ბრძანება N 13228
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13228
17 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 26 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 10 ივნისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა შპს „----“-ს (ს/ნ -----) 2026 წლის 26 მაისის №102573/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 30 აპრილის №002-52 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადამხდელი არ ეთანხმება შიდა სარემონტო სამუშაოებისთვის შეძენილი საქონლის ფიზიკურ პირებზე რეალიზებულად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში აშენებულ იქნა 4 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც შედგებოდა 20 საცხოვრებელი ბინისაგან. მითითებული საცხოვრებელი ფართებიდან შპს „----“-ს მიერ გასხვისებულ იქნა 19 საცხოვრებელი ბინა, მათგან 4 გარემონტებული, ავეჯით და ტექნიკით აღჭურვილ მდგომარეობაში. განმარტავს, რომ საცხოვრებელი ფართების ნაწილის გარემონტება და ავეჯით/ტექნიკით აღჭურვა მიმართული იყო მარკეტინგული მიზნებისათვის, კერძოდ, მომხმარებლებისათვის არჩევანის შეთავაზების გზით კონკურენტუნარიანობის გაზრდის და ამ გზით პროდუქციის რეალიზაციის დაჩქარების უზრუნველსაყოფად. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომპანიას ფართების გაყიდვის კუთხით წარმოეშვა სირთულეები, შესაბამისად, არსებული კრიზისის პირობებში, იძულებული შეიქმნა გარემონტებული საცხოვრებელი ფართები, აქციის სახით, გაესხვისებინა თეთრი კარკასის საფასურად. აღნიშნავს, რომ მის მიერ წარმოდგენილია გარემონტებული უძრავი ქონების შემძენების მიერ ნოტარიულად დამოწმებულ ხელწერილები, რომლებშიც პირდაპირ არის ასახული მათ მიერ შეძენილი ბინების მდგომარეობა და ჯამში გადახდილი საფასურები. ამდენად, საფუძველს მოკლებულია აუდიტორის მსჯელობა იმ გარემოების შესახებ, რომ თითქოს გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი ნასყიდობის საგნის გარემონტებულ მდგომარეობაში გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულებები, აუდიტის დეპარტამენტმა სრულად უგულებელყო საქმეში არსებული დოკუმენტაცია და უცვლელად დატოვა განხორციელებული დარიცხვა.
2. გადამხდელი არ ეთანხმება, გადაანგარიშების ეტაპზე, შეძენილი ავტომობილების პირადი სარგებლობის ნივთებად მიჩნევას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ 2023 წლის 22 და 29 მარტს საწარმოს ----- შეძენილი აქვს 2023 წელს გამოშვებული ორი ავტომობილი - „-----“ და „-------“. აღნიშნული ავტომობილები საწარმოს ბალანსზე აღირიცხა როგორც ძირითადი საშუალება, შესაბამისად, მათი ღირებულების ხარჯში ასახვა განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ავტომობილების შეძენის მომენტისათვის შპს „-----“-ს სამეწარმეო საქმიანობა შეწყვეტილი არ ჰქონდა, ის დღეის მდგომარეობითაც რჩება როგორც მეწარმე სუბიექტი, ხოლო ავტომობილების შეძენის დანიშნულება იყო საწარმოს სამომავლო ეკონომიკური საქმიანობა და არა გასული პერიოდის. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აუდიტორმა არ გაითვალისწინა საწარმოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, მათ შორის იმის შესახებ, რომ შპს „------“ სამომავლოდაც გეგმავდა მშენებლობის წარმოებას, რა მიზნითაც მას გაფორმებული ჰქონდა შესაბამისი ხელშეკრულება უძრავი ქონების მესაკუთრესთან. აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტში დაფიქსირებული როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი არგუმენტაცია არ გამომდინარეობს საკითხის ობიექტური და ყოველმხრივი კვლევის შედეგებიდან, აუდიტორის მიერ მითითებული სამართლებრივი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ფაქტობრივ რეალობას, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3781 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----“-ს (ს/ნ -----) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-----“-ის (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, იმ ქონებაზე, რომლის ნასყიდობის ხელშეკრულება ითვალისწინებს ნასყიდობის საგნის გარემონტებულ მდგომარეობაში გადაცემას:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების გაწევისთვის შეძენილი საქონლის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის 21 ნაწილით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს შესაბამისი ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3781 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 16 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 33 642 ლარი, მათ შორის, გადასახადი 22 428 ლარი, ჯარიმა 11 214 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 30 აპრილის №002-52 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
1. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3781 ბრძანების აღსრულების მიზნით, შიდა სარემონტო სამუშაოებისთვის შეძენილი საქონლის ფიზიკურ პირებზე რეალიზებულად განხილვასთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელიც ითვალისწინებს ნასყიდობის საგნის გარემონტებულ მდგომარეობაში გადაცემას. შედეგად, სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო, დღგ-ში შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირება არ განხორციელდა.
