ბრძანება N 7938

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.04.2023
№ დოკუმენტი 7938
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7938

11.04.2023

შპს „---ის” (ს/ნ ---)

(მის: --)

2023 წლის 20 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა შპს „---ის” (ს/ნ ---) 2023 წლის 20 მარტის №19161/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 მარტის №188057 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი ითხოვს სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას. განმარტავს, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარდგენილი იყო განსახილველ ვადაში, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით. აცხადებს, რომ აუდიტის წარმომადგენლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა დათარიღებულია მეილზე 14 მარტით, ხოლო ოქმი გამოწერილია 13 მარტს. ამასთანავე, მომჩივანი აცხადებს, რომ 19 თებერვალს ელექტრონულ პორტალზე არ მიუღია არანაირი ინფორმაცია, ელექტრონულ პორტალზე მიიღო მხოლოდ 21 თებერვლის ბრძანება, რომელიც ითვალისწინებდა შემოწმების თარიღის გადაწევას და მასში არ იყო მითითებული არანაირი ინფორმაცია მოთხოვნილ დოკუმენტებზე.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებიდან და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 28 ნოემბერს დაიწყო გადამხდელის საგადასახადო შემოწმება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გადამხდელს გაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა, რომელსაც შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე გაეცნო 2022 წლის 6 დეკემბერს, მოთხოვნილი ინფორმაცია კი წარმოადგინა არასრულად, რის საფუძველზეც შპს „---“ დაჯარიმდა 279-ე მუხლის შესაბამისად 400 ლარის ოდენობით, რაზეც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188048. გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდის საშუალებით 2023 წლის 13 თებერვალს ჩაიბარა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70- ე მუხლის თანახმად განმეორებით გაგზავნილი 2023 წლის 10 თებერვლის N21-14/10835 წერილი, რის საფუძველზეც გადამხდელს განესაზღვრა 5 დღის ვადა ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად.

შპს „--- ის“ მიერ კვლავ არ განხორციელდა 10 თებერვლის წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენა დადგენილ ვადაში, რის საფუძველზეც გადამხდელს შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაზეც 2023 წლის 13 მარტს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188057.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები). ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დღემდე სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე დაბეგვრასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის N21-14/10835 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გადამხდელს გაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა, რომელსაც შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე გაეცნო 2022 წლის 6 დეკემბერს, მოთხოვნილი ინფორმაცია კი წარმოადგინა არასრულად, რის საფუძველზეცა 279-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა ჯარიმა 400 და 1000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 70 (1ა); 43 (1,4); 269; 270 (1,2); 279 (1,2).