ბრძანება N 20992
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20992
24 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2026 წლის 25 აგვისტოს
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №82) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №104239/1/2026 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 23 მარტის №232-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას (2026 წლის 20 მარტის N6083 ბრძანება) და ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ინვენტარიზაციის შედეგებს და ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძვლით ითხოვს დავის დაწყებას. აცხადებს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია დანაკლისად, რეალურად არსებობს და განთავსებულია იმ ტერიტორიაზე, სადაც ინვენტარიზაციის დაწყების მომენტიდან იყო დასაწყობებული. განმარტავს, რომ შპს „---ს“ ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა შპს „---თან“, რომლის მიხედვითაც შპს „---ს“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები განთავსებული იყო შპს „---ის“ ტერიტორიაზე. მიუთითებს, რომ ამ უკანასკნელის ფინანსური პრობლემების გამო დაყადაღდა მისი ქონება და მესამე პირებს აეკრძალათ კომპანიის ტერიტორიაზე შესვლა. შესაბამისად, შემოწმებამ ვერ შეძლო ინვენტარიზაციის ჩატარება. აღნიშნულის შემდგომ მოცემული ტერიტორია გადავიდა სს „---ს“ საკუთრებაში, რომელმაც, თავის მხრივ, ტერიტორია იჯარის ხელშეკრულებით გადასცა შპს „---ს“. გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ახალ მოიჯარესთან გაფორმებული მიბარების ხელშეკრულება და აცხადებს, რომ აღნიშნულით დასტურდება სადავო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოცემულ ტერიტორიაზე განთავსების ფაქტი. მომჩივანი, ასევე, განმარტავს, რომ ტერიტორიაზე შესვლა ამჟამად დაშვებულია, შესაბამისად, შემოწმებას შეუძლია შევიდეს და ჩაატაროს ინვენტარიზაცია. ამასთან, მომჩივანი მიუთითებს, რომ კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გამოიცა კანონმდებლობისა და შემოსავლების სამსახურის ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს საკითხი დამატებით არ შეუსწავლია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 16 სექტემბრის №20355 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. „შპს ---ს (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 16 სექტემბრის №20355 ბრძანების აღსრულების მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული დამატებითი შესწავლის შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმა გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. კერძოდ, საკითხის განმეორებით შესწავლის დროსაც არ გამოვლენილა ინვენტარიზაციის მიმდინარეობის პროცესში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისგან განსხვავებული გარემოება, რაც, თავის მხრივ, იქნებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირების (შემცირების) საფუძველი. ასევე, არც გადასახადის გადამხდელს წარმოუდგენია დამატებითი არგუმენტები, რის საფუძველზეც მოხდებოდა სანქციის შემცირება.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 16 სექტემბრის №20355 ბრძანების აღსრულების შედეგებზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა 2026 წლის 20 მარტის №6083 ბრძანება და 2026 წლის 23 მარტის №232-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულ ბრძანებაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, ასევე, მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს „---“ (ს/ნ ---) NCB1783927 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად დაჯარიმდა 54671.14 ლარით. შპს „---“-მ 2025 წლის 18 აგვისტოს შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა N97615/1/2025 საჩივარი, რომლითაც არ ეთანხმებოდა და ასაჩივრებდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივლისის NCB1783927 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა იმ ფაქტს, რომ ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. ინვენტარიზაციის დაწყებისას შპს „---“- ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საწარმოს სმფ-ები განთავსებული იყო მეიჯარის, კერძოდ: შპს ,,---“-ს კუთვნილ ტერიტორიაზე და დასტურად წარმოადგინა უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დროებით სარგებლობაში (11 თვის ვადით) იღებდა მეიჯარის საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ---ში --- და ---ს ქუჩებზე მდებარე უძრავ ქონებას - საკადასტრო კოდებით: ---; ---; ---; ---; ---. მოიჯარეს აღნიშნული ობიექტი უნდა გამოეყენებინა ზეთის გადასამუშავებლად. იჯარის ხელშეკრულება შედგენილი იყო 2022 წლის 25 აგვისტოს. ინვენტარიზაციის პროცესში დადგინდა, რომ ის უძრავი ქონება, სადაც გადამხდელის განმარტებით განთავსებული იყო მის საკუთრებაში რიცხული სმფ-ები და სადაც ეზღუდებოდა შესვლა სასამართლო დავის საფუძველზე, ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით იყო სს „---“-ს საკუთრება. სს „---“-ს 2025 წლის 4 მარტისა და 2 ივლისის N2/00131 და N2/00418 წერილებით გაირკვა რომ, ზემომითითებული უძრავი ქონება ნამდვილად ირიცხებოდა სს “---“-ს საკუთრებაში. ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული იყო მოძრავი ქონებები. სს “---“-სა და შპს „---“-ს შორის სამართლებრივი დავა არ მიმდინარეობდა. სს „---“ და შპს „---“ ერთმანეთთან არანაირ სამართლებრივ ურთიერთობაში არ იმყოფებოდა. სწორედ აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სმფ-ების ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. სადავო ადმინისტრაციულ აქტებს გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2026 წლის 23 მარტს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის დაწყებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად:
6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარს თან ურთავს შპს „---თან“ 2026 წლის 24 აპრილს გაფორმებულ მიბარების ხელშეკრულებას, რომლის თანახმად:
შპს „---“ (ს/ნ ---) წარმოადგენს მიმბარებელს, ხოლო შპს „---“ (ს/ნ ----) - შემნახველს;
ხელშეკრულების საგანი - „შემნახველი“ ვალდებულია, შეინახოს „მიმბარებლის“ მიერ მისთვის გადაცემული საქონელი და დაუბრუნოს იგი უვნებლად „მიმბარებელს“ პირველი მოთხოვნისთანავე.
