გადაწყვეტილება №21816/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21816/2/2024
17 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 3.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21816/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4276 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2023 წლის №081-258 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31494 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 69 666 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 35 574
დღგ - (-1 074)
საშემოსავლო გადასახადი - 36 648
ჯარიმა - 18 344
საურავი - 15 748
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.11.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის და სხვა, ხელთ არსებული მასალების შესწავლის შედეგად, არაპირდაპირ გაანგარიშდა საწარმოს საწვავის ხარჯი (სხვა იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების ხარჯების ანალიზის საფუძველზე), რომლის მიხედვით განისაზღვრა ფულის ნაშთი.
კომპანიას დებიტორ-კრედიტორული დავალიანება და სალაროს ნაშთი არ გააჩნია, ასევე არ არსებობს გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, გაანგარიშებული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტმა 20.12.2021 წლის №39217 ბრძანება და 21.12.2021 წლის №081-364 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.06.2022 წლის №13980 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 7.06.2022 წლის №13980 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარადგინა საზღვარგარეთ ხარჯის გაწევის (ავტომობილის შეკეთების) დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კერძოდ, ინვოისები და გადახდის ქვითრები, რაც გათვალისწინებულ იქნა კომპანიის ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშებისას. შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა სულ 35 636 ლარი, მათ შორის გადასახადი 23 757 ლარი, ჯარიმა 11 879 ლარი.
აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 13.10.2022 წლის №081-180 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4276 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ყურადღება გამახვილდა გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, მომსახურების გაწევისას ხშირად ზიანდებოდა ავტომობილები. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს ხარჯის ამსახველი დოკუმენტაცია და ითხოვს აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინებას. შესაბამისად, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა საჩივარზე თანდართული დოკუმენტები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4276 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე, შემცირებას დაექვემდებარა სულ 9 250 ლარი, მათ შორის გადასახადი 6 167 ლარი, ჯარიმა 3 083 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 12.10.2023 წლის №081-258 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31494 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.
გადაანგარიშების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, კერძოდ, გადამხდელმა წარმოადგინა საზღვარგარეთ ხარჯის გაწევის (ავტომობილის შეკეთების) დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა კომპანიის ფულის ნაშთის გაანგარიშებაში.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, კვალიფიციურ სპეციალისტებთან და სერტიფიცირებულ აუდიტორებთან კონსულტაციებმა პრაქტიკულად მიიყვანა იმ დასკვნამდე რომ, ფაქტობრივი რეალობის პირობებში ბოლომდე არ არის დაცული და აღდგენილი უფლებები ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მის მიერ პრაქტიკულად გაწეული ისეთი ხარჯების სრულყოფილად აღიარება - გათვალისწინების ნაწილში, როგორიც ფაქტობრივად არის საზოგადოების მიერ დაქირავებული მძღოლებისათვის ქვეყნის შიგნითა და განსაკუთრებით კი საზღვარგარეთ ყოფნის პირობებში ფაქტობრივად გაწეული სამივლინებო ხარჯების გადაანგარიშებებში გაუთვალისწინებლობა.
მიაჩნია რომ, აღნიშნულ ნაწილში შემმოწმებლების მხრიდან საზოგადოების სამეურნეო-საფინანსო ოპერაციებს არ მიეცა სრულყოფილი სამართლებრივი შეფასება - კვალიფიკაცია, რამდენადაც თუ შემმოწმებლების მიერ თავის დროზე სწორად შეფასდა ის საკითხი რომ: ,, ... არაპირდაპირ გაანგარიშებულ იქნა საწარმოს საწვავის ხარჯი (სხვა ინდენტური საქმიანობის განმხორციელებელი აუდირებული კომპანიების ხარჯების ანალიზის საფუძველზე)“, შემმოწმებელთა მიერ ასევე არაპირდაპირ უნდა მომხდარიყო სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების გათვალისწინება, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის N081 – 258 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში.
მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი მათი მხრიდან მარტივად იყო შესაძლებელი, კერძოდ კი, იმის გათვალისწინებით რომ, საზოგადოების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ძირითადად ხორციელდება ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვები, შესაბამისად ქვეყნის საბაჟოებზე ფიქსირდება საზოგადოების ავტომძღოლებს მიერ საზღვრების კვეთა, ქვეყნიდან გასვლა და უკან - ქვეყანაში დაბრუნება, რომლითაც პრაქტიკულად მარტივად არის შესაძლებელი დადგინდეს მათი საზღვარგარეთ ფაქტობრივად ყოფნის კალენდარულ დღეთა რაოდენობა, ამ უკანასკნელის საფუძველზე კი შესაძლებელია გაანგარიშებულ იქნეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მძღოლების სადღეღამისო სამივლინებო ხარჯის გაანგარიშება იმ ნორმის ფარგლებში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N231 ბრძანებულების დანართი N2-ის მიხედვით დამტკიცებული ნორმის ფარგლებში (ცხადია აღარაფერს ამბობს საცხოვრებელი ფართის ხარჯებზე, რამდენადაც ავტომძღოლები ტვირთების გადაზიდვების დროს ძირითადად ავტომანქანების კაბინებში ატარებენ (მიუხედავად იმისა, რომ არის შემთხვევები როცა მძღოლებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაბამის სადგომებზე პარკირების შემდეგ, მათ დასასვენებლად საცხოვრებელი ფართების (ჰოტელების, სასტუმრო ნომრებისა და სხვ.) დაქირავება და ავტოსადგომებზე სატრანსპორტო საშუალებათა პარკირებისათვის მნიშვნელოვანი ხარჯების გადახდა უხდებათ, რამდენადაც ამ უკანასკნელზე შესაბამისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გაგვაჩნია და ისინი შესაბამისი ცოდნა - გამოცდილების არა ქონის გამო მძღოლებისათვის არასდროს არ მოუთხოვია), ახლა კი მათი დამატებით მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია. არადა ყველა ეს ხარჯი პრაქტიკულად და ფაქტობრივად გაწეულია, ისინი ანაზღაურებულია საზოგადოების დირექტორის (ანგარიშვალდებული პირის) გოჩა ჩხაიძის მიერ, რომელსაც შემოწმებით დაუფიქსირდა, რომ ყველა აღნიშნული ხარჯი რომელზეც არ გაგვაჩნია შესაბამისი მტკიცებულებები, ჩაითვალა მის მიერ მიღებულ ხელფასად და, იგი შემოწმებით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადითა და შესაბამისი ფინანსური სანქციებით.
ამასთან, მომჩივანმა 25.01.2024 წელს წარმოადგინა განცხადება, სადაც განმარტავს, რომ დამატებით მტკიცებულებად წარმოადგენს საწარმოს კუთვნილი ავტომანქანების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრების კვეთაზე შსს-დან გამოთხოვილ 24.01.2024 წლის ცნობას, ითხოვს აღნიშნული მტკიცებულების გათვალისწინებით საწარმოს ავტომძღოლების სამივლინებო ხარჯების გათვალისწინებას საზღვარგარეთ სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 20.04.2005 წლის №231 ბრძანებულების დანართი №2-ის მიხედვით დამტკიცებული ნორმის ფარგლებში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4276 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საჩივარზე თანდართული დოკუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4276 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საზღვარგარეთ ხარჯის გაწევის (ავტომობილის შეკეთების) დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: ინვოისები და გადახდის ქვითრები. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია და გათვალისწინებულ იქნა კომპანიის ფულის ნაშთის გაანგარიშებაში. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, შემცირებას დაექვემდებარა სულ 9 250 ლარი, მათ შორის გადასახადი 6 167 ლარი, ჯარიმა 3 083 ლარი.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2024 წლის №---------- წერილი, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შემოწმების და დავის პროცესში არ წარუდგენია მივლინების დამადასტურებელი ბრძანებები ან/და მივლინების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ამასთან კომპანიის ბანკის ამონაწერების შესწავლის შედეგად დაქირავებულ პირებზე სამივლინებო თანხების ჩარიცხვა არ დასტურდება. ასევე უცნობია მძღოლების დაქირავების პირობები, კერძოდ აღნიშნული პირები წარმოადგენენ დაქირავებულ პირებს თუ მომსახურების გამწევებს.
მომჩივანი არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4276 ბრძანება და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნით არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება. სადავოდ ხდის და მოითხოვს სამივლინებო ხარჯების გათვალისწინებას, რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4276 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს. ამასთან, დასახელებული სადავო საკითხი მომჩივანს შემოსავლების სამსახურში დავის განხილვის ზემოაღნიშნულ პერიოდებში გასაჩივრებისას სადავოდ არ გაუხდია.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4276 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4276 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4276 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საზღვარგარეთ ხარჯის გაწევის (ავტომობილის შეკეთების) დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: ინვოისები და გადახდის ქვითრები. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია და გათვალისწინებულ იქნა კომპანიის ფულის ნაშთის გაანგარიშებაში. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, შემცირებას დაექვემდებარა სულ 9 250 ლარი, მათ შორის გადასახადი 6 167 ლარი, ჯარიმა 3 083 ლარი. სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2024 წლის წერილი, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შემოწმების და დავის პროცესში არ წარუდგენია მივლინების დამადასტურებელი ბრძანებები ან/და მივლინების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ამასთან კომპანიის ბანკის ამონაწერების შესწავლის შედეგად დაქირავებულ პირებზე სამივლინებო თანხების ჩარიცხვა არ დასტურდება. ასევე უცნობია მძღოლების დაქირავების პირობები, კერძოდ აღნიშნული პირები წარმოადგენენ დაქირავებულ პირებს თუ მომსახურების გამწევებს. მომჩივანი არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4276 ბრძანება და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნით არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება. სადავოდ ხდის და მოითხოვს სამივლინებო ხარჯების გათვალისწინებას, რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4276 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს. ამასთან, დასახელებული სადავო საკითხი მომჩივანს შემოსავლების სამსახურში დავის განხილვის ზემოაღნიშნულ პერიოდებში გასაჩივრებისას სადავოდ არ გაუხდია.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4276 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);