ბრძანება N 20293

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.08.2023
№ დოკუმენტი 20293
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 20293

16 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 24 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურში განსახილველად შპს „---------“ (ს/ნ -----------) №82543/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №CB1489619 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №82).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით. კერძოდ, ბუღლამაში გამოყენებული ორაგული 11,2 კგ-ის ოდენობით შეცდომით გამეორდა ორაგულის საერთო რაოდენობაში. რეალურად კი ითხოვდნენ 37 კგ ორაგულის და 28,2 ლიტრი ბუღლამის ჩამოწერას (რომელშიც ინგრედიენტად შედიოდა 11,2 კგ ორაგული). მონიტორინგის სამსახურის მიერ შემოწმებისას ეს სხვაობა გამოვლინდა.

ყოველივე აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

2023 წლის 17 ივლისს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ელექტრონული განაცხადით ID----------- მიმართა შპს „------------“ (ს/ნ ----------) რომელსაც თან ერთვოდა დანართი 24. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას, შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 18 ივლისს გამოცემული იქნა ბრძანება N---------- რომლის საფუძველზე დაევალათ შპს „----------“ (ს/ნ -----------) მიერ დანართ 24-ში მითითებული ვადაგასული ან/და მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება მიმდინარე წლის 25 ივლისის ჩათვლით.

გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში დანართ 24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა რომ დანართ N24-ში მითითებული საქონელი დასახელებით „ორაგული”, ადგილზე დახვდათ 37 კილოგრამი ნაცვლად 48.2 კილოგრამისა. დანაკლისმა შეადგინა 11.2 კილოგრამი. სულ 616 ლარი სააღრიცხვო ღირებულებით, რაც იწვევს დაჯარიმებას სსკ-ს 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დაუდასტურებელი სასაქონლო მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით, რაზეც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB1487227.

დათვლილი დარჩენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 2415.7 ლარის სააღრიცხვო ღირებულებით განადგურებული იქნა ადგილზე, რაზეც შედგა შესაბამისი განადგურების აქტი. მიმდინარე წლის 19 ივლისს აღნიშნული ფასეულობების ჩამოწერა იქნა დადასტურებული დანართ N24- ში ხელის მოწერით, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცა გადამხდელს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე- 6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულის მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე − იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში დანართ 24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა რომ დანართ N24-ში მითითებული საქონელი ადგილზე დახვდათ 37 კილოგრამი ნაცვლად 48.2 კილოგრამისა. რაც იწვევს დაჯარიმებას სსკ-ს 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დაუდასტურებელი სასაქონლო მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:145(6,7);269(1,7);270(3);279(3);

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი;