ბრძანება N 4277

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.02.2024
№ დოკუმენტი 4277
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4277

27 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ს (ს/ნ ------)

(მის: ---------)

2023 წლის 18 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №16) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი თებერვლის №21009/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ს (ს/ნ ------) №83122/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №დ1-21-10 დასკვნას, 2023 წლის 31 მარტის საბაჟო დეპარტამენტის №6791 ბრძანებას „დარიცხული გადასახდელისა და დაკისრებული სანქციის არშემცირების შესახებ“ და 2023 წლის 31 მარტის №081-41 საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის №83122/1/2023 საჩივარში მიუთითებდა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №1893 ბრძანების აღსრულების მიზნით, 2023 წლის 28 თებერვალს საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინა ექსპორტიორი ქვეყნიდან სათანადოდ დამოწმებული (EUR1)-საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატები (20 დოკუმენტი), ხოლო საბაჟო დეპარტამენტს უნდა გადაემოწმებინა ექსპორტიორ ქვეყანაში მათი სისწორე, რაც 2023 წლის 28 მარტის დასკვნის მიხედვით არ განხორციელებულა და შესაბამისად მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული 2023 წლის 3 თებერვლის №1893 ბრძანება. აღნიშნული არგუმენტის საფუძვლად მიუთითებს რამდენიმე გარემოებაზე, კერძოდ: გადაანგარიშების დასკვნა გამოცემულია დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვეში, რაც მომჩივნის აზრით არ არის საკმარისი ექსპორტიორ ქვეყანაში დოკუმენტაციის გადამოწმებისთვის. წარდგენილი დოკუმენტაციის გაუთვალისწინებლობის მიზეზად დასკვნაში მითითებულია აპოსტილით დამოწმებულ (EUR1)-საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატების ასლებში მე-14 გრაფაში შესაბამისი მონიშვნის არარსებობა. ამასთან, დასკვნაში მითითებული -------ს საბაჟო სამსახურის წერილით, საკონტროლო მოთხოვნის ავტორ სახელმწიფოს თხოვნით -------ს რესპუბლიკის ოფიციალური ორგანოს მხრიდან ექსპორტიორ კომპანიას (--------) 2021 წელს მიემართა ზემოხსენებული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების ნამდვილობისა და წესებთან შესაბამისობის შემდგომი კონტროლი და შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დადგენილ ვადაში, რაც ექსპორტიორი კომპანიისგან არ განხორციელებულა. შესაბამისად, დოკუმენტაციის წარდგენის ვადის გასვლის შემდგომ მოქმედი კანონმდებლობით (მ. შ. ევროკავშირისა და საგარეო ურთიერთობების გენერალური დირექტორატის 2014/1 ,,საექსპორტო დოკუმენტაციის შემდგომი კონტროლი“ დებულების 19 სექტემბერი 2023 N22979 თანახმად) 2022 წლის პირველი აპრილის ---------ს საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროს წერილით, სერტიფიკატების გადამოწმების შედეგები ჩაითვალა უარყოფითად. ამავე კანონმდებლობით უარყოფითი პასუხის გაცემის შემთხვევაში წყდება საქმისწარმოება და აღნიშნული ეტაპის შემდეგ გაცემული დასკვნები და გაკეთებული საჩივრები არ განიხილება. სწორედ ზემოაღნიშნული კანონმდებლობის ნორმიდან გამომდინარე კომპანიის მიერ წარდგენილ აპოსტილით დამოწმებულ (EUR1)-საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატებში არა იქნა -------ს ოფიციალური ორგანოს მიერ გაკეთებული აღნიშვნები მე-14 გრაფაში. მომჩივნის მოსაზრებით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ხელახალი გადამოწმების შედეგად, -------ს რესპუბლიკის ოფიციალურ ორგანოს შესაძლებლობა ექნებოდა საქმისწარმოების ხელახალი დაწყება და შესაბამისად განხორციელდებოდა დოკუმენტების ნამდვილობის და სისწორის დადასტურება, რის შედეგადაც შემცირდებოდა დამატებით დარიცხული თანხა.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 თებერვლის სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ --------ს საბაჟო სამსახურის წერილის თანახმად, --------ს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრომ გაუგზავნა შეტყობინება -------ს გადამხდელს (ექსპორტიორ კომპანიასთან - -------), რომელსაც განემარტა, რომ შესაბამისი დასკვნები მაკონტროლებელ ორგანოსთვის უნდა წარედგინა 2022 წლის 23 თებერვლამდე, საბაჟო დეპარტამენტს მაინც უნდა გადაემოწმებინა ექსპორტიორ ქვეყანაში გადაადგილების სერტიფიკატები, რაც მომჩივნის წარმომადგენლის მოსაზრებით, ექსპორტიორი კომპანიის მიერ შესაბამისი დასკვნების წარდგენისა და მაკონტროლებელ ორგანოს მიერ საკითხის ხელახალი შესწავლის საფუძველი გახდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1893 ბრძანება.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №1893 ბრძანების აღსრულება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 25 ოქტომბრის №26983 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) სახელზე გაფორმებული №------- (10/04/2021წ.), №--------- (17/05/2021წ.), №------- (19/05/2021წ.), №------- (21/05/2021წ.), №------- (24/05/2021წ.) და №------- (04/06/2021წ.) საბაჟო დეკლარაციების საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.

