ბრძანება N 14043
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14043
25 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2026 წლის 11 ივნისის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №54) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №102804/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 15 მაისის №CB1912311 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სათამაშოებით ვაჭრობა და ფლობს 20 სავაჭრო ობიექტს. საქმიანობის მასშტაბიდან და ობიექტების რაოდენობიდან გამომდინარე, მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა ლოკაციაზე მცირე ტექნიკურ და საორგანიზაციო სამუშაოებს. 2026 წლის 15 მაისს კომპანია პირადი მოხმარების მიზნით ერთი ობიექტიდან მეორე ობიექტზე ახორციელებდა თაროების გადატანას. აღნიშნული თაროები არ წარმოადგენდა რეალიზაციისთვის განკუთვნილ საქონელს და მათი დანიშნულება იყო კომპანიის საქმიანობაში შემდგომი გამოყენება. კერძოდ, სავაჭრო სივრცეში მონტაჟი და ექსპლუატაცია. გადატანის პროცესში კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება გააჩერეს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. ადგილზე კომპანიის უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ხდებოდა თაროების ერთი ობიექტიდან მეორეზე გადატანა და აღნიშნული ქონება არ იყო განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში რეალიზაციისათვის. თაროები წარმოადგენდა მხოლოდ სავაჭრო ობიექტის ინვენტარს, რომლის სხვა ობიექტზე გადატანა აუცილებელი იყო მისი შემდგომი გამოყენებისა და მონტაჟის მიზნით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელი მიიჩნევს, რომ კომპანიის დაჯარიმება განხორციელდა არასწორად და არ შეესაბამება საქმის რეალურ გარემოებებს. კომპანიის მხრიდან არ არსებობდა არც საგადასახადო ვალდებულებისათვის თავის არიდების განზრახვა და არც სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების გზით მიღებული შემოსავლის დამალვის მცდელობა. კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს, რომელიც სრულად ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 15 მაისს, 14:48 საათზე, ქ. ---0, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის მონიტორინგის მიზნით, სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ავტომანქანა სახ. ნომრით: ---, რომელსაც მართავდა --- (პ/ნ ---) და ახორციელებდა შპს ,,---ს” (ს/ნ ---) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 5 000 ლარის საქონლის (თაროები) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. ადგილზე გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ საქონელზე (თაროები) არ იყო გამოწერილი სასაქონლო ზედნადები. აღნიშნულის საფუძველზე 2026 წლის 15 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1912311 და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. ოქმს თან ახლავს ვიდეო ჩანაწერი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი.
ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს (განმეორებით), შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის მონიტორინგის მიზნით, სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ავტომანქანა, რომელიც ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 5 000 ლარის საქონლის (თაროები) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. ადგილზე გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ საქონელზე (თაროები) არ იყო გამოწერილი სასაქონლო ზედნადები. აღნიშნულის საფუძველზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. ოქმს თან ახლავს ვიდეო ჩანაწერი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (1,2).