გადაწყვეტილება №94121/1/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.03.2025
№ დოკუმენტი 94121/1/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№94121/1/2025

14 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 11.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №94121/1/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6527 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის №149-10 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 17.01.2025 წლის №276 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 445 810.33 ლარი. მათ შორის: გადასახადი - 108 916.04 მოგების გადასახადი - 107 565.2 საშემოსავლო გადასახადი - 1 322.8 ქონების გადასახადი - 28.04 ჯარიმა - 54 514.29 საურავი - 282 380

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 3.03.2008 წლიდან 1.04.2013 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 19 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებების გამო:

1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ საქონლის (ფერადი ლითონის) შეძენა ხორციელდებოდა ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტების საფუძველზე, რომელთაგანაც შერჩევით 40 ფიზიკური პირისაგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/ახსნა-განმარტება შეძენილი საქონლის შესახებ, ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ იქნა ფიზიკურ პირთა დაკითხვის ოქმები. გამოთხოვილი ინფორმაციის/ახსნა-განმარტებების და დაკითხვის ოქმების მიხედვით ირკვევა, რომ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ მონაცემებში კონკრეტული ფიზიკური პირების მიერ ჩაბარებული საქონლის ჯამური რაოდენობა აღემატება მათ მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებში დაფიქსირებულ მონაცემებს, ამასთან უმეტეს შემთხვევაში ახსნა განმარტებით და დაკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ საერთოდ არ მომხდარა მათ მიერ ამ საწარმოსთვის ჯართის ჩაბარება. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად მოხდა გამოსაქვითი ხარჯების შემცირება (2008, 2011 და 2012 წლებში ჯამში 3 437 656 ლარით), რამაც გამოიწვია მოგების გადასახადში დამატებით ძირითადი გადასახადისა და ჯარიმის დარიცხვა სსკ-ის 275-ე მუხლით წლების მიხედვით.

ამასთან, შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ საწარმოს მიერ ფერადი ლითონების შესყიდვა ხდებოდა ფიზიკური პირებიდან, რაზეც შედგენილია შესყიდვის აქტები. შემოწმების შედეგად მოხდა შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფიზიკური პირების მონაცემების გადამოწმება და აღმოჩნდა, რომ 371 ფიზიკური პირიდან არ იდენტიფიცირდება 72 ფიზიკური პირი, რომელთაგან შეძენილი საქონელი ჯამში შეადგენს 852 439 ლარს. საგადასახადო კოდექსის 72-ე (ძვ. 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად მოხდა გამოსაქვითი ხარჯების შემცირება, რამაც გამოიწვია მოგების გადასახადში დამატებით ძირითადი გადასახადისა და ჯარიმის დარიცხვა სსკ-ის 275- ე მუხლით წლების მიხედვით.

2. საწარმოს 2009 წლის 1 დეკემბრიდან შეჩერებული აქვს საქმიანობა და სალაროს ანგარიშზე უძრავი სალდო 2011 წლის 1 ნოემბრამდე შეადგენს 2 011 316 ლარს. სალაროს ანგარიშზე არსებული უძრავი ფულადი ნაშთი, განხილულ იქნა საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სარგებლის თანხა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის (ძვ. 174-ე მუხლი) თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და დაერიცხა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. საწარმოს 2012 წლის 21 ივნისის მდგომარეობით სალაროს ნაშთი ბუღალტრული პროგრამით უფიქსირდება 18 665.48 ლარი. გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით აღნიშნული თანხა საწარმოს სალაროდან გატანილია დირექტორის საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული განხილულ იქნა საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სარგებლის თანხა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის (ძვ. 174-ე მუხლი) თანახმად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, რამაც გამოიწვია ასევე ჯარიმის დარიცხვა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2014 წლის 22 დეკემბრის №53304 ბრძანება და №049-27 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 21.01.2015 წელს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.04.2015 წლის №11507 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 5.05.2015 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 23.12.2016 წლის №10160/2/15 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბჭომ მიიჩნია, რომ „იმ შემთხვევებში, სადაც გამოძიებით დადგენილია სადავო შეძენის დოკუმენტების სიყალბე და ფიქტიური ოპერაციების განხორციელების ფაქტი, ამ შესყიდვის აქტებით გათვალისწინებული ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინების საფუძველი არ არსებობს. დანარჩენ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს შეძენას, მაგრამ შეძენის დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს ან არ არსებობს შეძენის დოკუმენტები, მაგრამ დასტურდება შეძენისა და ექსპორტზე გატანის ფაქტი უნდა მოხდეს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და ამ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება“.

