვლამდე. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №12418 ბრძანება და №007-130 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 457 017 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №19369 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

დღგ-ის თანხების შემცირების, გაცემული ხელფასის და მომსახურების ანაზღაურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, საგადასახადო შემოწმებით სხვაობა არ არის გამოვლენილი და დარიცხვა არ განხორციელებულა. საკითხი შემოწმების პროცესში გავლილი იყო გადასახადის გადამხდელთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დავის საგნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან,პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);