2. ----- მარკის 2 ავტომობილის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვასთან და მოგების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტმა სადავო ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის 21 ნაწილით და განახორციელა შემოწმების აქტით დარიცხული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, შპს „-----“-ს 2023 წლის 22 და 29 მარტს შეძენილი აქვს „-----“ და „------“ ავტომობილები. კერძოდ: 1. ----- მოდელის (-----) ავტომანქანის ძრავის მოცულობა ნაკლებია 2 500სმ3-ზე და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით 100 ლარის ოდენობით თვეში; 2. ----- მოდელის (-----) ავტომანქანა წარმოადგენს ჰიბრიდულ ავტომობილს და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით 100 ლარის ოდენობით თვეში. გადამხდელს გადაანგარიშების შედეგად (2023 წლის აპრილის თვიდან - 2025 წლის სექტემბრის თვემდე) დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 4 640 ლარის ოდენობით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, ხოლო მოგების გადასახადში გადამხდელს შეუმცირდა აქტით დარიცხული თანხა 27 068 ლარი და ჯარიმა 13 534 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შიდა სარემონტო სამუშაოებისთვის შეძენილი საქონლის ფიზიკურ პირებზე რეალიზებულად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებები და აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების გაწევისთვის შეძენილი საქონლის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
ამასთან, შესყიდული ავტომანქანების დაბეგვრასთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინება, რომ ვინაიდან საწარმოს მიერ შეძენილი ავტომანქანების სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდებოდა, შემოწმების პროცესში ავტომანქანების ღირებულება ჯამში 153 385 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა როგორც ხარჯი, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. ამასთან, სადავო ავტომანქანებით გადაადგილდებოდა საწარმოს დირექტორი (ფიქსირდება ვიდეო ჯარიმა). გადამხდელს ავტომანქანები შეძენილი აქვს 2023 წლის 22 და 29 მარტს ------. ხოლო, 2023 წლის აპრილის თვიდან 2025 წლის სექტემბრის თვემდე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და აქტივობა არ უფიქსირდება. გადაანგარიშები შედეგად, სადავო ოპერაციაზე, საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის 21 ნაწილით, რის შედეგადაც, გადამხდელს მოგების გადასახადში შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----“-ს (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება შიდა სარემონტო სამუშაოებისთვის შეძენილი საქონლის ფიზიკურ პირებზე რეალიზებულად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2.გადამხდელი არ ეთანხმება, გადაანგარიშების ეტაპზე, შეძენილი ავტომობილების პირადი სარგებლობის ნივთებად მიჩნევას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებისას, დღგ-ის ნაწილში, გადამხდელმა ვერ წარადგინა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებები ფიზიკურ პირებზე რეალიზებული შიდა სარემონტო საქონლის გარემონტებულ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე, რის გამოც დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. ამავდროულად, ორი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის ეპიზოდში, მათი ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, მოგების გადასახადის ნაცვლად გამოყენებულ იქნა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის სპეციალური წესი, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადისა და ჯარიმის დარიცხვა, ხოლო მოგების გადასახადისა და შესაბამისი სანქციის ნაწილში ვალდებულებების შემცირება.
გადაწყვეტილება
სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304(21)