ბრძანება N 19984-3
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 19984
19/06/2019
სს ----------------------------
(მის: ------------------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 04 აპრილს და 2019 წლის 16 მაისს გამართულ სხდომებზე (ოქმი N20 და N31) განიხილა სს ----- საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 31 დეკემბრის N005-429 „საგადასახადო მოთხოვნა“-ს.
წარმოდგენილი საჩივრის მიხედვით სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება გუნდურობის ამაღლების ღონისძიებებზე გაწეული ხარჯების დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნავს, რომ გუნდურობის ამაღლების ღონისძიებებზე ხორციელდება ბანკის სამომავლო გეგმების გაცნობა თანამშრომლებისთვის და ხდება სტრატეგიული გეგმების შემუშავება, რაშიც თითოეული თანამშრომლის მონაწილეობა არის აუცილებელი.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 14 ივნისის N14915 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს ----- საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 28 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2018 წლის 31 დეკემბერს გამოსცა N39714 ბრძანება და 2018 წლის 31 დეკემბრის N005-429 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დამატებითი საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა სულ 13641,66 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 8957 ლარი, ჯარიმა 4678 ლარი, საურავი 6,66 ლარი.
საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით დგინდება :
შესამოწმებელ პერიოდში ბანკი თანამშრომლებისთვის აწყობს ქალაქგარეთ გასვლებს და გეგმავს გუნდურობის ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს/ტრენინგებს, რომელიც მოიცავს გარკვეული ტიპის თამაშების ორგანიზებას, მსვლელობასა და მონიტორინგს. აღნიშნული ფარგლებში საწარმო თანამშრომლებს უზრუნველყოფს სასტუმროთი, კვებით, ტრანსპორტირებითა და სხვა დამატებითი გართობითი ხასიათის აქტივობებით. გადამხდელი აღნიშნულს განიხილავს მივლინებად, შესაბამისად სასტუმროთი და ტრანსპორტით უზრუნველყოფის, აქტივობების მოწყობის ხარჯებს არ თვლის თანამშრომლისთვის მიწოდებულ სარგებლად. ამასთან კვების ხარჯებთან მიმართებაში, მთლიანი კვების ხარჯის ღირებულებას აკლებს ყოველდღიურ 15 ლარიან სამივლინებო ნორმას და ნორმის ზემოთ თანხას ბეგრავს ხელფასად. ვინაიდან, აღნიშნული წარმოადგენს გართობითი ხასიათის ხარჯებს და ამასთან არ იკვეთება ბანკის მიერ გუნდურობის ამაღლების ფარგლებში გაწეული ხარჯების კავშირი მის ეკონომიკურ საქმიანობასთან, იგი ვერ ჩაითვლება მივლინების ფარგლებში გაწეულ ხარჯებად.. სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად შემოწმებამ გაწეული ხარჯები მიიჩნია თანამშრომლებისთვის მიწოდებულ სარგებლად და დაბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით.
საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს :
სსკ-ის 100-ე მუხლზე, რომლის თანახმად რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
სსკ-ის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მეორე ნაწილის მიხედვით ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით: გ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/ მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი;
სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 105-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
სსკ-ის 72-ე მუხლის მიხედვით პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
სსკ-ის 73-ე მუხლზე, რომლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
სსკ-ის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, საბჭოზე გამოთქმული მოსაზრებების, საქმეში არსებული მასალებით, საბჭოს სხდომაზე გადამხდელის განმარტებაზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს სსკ-ის 269-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად: საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულ სანქციებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და მე-2¹ ნაწილებზე, რომელთა თანახმად:
„2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა,ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.
„2¹ თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის (2019 წლის 1 იანვრამდე მოქმედი) მიხედვით:
„2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. 3. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) მიხედვით სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად:
„2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 2 და 2² ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2¹. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2² . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი-2² ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას“.
ვინაიდან დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2¹ ნაწილის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2¹ ნაწილის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).
3. ამ ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N6, მე-12 კილომეტრი), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გუნდურობის ამაღლების ღონისძიებებზე გაწეული ხარჯების დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტით დგინდება, რომ ბანკი თანამშრომლებისთვის გუნდურობის ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს აწყობს ქალაქგარეთ აღნიშნულის ფარგლებში საწარმო თანამშრომლებს უზრუნველყოფს სასტუმროთი, კვებით და ტრანსპორტირებით. გადამხდელი აღნიშნულს განიხილავს მივლინებად, შესაბამისად აქტივობების მოწყობის ხარჯებს არ თვლის თანამშრომლისთვის მიწოდებულ სარგებლად. ამასთან კვების ხარჯებს აკლებს ყოველდღიურ 15 ლარიან სამივლინებო ნორმას და ნორმის ზემოთ თანხას ბეგრავს ხელფასად.
ვინაიდან, არ იკვეთება ბანკის მიერ გუნდურობის ამაღლების ფარგლებში გაწეული ხარჯების კავშირი მის ეკონომიკურ საქმიანობასთან, იგი ვერ ჩაითვლება მივლინების ფარგლებში გაწეულ ხარჯებად. შემოწმებამ გაწეული ხარჯები მიიჩნია თანამშრომლებისთვის მიწოდებულ სარგებლად და დაბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან სკ-ის 269-ე მუხლის მე-2¹ ნაწილის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება სანქციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,,ბ“); 101(1); 105; 154(1,,ა“); 269(21).