ბრძანება N 14468
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14468
23.06.2023
შპს „-----------“-ის (ს/ნ ----------)
( მის.: ----------------)
2023 წლის 9 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ --------) №81569/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №086-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმისგან გათავისუფლებას. მიუთითებს, რომ დარიცხვა განაპირობა მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალ წესზე გადასვლით გამოწვეულმა გაურკვევლობამ. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ აღიარებს დაშვებულ შეცდომას და არ გაურბის გადასახადისა და საურავის გადახდას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33718 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენა. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 23 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 10 აპრილის №7826 ბრძანება და ამავე თარიღის №086-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 11 529 ლარი, მათ შორის, გადასახადი 6 314 ლარი, ჯარიმა 3 157 ლარი, საურავი 2 058 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში, წყალგაყვანილობის სამუშაოების შესრულება. კომპანიის დამფუძნებლები არიან ---------- (წილობრივი მონაწილეობა - 50%) და ------------ (წილობრივი მონაწილეობა - 50%, ამავე დროს წარმოადგენს კომპანიის დირექტორს). საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 20 ლარს.
შემოწმებამ შეისწავლა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, საიდანაც გაირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთად (დეკლარირებული მონაცემების მიხედვით) კომპანიას უფიქსირდებოდა გაუნაწილებელი მოგება. შემოწმების მიმდინარეობისას, პირის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების შესაბამისად, ბუღალტრულ გატარებებში „საწესდებო კაპიტალის შემცირებად“ აღრიცხული განაცემები განხილულ იქნა დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად, რამაც შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 120 000 ლარი. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის, 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის, 98-ე მუხლის პირველი ნაწილის და 130-ე მუხლის დებულებების შესაბამისად, განისაზღვრა პირის საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოწმების შედეგად გაანგარიშდა ჩასათვლელი თანხა, რითაც შემცირდა მოგების გადასახადის ძირითადი ნაწილი. აღნიშნული ოპერაციის მიხედვით, მოგების გადასახადში დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ დადგინდა. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ.ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში, წყალგაყვანილობის სამუშაოების შესრულება.შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთად (დეკლარირებული მონაცემების მიხედვით) კომპანიას უფიქსირდებოდა გაუნაწილებელი მოგება. შემოწმების მიმდინარეობისას, ბუღალტრულ გატარებებში „საწესდებო კაპიტალის შემცირებად“ აღრიცხული განაცემები განხილულ იქნა დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად. ამასთან, შემოწმების შედეგად გაანგარიშდა ჩასათვლელი თანხა, რითაც შემცირდა მოგების გადასახადის ძირითადი ნაწილი. აღნიშნული ოპერაციის მიხედვით, მოგების გადასახადში დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ დადგინდა. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(1);270(1);275(2);269(7);