ამასთან, მიბარებული საქონლის დასახელება, განთავსების ადგილი ერთვის ხელშეკრულებას (დანართი 1); შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ აღნიშნული ხელშეკრულების დანართი 1-ის თანახმად, დროებით სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე, მისამართზე:---ის დასახლება, ---, განთავსებულია შპს „---ს" (ს/ნ ---) კუთვნილი შემდეგი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები: ზეთი, 62288 კგ,2. საპნის საწარმოებელი დანადგარი, 1 ერთეული.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტების/მტკიცებულებების დროულად წარმოდგენას შესაძლოა, გამოეწვია მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მიხედვით ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველს.
სადავო ადმინისტრაციულ აქტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლოსალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი.
ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.
ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებს და აცხადებს, რომ სასაქონლომატერიალური ფასეულობები, რომლებიც ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია დანაკლისად, რეალურად არსებობს და განთავსებულია იმ ტერიტორიაზე, სადაც ინვენტარიზაციის დაწყების მომენტიდან იყო დასაწყობებული.
ამასთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს აღნიშნული ტერიტორიის ახალ მოიჯარესთან (შპს „---“) გაფორმებული მიბარების ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება სადავო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსების ფაქტი. მომჩივანი ასევე აცხადებს, რომ ტერიტორიაზე შესვლა დაშვებულია, შესაბამისად, შემოწმებას შეუძლია შევიდეს და ჩაატაროს ინვენტარიზაცია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შეისწავლოს დავის ეტაპზე წარმოდგენილი მიბარების ხელშეკრულება, მ.შ. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, შეისწავლოს დავის ეტაპზე წარმოდგენილი მიბარების ხელშეკრულება, მ.შ. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა განახორციელოს პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ინვენტარიზაციის შედეგებს და ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძვლით ითხოვს დავის დაწყებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომჩივანი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად დაჯარიმდა 54671.14 ლარით. მომჩივანმა 2025 წლის 18 აგვისტოს შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა საჩივარი, რომლითაც არ ეთანხმებოდა და ასაჩივრებდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა იმ ფაქტს, რომ ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. ინვენტარიზაციის დაწყებისას საწარმოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საწარმოს სმფ-ები განთავსებული იყო მეიჯარის, კუთვნილ ტერიტორიაზე და დასტურად წარმოადგინა უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დროებით სარგებლობაში (11 თვის ვადით) იღებდა მეიჯარის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. მოიჯარეს აღნიშნული ობიექტი უნდა გამოეყენებინა ზეთის გადასამუშავებლად. იჯარის ხელშეკრულება შედგენილი იყო 2022 წლის 25 აგვისტოს.
ინვენტარიზაციის პროცესში დადგინდა, რომ ის უძრავი ქონება, სადაც გადამხდელის განმარტებით განთავსებული იყო მის საკუთრებაში რიცხული სმფ-ები და სადაც ეზღუდებოდა შესვლა სასამართლო დავის საფუძველზე, ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით იყო ბანკის საკუთრება. ბანკსა და მომჩივანს შორის სამართლებრივი დავა არ მიმდინარეობდა. ასევე ბანკი და საწარმო ერთმანეთთან არანაირ სამართლებრივ ურთიერთობაში არ იმყოფებოდა. სწორედ აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სმფ-ების ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. სადავო ადმინისტრაციულ აქტებს გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2026 წლის 23 მარტს.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შეისწავლოს დავის ეტაპზე წარმოდგენილი მიბარების ხელშეკრულება, მ.შ. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70 (ა); 8 (11); 299; 286 (9).