გადაწყვეტილება №23783/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.11.2024
№ დოკუმენტი 23783/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№23783/2/2024

19 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----ის“ 23.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23783/2/2024).

 

დავის საგანი:

1. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12379 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.07.2024 წლის №136-13 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.08.2024 წლის №18680 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 98 129,7 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 44 155

დღგ - 9 995

ქონების გადასახადი (არასასოფლო-სამეურნეო მიწა) – 387

საშემოსავლო გადასახადი - 33 773

ჯარიმა - 22 168 საურავი - 31 806,7

 

პროცედურული გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა მინერალური სასუქებით, აგროქიმიური პროდუქტებით, სასოფლო სამეურნეო პროდუქტებით. გადამხდელად რეგისტრირებულია 29.07.2008 წელს. დღგ-ის გადამხდელად - 3.07.2009 წლიდან. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 31.05.2022 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანს უფიქსირდება, როგორც დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებული, ასევე 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს შემმოწმებელთათვის არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები სრულყოფილად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, ასევე პერიოდების მიხედვით, გადამხდელის მიერ წარდგენილი სმფ-ების ნაშთების ანალიზით გაირკვა, რომ დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებულ ბრუნვაზე ფასნამატი 2019-2020-2021 წწ. და 2022 წლების მიხედვით იყო უარყოფითი: 2019 წელს შეადგენდა 0.1%, 2020 წელს - 47%-ს (მინუს 47 %-ს), 2021 წელს -32%-ს (მინუს 32%-ს) და 1.01.2022-დან 31.05.2022 წლამდე პერიოდში - 23%-ს (მინუს 23%-ს).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. ფასნამატი გაანგარიშდა საწარმოს მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტებით (ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ელ. სასაქონლო ზედნადები). გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტური რეალიზაციისას დაფიქსირებული საშუალო წლიური ფასნამატი (15%) დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებული ბრუნვა 2 410 412 ლარით.

არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავალი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმები საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების და 291-ე მუხლის მიხედვით.

გადასახადის გადამხდელი ფლობდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ---ს რაიონში და არ ჰქონდა დეკლარირებული კუთვნილი მიწის გადასახადი სრულად. მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზეც 29.12.2022 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №33798 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 30.12.2022 წლის №136-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 27.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12379 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12379 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 11.07.2024 წელს შედგენილი დასკვნის საფუძველზე 25.07.2024 წელს გამოიცა ამავე დეპარტამენტის №17439 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 25.07.2024 წლის №136-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2024 წლის 5 და 6 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.08.2024 წლის №18680 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12379 ბრძანების აღსრულების შედეგები

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №136-24 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ ფასნამატს და ითხოვდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას. ასევე, ითხოვდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

2. გადამხდელი არ ეთანხმებოდა მიწის გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12379 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა შესაბამისი ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12379 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 11.07.2024 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემცირებას დაექვემდებარა, როგორც გადასახადის თანხა, ასევე საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმის ოდენობა. ასევე დადგინდა, რომ ჯამში 14 805 მ 2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დარიცხული მიწის გადასახადი იყო დუბლირებული 2019, 2020, 2021 და 2022 წლების მიხედვით, რაც დაექვემდებარა კორექტირებას შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სასაქონლო ნაშთების თვითღირებულების მონაცემები დასაბეგრი და დაუბეგრავი საქონლის ოდენობების მიხედვით, რომლის შედეგად ირკვევა, რომ ბუღალტრული პროგრამის მონაცემებით არასწორად იყო ასახული დასაბეგრი სმფ-ის ოდენობები დაუბეგრავი სმფ-ის მონაცემების ანგარიშებში (ბუღალტრულ ჩანაწერებში). სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესაბამის ანგარიშებში (დასაბეგრი, დაუბეგრავი) სწორად ასახვის შედეგად კი დადგინდა, რომ დაუბეგრავი ბრუნვის ოდენობა მცირდება 2 340 867 ლარით, ხოლო იზრდება დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა 2019 წელს 55 381 ლარით, ხოლო კუთვნილი დღგ 9 969 ლარით. შედეგად, გადაანგარიშების საფუძველზე, ხელფასად დაკვალიციფირებულმა თანხამ შეადგინა 134 896 ლარი, რის საფუძველზეც შემცირდა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმის ოდენობა. ასევე, კორექტირებას დაექვემდებარა მიწაზე ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც პირველად წარმოდგენილ საჩივარში არ იყო სადავო გარემოება და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის დეკემბრის თვეში ხორციელდებოდა შპს "---ის" (ს/ნ ---) საგადასახადო შემოწმება, რომლის დროსაც აუდიტის სამსახურს მიეწოდებოდა სხვადასხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტალური მასალა. 2022 წლის 22 დეკემბერს აუდიტის სამსახურმა მიაწოდა გამოთვლები ექსელის ფაილს სახით, რომელშიც ფასნამატის პროცენტულობა წლების მიხედვით დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე ბრუნვის საქონელზე იყო უარყოფითი ციფრებით. დაიწყო აღნიშული საკითხის და გამოთვლებში მოყვანილი ციფრების გადამოწმება FINA-ს პროგრამისტების ჩართულობით, მაგრამ აღმოჩნდა რომ წლის ბოლოს, სწრაფად ამ მოცულობის მონაცემების გადამოწმება ვერ ესწრებოდა მათი მოწადინების მიუხედავად. 2022 წლის 30 დეკემბერს მიიღეს აუდიტის აქტი. 2023 წლის იანვრის თვეში FINA -ს ჩართულობით, აღმოჩნდა, რომ სასაქონლო ნაშთების თვითღირებულების მონაცემები იყო უზუსტოდ წარდგენილი პროგრამული ხარვეზების გამო. ასევე მოხდა შეძენილი სმფ დაუბეგრავი საქონლის ოდენობების განსაზღვრა, რომლის დაზუსტების შემდეგ შეიცვალა შესაბამისი ფასნამატების პროცენტულობა.

2023 წლის აპრილის თვეში შემოსავლების სამსახურის დავების საბჭომ განიხილა საჩივარი და აუდიტის სამსახურს დაავალა საჩივრის შესწავლა. 2024 წლის 25 ივლისს მიღეს ახალი აქტი, რომლის მიხედვითაც მათ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაგრამ ახალ მიღებულ აქტში დაფიქსირებულ აუდიტის გამოთვლებში აღმოაჩინეს უზუსტობა. შესაბამისად არ ეთანხმებიან და ასაჩივრებენ მას.

საკითხი №1 - პირველი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ: FINA-სთან ერთად დაზუსტებული სასაქონლო ნაშთების თვითღირებულებები საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ იქნა გათვალისწინებული და აუდიტის სამსახურმა გამოთვლები გააკეთა მათ მიერ მიწოდებული პირველადი (დაუზუსტებელი) სასაქონლო ნაშთების თვითღირებულებებით. მათ მიერ მოხდა ამ გამოთვლების შესწავლა და აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი უზუსტობა. კერძოდ, 2020 წლის 31 დეკემბრის დღგ-ის დაუბეგრავი სასაქონლო ნაშთის თვითღირებულება არის შეცდომით, რომელიც არ ემთხვევა საზოგადოების მიერ მიწოდებულ ციფრს და ასევე 2021 წლის პირველი იანვრის საწყის ნაშთს. აუდიტორს 2021 წლის საწყის ნაშთად აღებული აქვს საზოგადოების მიერ მოწოდებული 2020 წლის საბოლოო ნაშთი.

აღნიშნულიდან გამომდინარე აქტში არის უზუსტობა, კერძოდ 2020 წლის საბოლოო და 2021 წლის საწყისი ნაშთები არ ემთხვევა ერთმანეთს. შედეგად 2020 წლის დღგ დაუბეგრავი ბრუნვის ფასნამატი შეცდომით ფიქსირდება 12%. შესაბამისად 2020 წლის განმავლობაში დარიცხული არის თანხა, რომელიც არ უნდა ერიცხებოდეს და შესამცირებელია.