შპს „-------“-მა (ს/ნ ------) აღნიშნული დეკლარაციებით განახორციელა სხვადასხვა დასახელების საქონლის (ხილბოსტნეული) იმპორტი -------ს რესპუბლიკიდან, რომელთა გაფორმების დროსაც გამოიყენა საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატები, რის საფუძველზეც საქონლის იმპორტი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან.

ზემოხსენებული საბაჟო დეკლარაციებით საქართველოში საქონლის გაფორმებისას წარდგენილი დოკუმენტები და საქონლის გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატების ნამდვილობა და სიზუსტე გადამოწმდა ექსპორტიორ ქვეყანაში (--------).

2021 წლის 26 ნოემბერს -------ს საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროსაგან მიღებული წერილით (შემ. №244575/21) გამოგზავნილი დოკუმენტების საქართველოში საქონლის გაფორმებისას წარდგენილ დოკუმენტებთან შედარების შედეგად გაირკვა, რომ შპს „-------“-ს (ს/ნ ------) №------- (10/04/2021წ.), №-------- (17/05/2021წ.), №------- (19/05/2021წ.), №-------- (21/05/2021წ.), №-------- (24/05/2021წ.) და №------- (06/04/2021წ.) საბაჟო დეკლარაციებში ღირებულება ჰქონდა შემცირებული, ასევე, 2022 წლის 1 აპრილს ამავე ქვეყნის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროსაგან მიღებულ წერილში (შემ. №57500/21) აფიქსირებენ, რომ საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატების გადამოწმების შედეგები მათი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩაითვალა უარყოფითად (გადმოგზავნილი სერტიფიკატების უკანა გვერდებზე, მე-14 გრაფები უარყოფითად არის შევსებული), ვინაიდან ექსპორტიორის მიერ არ არის წარდგენილი „YGM“ ანგარიშგებები, რომლებიც აუცილებელია პროცესის შესაფასებლად.

აქედან გამომდინარე, ზემოთ ხსენებულ საბაჟო დეკლარაციებში, როგორც საბაჟო ღირებულების შემცირებამ, ასევე, საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატების არასწორად გამოყენებამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება.

შემოწმების შედეგად, შედგენილ იქნა 2022 წლის 25 ოქტომბრის № ა 194-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი, 2022 წლის 26 ოქტომბრის №27058 ბრძანება გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ და გამოიცა 2022 წლის 26 ოქტომბრის №081-193 საგადასახადო მოთხოვნა. შპს „-------“-ს (ს/ნ ------) №-------- (10/04/2021წ.), №------- (17/05/2021წ.), №------- (19/05/2021წ.), №------ (21/05/2021წ.), №------- (24/05/2021წ.) და №------ (04/06/2021წ.) საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ იმპორტის გადასახდელი - 50215,95 ლარი, მათ შორის დღგ - 9738.95 ლარი, იმპორტის გადასახადი - 40477 ლარი, საურავი - 13201.83 ლარი, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სანქცია ჯარიმის სახით შეეფარდა - 100431,90 ლარი.