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის პირველ თებერვლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები სულ 246 669 ლარი, მათ შორის, გადასახადი 164 446 ლარი და ჯარიმა 82 223 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 3.02.2017 წლის №2523 ბრძანება და №049-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.05.2017 წლის №14449 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.05.2017 წლის №14449 ბრძანება 19.06.2017 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 1.12.2017 წლის №4162/2/2017 გადაწყვეტილებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველი დარჩა.

შემოსავლების სამსახურის 30.05.2017 წლის №14449 ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული 2023 წლის 30 მარტის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც წარედგინა ამავე დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №149-3 საგადასახადო მოთხოვნა.

კომპანიამ სარჩელით მიმართა ------- საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 22 დეკემბრის №049-27 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 8 აპრილის №11507 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 23 დეკემბრის №10160/2/15 გადაწყვეტილების საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობა.

------- საქალაქო სასამართლოს 19.12.2017 წლის გადაწყვეტილებით (საქმე №3/194-17) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 22 დეკემბრის №049-27 საგადასახადო მოთხოვნა, 2014 წლის 22 დეკემბრის ბრძანებასა და 2014 წლის 19 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტთან ერთად, ასევე, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 8 აპრილის №11507 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 23 დეკემბრის №10160/2/15 გადაწყვეტილება. დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

------- სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე №3ბ/2105- 19) გაუქმდა ------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3/194-17) სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტი, საწარმოზე 2014 წლის 22 დეკემბრის №049-27 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ქონების გადასახადის (832.33 ლარი) გაუქმების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა ------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე №3/194-17).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით №გს-2110(2კ-21) უცვლელი დარჩა ------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე №3ბ/2105-19).

------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3/194-17) აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 31 მარტის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 554 547 ლარი, მათ შორის გადასახადი 369 698 ლარი, ჯარიმა 184 849 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №149-4 საგადასახადო მოთხოვნა.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №149-3 და №149-4 საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20117 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №149-4 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20117 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 1.12.2023 წლის №20822/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6527 ბრძანებით:

1. საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების, მასში აღნიშნული მითითებების და ამ ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შეისწავლოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულებით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სალაროს ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე უპროცენტო სესხად განხილვის და სარგებლის ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირების საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6527 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა სულ 218 624 ლარი, მათ შორის: გადასახადი 157 358 ლარი და ჯარიმა 61 266 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 26 ნოემბრის №24774 ბრძანება და №149-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 17.01.2025 წლის №276 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით. აღნიშნა, რომ შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე, ერთობლივი შემოსავლიდან სრულად იქნა გამოქვითული იმ ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულება, რომლებმაც ------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დაადასტურეს ჯართის ჩაბარების ფაქტი, აღნიშნულის შესაბამისად გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი და შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით მოგების გადასახადში დამატებით დარიცხული თანხები, ასევე დაკორექტირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე უპროცენტო სესხად განხილვის და სარგებლის ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირების საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სასამართლოს მიერ მითითებული სავალდებულო გამოკვლევები არ ჩაატარა აუდიტის დეპარტამენტმა და ისე მიიღო უკანონოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები, ფიზიკური პირებისაგან შეძენილი ჯართის ღირებულებით ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირების ნაწილში, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. ამასთან, აუცილებელია გაიმიჯნოს, პროდუქციის, რომელ ნაწილში დგინდება დოკუმენტების გაყალბება. შემოწმებას საჭიროებს მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებაში რამდენად არის გამოყენებული ის დოკუმენტები, რომელთა მიმართაც ჩატარებულია ექსპერტიზა. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დგება ფიქტიური ოპერაციების განხორციელება. სასამართლომ იმპერატიულად დაადგინა აღნიშნული, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტი არ დაემორჩილა სასამართლო გადაწყვეტილებას და ფორმალურად აღნიშნა, რომ საკითხი შეისწავლა დამატებით (რაც ფიქტიურია) და კვლავ მომჩივანს გადააკისრა დასაბუთების ვალდებულება, ყველა ამ არგუმენტის და სასამართლოს კანონიერი ძალაში შესული გადაწყვეტილების სავალდებულოობის მიუხედავად აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ წარდგენილ იქნა სასამართლო საქმის მასალების სრულად (გამოთხოვილი საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივიდან), რომელშიც არის სასამართლოში თავად შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით სისხლის სამართლის საქმიდან გამოთხოვილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც შესყიდვის აქტების რიგ შემთხვევებზე ვერ დადგინდა ხელმოწერის გაყალბება, რიგ შემთხვევებზე კი ექსპერტიზის თანახმად გაცემულია სავარაუდო დასკვნა. შესაბამისად სადაც არ იქნა დადგენილი სიყალბე აუდიტის დეპარტამენტი ვალდებული იყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად ხარჯებში ჩაეთვალა შესყიდვისათვის გადახდილი თანხა, ასევე სავარაუდო დასკვნის შემთხვევაშიც, ვინაიდან ეჭვი და ვარაუდი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადამხდელის საწინააღმდეგოდ. ასევე სხდომაზე დაკითხული მოწმეთა მიერ ჩაბარებული ჯართის ნაწილში აუდიტის მიერ არ არის სრულად გათვალისწინებული ხარჯები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6527 ბრძანებით:

1. საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების, მასში აღნიშნული მითითებების და ამ ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შეისწავლოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულებით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სალაროს ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე უპროცენტო სესხად განხილვის და სარგებლის ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირების საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6527 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 ნოემბრის დასკვნის და ამავე დეპარტამენტის 19.02.2025 წლის №12302-21- 14 წერილის მიხედვით:

1. ------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების, მასში და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ერთობლივი შემოსავლიდან სრულად იქნა გამოქვითული იმ ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულება, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დაადასტურეს ჯართის ჩაბარების ფაქტი, აღნიშნულის შესაბამისად გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი 21 889 ლარით. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით მოგების გადასახადში დამატებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 4 925 ლარით, მათ შორის გადასახადი 3 283 ლარით და ჯარიმა 1 642 ლარი.

2. დაკორექტირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე უპროცენტო სესხად განხილვის და სარგებლის ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირების საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, სულ 213 697 ლარი, მათ შორის გადასახადი 154 073 ლარი და ჯარიმა 59 624 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნის შედეგად, შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 218 624 ლარი, მათ შორის: გადასახადი 157 358 ლარი და ჯარიმა 61 266 ლარი.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ერთობლივი შემოსავლიდან სრულად იქნა გამოქვითული ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულება, გარდა სიყალბის ნაწილისა, რომელზეც გათვალისწინებულია მხოლოდ 75%-იანი ხარჯი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6527 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6527 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ საქონლის (ფერადი ლითონის) შეძენა ხორციელდებოდა ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტების საფუძველზე, რომელთაგანაც შერჩევით 40 ფიზიკური პირისაგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/ახსნა-განმარტება შეძენილი საქონლის შესახებ, ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ იქნა ფიზიკურ პირთა დაკითხვის ოქმები. გამოთხოვილი ინფორმაციის/ახსნა-განმარტებების და დაკითხვის ოქმების მიხედვით ირკვევა, რომ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ მონაცემებში კონკრეტული ფიზიკური პირების მიერ ჩაბარებული საქონლის ჯამური რაოდენობა აღემატება მათ მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებში დაფიქსირებულ მონაცემებს, ამასთან უმეტეს შემთხვევაში ახსნა განმარტებით და დაკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ საერთოდ არ მომხდარა მათ მიერ ამ საწარმოსთვის ჯართის ჩაბარება. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად მოხდა გამოსაქვითი ხარჯების შემცირება, რამაც გამოიწვია მოგების გადასახადში დამატებით ძირითადი გადასახადისა და ჯარიმის დარიცხვა

ამასთან, საწარმოს მიერ ფერადი ლითონების შესყიდვა ხდებოდა ფიზიკური პირებიდან, რაზეც შედგენილია შესყიდვის აქტები. ფიზიკური პირების მონაცემების გადამოწმებით, ვერ მოხერხდა 72 ფიზიკური პირის იდენტიფიცირება. შემოწმების შედეგად მოხდა გამოსაქვითი ხარჯების შემცირება, რამაც გამოიწვია მოგების გადასახადში დამატებით ძირითადი გადასახადისა და ჯარიმის დარიცხვა.

2. საწარმოს 2009 წლის 1 დეკემბრიდან შეჩერებული აქვს საქმიანობა და სალაროს ანგარიშზე უძრავი ფულადი ნაშთი, განხილულ იქნა საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სარგებლის თანხა - ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6527 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154