აუდიტისთვის 2022 წლის დეკემბერში მიწოდებული იყო (პროგრამული ხარვეზის გამო) არასწორი სასაქონლო ნაშთების თვითღირებულებები საანგარიშო პერიოდების მიხედვით 01.01.2019; 31.12.2019; 31.12.2020; 31.12.2021; 31.05.2022 2023 წლის იანვრის თვეში FINA -ს ჩართულობით დაზუსტდა აღნიშნული ნაშთები და მათ მიერ მოწოდებული იქნა პირველ საჩივართან ერთად.

ორი წელია გასული შემოწმების დაწყებიდან და შესაბამისად 2022 წლის ბოლოდან ირიცხება აუღიარებელი დავალიანება და შესაბამისად იზრდება საურავი, რაც უარყოფითად აისახება საზოგადოების ურთიერთობებზე, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ პარტნიორებთან და სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან (ბანკებთან, სადაზღვეო კომპანიებთან).

მათი საქმიანობა ვერ ვითარდება ამ პერიოდში. ამ გარემოების გათვალისწინება მნიშნველოვანია მათი კომპანიისთვის, რადგან ისინი არიან პროგრამული გაუმართაობის მსხვერპლი. გასათვალისწინებელია, რომ მათი კომპანია ყოველთვის დროულად და სწორად ახორციელებს საგადასახადო მოქმედებებს და ყოველთვის ქცევის რეიტინგში აქვს 10 ბალი. მომჩივანი ითხოვს იმ გარემოების გათვალისწინებას, რომ 2023 წლის იანვარში, მათ მიერ, დაზუსტებული და მოწოდებული სასაქონლო ნაშთები თვითღირებულებების მიხედვით. დამატებითი დარიცხვის შემთხვევაში ითხოვენ საურავის ათვლა დაიწყოს შესწორებული აქტის გამოცემის შესაბამისი პერიოდიდან და არა დარიცხვის პერიოდიდან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12379 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა შესაბამისი ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12379 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 11.07.2024 წელს შედგენილი დასკვნიდან ირკვევა, რომ:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების დაზუსტებული (შესწორებული) მონაცემები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სასაქონლო ნაშთების თვითღირებულების მონაცემები დასაბეგრი და დაუბეგრავი საქონლის ოდენობების მიხედვით.

შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ბუღალტრული პროგრამის მონაცემებით არასწორად იყო ასახული დასაბეგრი სმფ-ის ოდენობები დაუბეგრავი სმფ-ის მონაცემების ანგარიშებში (ბუღალტრულ ჩანაწერებში). სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესაბამის ანგარიშებში (დასაბეგრი, დაუბეგრავი) სწორად ასახვის შედეგად კი დადგინდა, რომ დაუბეგრავი ბრუნვის ოდენობა მცირდება 2 340 867 ლარით, იზრდება დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა 2019 წელს 55 381 ლარით, ხოლო კუთვნილი დღგ - 9 969 ლარით, ასევე ჯარიმა - 5 150 ლარით. გადაანგარიშების შედეგად, ხელფასად დაკვალიფიცირებულმა თანხამ შეადგინა 134 896 ლარი, შესაბამისად შემცირებას დაექვემდებარა, როგორც გადასახადის თანხა, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმის ოდენობა.

გადაანგარიშების ეტაპზე, დამატებით შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მეზობელი ნაკვეთები ს/კ ---- – 4 324 მ 2 გაერთიანდა ერთ ნაკვეთად 17.12.2014 წელს და შეიქმნა ს/კ --- – 9 461 მ 2 , მეზობელი ნაკვეთები ს/კ --- მ 2 და ს/კ --- – 3 133 მ 2 გაერთიანდა ერთ ნაკვეთად 17.12.2014 წელს და შეიქმნა ს/კ --- – 5 344 მ 2 .