აღნიშნული აქტები მომჩივანმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში 2022 წლის 10 ნოემბერს (საჩივრის რეგ. №76252/1/2022). საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მომწოდებელ კომპანიასთან უკვე შედგა სატელეფონო კომუნიკაცია და მიიღო დაპირება, რომ მათგან უახლოეს დღეებში მიღებულ იქნება დამადასტურებელი დოკუმენტი საქონლის გადაადგილების (წამოშობის) სერტიფიკატების ნამდვილობის და სიზუსტის შესახებ, რასაც წარმოადგენს მომავალში. აღნიშნულზე მითითებით ითხოვა სადავო საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №1893 ბრძანებით შპს „-------“-ს (ს/ნ ------) №83122/1/2023 საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მომჩივანს მიეცა წინადადება №1893 ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს მის მიერ მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო საბაჟო დეპარტამენტს თავის მხრივ დაევალა მითითებულ ვადაში მომჩივნის მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საქონლის გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატების ნამდვილობა და სიზუსტე დამატებით გადაამოწმოს ექსპორტიორ ქვეყანაში და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №1893 ბრძანების აღსრულების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტში 2023 წლის 28 თებერვალს შესულია შპს „--------“-ის №35983/21-11 (28/02/2023) განცხადება (დავების დეპარტამენტის №1893 03/02/203 ბრძანების შესაბამისად), რომელსაც თან ერთვის -------ს საბაჟო სამსახურის წერილი და აპოსტილით დამოწმებული წარმოშობის სერტიფიკატები (№EU0316311, №EU0316318, №EU0319086, №EU0316425, №EU0311727, №EU0316422, №EU0319087, №EU0319088, №EU0313976, №EU0313973, №EU0313977, №EU0313994, №EU0313993, №EU0313972, №EU0316401, №EU0313975, №EU0316420, №EU0313974, №EU0319090, №EU0319085). -------ს საბაჟო სამსახურის წერილიდან ირკვევა, რომ ეს დოკუმენტი არის მაკონტროლებელი ორგანოს (--------ს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს) შეტყობინება --------ს გადამხდელთან (ექსპორტიორ კომპანიასთან---------), სადაც გადამხდელს განმარტებული აქვს იმ კანონმდებლობის შესაბამისი აქტები და მუხლები, რომლითაც იგი ვალდებულია ჩაატაროს გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატის ნამდვილობისა და წესების შესაბამისობის კონტროლი ავტორიზებული საბაჟო სამსახურის კონსულტანტის მიერ და შესაბამისი დასკვნები წარუდგინოს მაკონტროლებელ ორგანოს 2022 წლის 23 თებერვლამდე. --------ს გადამხდელს ასევე ეცნობა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შემოწმების მომთხოვნ ქვეყანას გაეცემოდა უარყოფითი პასუხი.

რაც შეეხება აპოსტილით დამოწმებულ წარმოშობის სერტიფიკატის ასლებს, აქ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ დოკუმენტების მე-14 გრაფაში არ არის გაკეთებული აღნიშვნები (არც დადებითი, არც უარყოფითი). ამასთან, ღირებულებით ნაწილში შპს შპს „--------“-ს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ ხდება არგუმენტირება ნახსენები წარმოშობის სერტიფიკატებით გაცხადებული საქონლის პრეფერენციული წარმოშობის შესახებ. შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტები არ იქნა მიღებული მტკიცებულებად 2022 წლის 25 ოქტომბრის №ა194-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტის, 2022 წლის 26 ოქტომბრის №27058 ბრძანების გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ და 2022 წლის 26 ოქტომბრის №081-193 საგადასახადო მოთხოვნაში ცვლილების შესატანად.

შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მომზადდა 2023 წლის 28 მარტის №დ1-21-10 დასკვნა, 2023 წლის 31 მარტის №6791 ბრძანება „დარიცხული გადასახდელისა და დაკისრებული სანქციის არშემცირების შესახებ“ და №081-41 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებსაც ადრესატი გაეცნო 2023 წლის 20 ივლისს.

2023 წლის 28 მარტის №დ1-21-10 დასკვნა, 2023 წლის 31 მარტის №6791 ბრძანება „დარიცხული გადასახდელისა და დაკისრებული სანქციის არშემცირების შესახებ“ და №081-41 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 სექტემბრის №22979 ბრძანებით შპს „-------“-ს (ს/ნ ------) №83122/1/2023 საჩივარი არ დააკმაყოფილა.

№22979 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1893 ბრძანებით მომჩივნისთვის მიცემულ წინადადებაზე, ასევე საბაჟო დეპარტამენტის №დ1-21- 10 28.03.2023 წლის დასკვნის შინაარსზე და მომჩივნის მიერ მითითებულ შემდეგ გარემოებაზე: „28.02.2023 წელს საბაჟო დეპარტამენტში წარადგინა ექსპორტიორი ქვეყნიდან სათანადოდ დამოწმებული EUR 1- საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატები (20 დოკუმენტი), ხოლო საბაჟო დეპარტამენტს უნდა გადაემოწმებინა ექსპორტიორ ქვეყანაში მათი სისწორე, რაც 28.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით არ განხორციელებულა და შესაბამისად არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1893 ბრძანება“.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, ჩაითვალა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 19.09.2023 წლის №22979 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის მე-21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საჩივრის ავტორი პირველად საჩივარში მიუთითებდა, რომ მომწოდებელ კომპანიასთან უკვე შედგა სატელეფონო კომუნიკაცია და მიიღო დაპირება, რომ მათგან უახლოეს დღეებში მიღებულ იქნება დამადასტურებელი დოკუმენტი საქონლის გადაადგილების (წამოშობის) სერტიფიკატების ნამდვილობის და სიზუსტის შესახებ, რასაც წარმოადგენს მომავალში.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №1893 ბრძანებით მომჩივანს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტისთვის წარედგინა მის მიერ მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტები. საბაჟო დეპარტამენტს კი თავის მხრივ დაევალა მომჩივნის მიერ ასეთი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, საქონლის გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატების ნამდვილობა და სიზუსტე დამატებით გადაემოწმებინა ექსპორტიორ ქვეყანაში, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უნდა განახორციელებინა სადავო აქტების საფუძველზე დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №1893 ბრძანებას მომჩივანი გაეცნო 14 თებერვალს. შესაბამისად, დოკუმენტების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა (10 კალენდარული დღე) ამოიწურა 2023 წლის 24 თებერვალს.

აღნიშნულის მიუხედავად, შპს „-------“-ის მიერ საბაჟო დეპარტამენტში 2023 წლის 28 თებერვალს წარდგენილი იქნა განცხადება, რომელსაც ერთვის ------ს საბაჟო სამსახურის წერილი და აპოსტილით დამოწმებული წარმოშობის სერტიფიკატები.

საგულისხმოა, რომ -------ს საბაჟო სამსახურის წერილის შინაარსის მიხედვით, მაკონტროლებელი ორგანოს (-------ს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს) შეტყობინებით -------ს გადამხდელს განმარტებული აქვს იმ კანონმდებლობის შესაბამისი აქტები, მუხლები და ვადები, რომლითაც იგი ვალდებულია ჩაატაროს გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატის ნამდვილობისა და წესების შესაბამისობის კონტროლი ავტორიზებული საბაჟო სამსახურის კონსულტანტის მიერ. --------ს გადამხდელს ეთხოვა შესაბამისი დასკვნები წარუდგინოს მაკონტროლებელ ორგანოს 2022 წლის 23 თებერვლამდე. ასევე განემარტა, რომ აღნიშნული ეტაპის შემდგომ გაცემული დასკვნები და საჩივრები არ განიხილება.

ამავე წერილის შინაარსის თანახმად, -------ს გადამხდელს ასევე ეცნობა, რომ შესაბამისი დასკვნების 2022 წლის 23 თებერვლამდე წარუდგენლობის შემთხვევაში, შემოწმების მომთხოვნ ქვეყანას გაეცემოდა უარყოფითი პასუხი.

აპოსტილით დამოწმებულ წარმოშობის სერტიფიკატის ასლებთან დაკავშირებით კი, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ დოკუმენტების მე-14 გრაფაში არ არის გაკეთებული აღნიშვნები (არც დადებითი, არც უარყოფითი). წარმოშობის სერტიფიკატის ასლების მე-14 გრაფაში გაკეთებული დადებითი აღნიშვნა გახდებოდა საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქონლის გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატების ნამდვილობის და სიზუსტის ექსპორტიორ ქვეყანაში დამატებით გადამოწმების საფუძველი.

შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება წარმოშობის სერტიფიკატებით გაცხადებული საქონლის პრეფერენციული წარმოშობა, ღირებულებით ნაწილშიც შპს შპს „------“-ს არ წარუდგენია მტკიცებულებები. ამდენად, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტში არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტები, რაც შემდგომში საბაჟო დეპარტამენტის მიერ მათი გადამოწმების ვალდებულებას წარმოშობდა და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დაკისრებული სანქციის არ შემცირება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №1893 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ 2023 წლის 28 მარტის №დ1-21-10 დასკვნაში, დარიცხული გადასახდელისა და დაკისრებული სანქციის არშემცირების შესახებ 2023 წლის 31 მარტის საბაჟო დეპარტამენტის №6791 ბრძანებაში და №081-41 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ს (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №დ1-21-10 დასკვნა, 2023 წლის 31 მარტის საბაჟო დეპარტამენტის №6791 ბრძანება „დარიცხული გადასახდელისა და დაკისრებული სანქციის არშემცირების შესახებ“ და 2023 წლის 31 მარტის №081-41 საგადასახადო მოთხოვნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №1893 ბრძანებით მომჩივანს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტისთვის წარედგინა მის მიერ მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტები. საბაჟო დეპარტამენტს კი თავის მხრივ დაევალა მომჩივნის მიერ ასეთი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, საქონლის გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატების ნამდვილობა და სიზუსტე დამატებით გადაემოწმებინა ექსპორტიორ ქვეყანაში, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უნდა განახორციელებინა სადავო აქტების საფუძველზე დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივნის მიერ საბაჟო დეპარტამენტში 2023 წლის 28 თებერვალს წარდგენილი იქნა განცხადება, რომელსაც ერთვის შესაბამისი საბაჟო სამსახურის წერილი და აპოსტილით დამოწმებული წარმოშობის სერტიფიკატები. აპოსტილით დამოწმებულ წარმოშობის სერტიფიკატის ასლებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ დოკუმენტების მე-14 გრაფაში არ არის გაკეთებული აღნიშვნები (არც დადებითი, არც უარყოფითი). წარმოშობის სერტიფიკატის ასლების მე-14 გრაფაში გაკეთებული დადებითი აღნიშვნა გახდებოდა საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქონლის გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატების ნამდვილობის და სიზუსტის ექსპორტიორ ქვეყანაში დამატებით გადამოწმების საფუძველი.

შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება წარმოშობის სერტიფიკატებით გაცხადებული საქონლის პრეფერენციული წარმოშობა, ღირებულებით ნაწილშიც მომჩივანს არ წარუდგენია მტკიცებულებები. ამდენად, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტში არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტები, რაც შემდგომში საბაჟო დეპარტამენტის მიერ მათი გადამოწმების ვალდებულებას წარმოშობდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №1893 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ 2023 წლის 28 მარტის №დ1-21-10 დასკვნაში, დარიცხული გადასახდელისა და დაკისრებული სანქციის არშემცირების შესახებ 2023 წლის 31 მარტის საბაჟო დეპარტამენტის №6791 ბრძანებაში და №081-41 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).