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯამში 14 805 მ 2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დარიცხული მიწის გადასახადი იყო დუბლირებული 2019, 2020, 2021 და 2022 წლების მიხედვით, რაც დაექვემდებარა კორექტირებას შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

საჩივარში გადამხდელი მიუთითებდა, რომ FINA პროგრამასთან ერთად დაზუსტებული სასაქონლო ნაშთების თვითღირებულებები საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ იქნა გათვალისწინებული და შემმოწმებელმა გამოთვლები გააკეთა გადამხდელის მიერ მიწოდებული პირველადი (დაუზუსტებელი) სასაქონლო ნაშთების თვითღირებულებებით. გამოთვლების შესწავლით აღმოჩნდა მნიშვნელოვანი უზუსტობა, კერძოდ, 2020 წლის 31 დეკემბრის დაუბეგრავი სასაქონლო ნაშთის თვითღირებულება იყო შეცდომით, რომელიც არ ემთხვეოდა გადამხდელის მიწოდებულ ციფრს და ასევე, 2021 წლის პირველი იანვრის საწყის ნაშთს, აუდიტორს 2021 წლის საწყის ნაშთად აღებული ჰქონდა 2020 წლის საბოლოო ნაშთი. ასევე, 2020 წლის საბოლოო და 2021 წლის საწყისი ნაშთები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, შედეგად 2020 წლის დაუბეგრავი ბრუნვის ფასნამატი შეცდომით ფიქსირდებოდა 12%, შესაბამისად 2020 წლის განმავლობაში დარიცხული თანხა გადამხდელს მიაჩნდა შესამცირებელად.

მომჩივნის წარმომადგენელი, საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, არ დაეთანხმა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის პოზიციას და განმარტა, რომ წარდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით დამატებით შესაძლებელი იყო საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, იმავდროულად მომჩივნის წარმომადგენლის განცხადებით მათ არ მიეცათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა შემოსავლების სამსახურში მათი იმ საჩივრის განხილვაში, რომლითაც საზოგადოება არ ეთანხმებოდა შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე შედგენილ დასკვნას და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, როგორც დამატებული ღირებულების გადასახადის, ასევე საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ნაწილებში.

მომჩივნის წარმომადგენელმა აგრეთვე განმარტა, რომ ქონების გადასახადის გადაანგარიშება მათთვის გადაანგარიშების ეტაპის შემდგომ არ ყოფილა სადავო.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საბჭო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 13.08.2024 წლის №18680 ბრძანება, დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადების გადაანგარიშების შედეგების თაობაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი, ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №136-24 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები, სულ 22 168 ლარის ოდენობით, ასევე დაერიცხა საურავი - 31 806.70 ლარი. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და ითხოვს დარიცხული ჯარიმის მოხსნას, ასევე საურავის დარიცხვას შესწორებული აქტის გამოცემის შესაბამისი პერიოდიდან.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც პირველად წარმოდგენილ საჩივარში არ იყო სადავო გარემოება და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს იმ გარემოების გათვალისწინებას რომ შპს "---" არის კეთილსინდისიერი გადამხდელი და გამოვლენილი უზუსტობა არის პროგრამული ხარვეზის, ნაწილობრივ უყურადღებობის და არ ცოდნის შედეგი. ყოველივე ამის გამო საზოგადოება ითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას ხოლო საურავის კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

როგორც საქმის გარემოებებით ირკვევა შემოსავლების სამსახურში აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №136-24 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშრებით გადამხდელს არ ჰქონდა მოთხოვნილი დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება შესაბამისად ამ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის არაფერი დავალებია. ამდენად, კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარში მითითებული მოთხოვნა სანქციებისგან გათავისუფლების თაობაზე მართლზომიერად არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.08.2024 წლის №18680 ბრძანება;

3. საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12379 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა მინერალური სასუქებით, აგროქიმიური პროდუქტებით, სასოფლო სამეურნეო პროდუქტებით. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. ფასნამატი გაანგარიშდა საწარმოს მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტებით (ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ელ. სასაქონლო ზედნადები). გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტური რეალიზაციისას დაფიქსირებული საშუალო წლიური ფასნამატი (15%) დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებული ბრუნვა 2 410 412 ლარით.

არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავალი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1, ბ.