ბრძანება N 8998

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.04.2023
№ დოკუმენტი 8998
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8998

26.04.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2022 წლის 29 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2022 წლის 29 დეკემბრის №77707/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №081-222 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალებები. აცხადებს, რომ შემოწმების და გადაანგარიშების პროცესში აუდიტორებისათვის ვერ მოხერხდა შესყიდვის დოკუმენტაციის წარდგენა, ვინაიდან შეიცვალა კომპანიის ბუღალტერი, ხოლო ყოფილ ბუღალტერთან კონტაქტი ვერ მოხერხდა. მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე მოხერხდა მხოლოდ დოკუმენტაციის ნაწილის გამოთხოვა მომწოდებლებისგან, ხოლო ნაწილს კვლავ ელოდება. მიიჩნევს, რომ დარჩენილ დოკუმენტაციას (მომწოდებლებთან გაფორმებულ შედარების აქტებს) წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღებამდე. ითხოვს წამოდგენილი დოკუმენტაციის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლა და აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხების შემცირებას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის დამფუძნებლის მიმართ ვალდებულების დაფარვისთვის გადახდილი თანხის ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ ბუღალტრულ აღრიცხვაში დროის ნებისმიერ მონაკვეთში უნდა სრულდებოდეს ბუღალტრული ტოლობა. კერძოდ, აქტივები უდრის ვალდებულებებისა და კაპიტალის ჯამს. აღნიშნავს, რომ აქტიურ კომპანიას ნებისმიერი განვლილი პერიოდიდან მოჰყვება აქტივები და ვალდებულება. თუკი შემმოწმებლებმა საეჭვოდ მიიჩნიეს ვალდებულების ოდენობა, მაშინ ასევე საეჭვოდ უნდა იქნას მიჩნეული აქტივების ოდენობაც, რაც არ მომხდარა და ცხადია ვერ მოხდებოდა, რადგან შემოწმების შედეგადაც დასტურდება, რომ შპს „-------“ გააჩნდა აქტივების ის ოდენობა, რაც ფიქსირდება საბუღალტრო პროგრამაში 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. განმარტავს, რომ კომპანიის დამფუძნებელმა მოახდინა პირადი უძრავი ქონების რეალიზაცია, სწორედ აღნიშნული თანხით იქნა შეძენილი შპს „-------“ ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებები. აცხადებს, რომ აღნიშნულის დასადასტურებლად წარადგენს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას. ითხოვს აღნიშნული საკითხის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლას და დარიცხული თანხების კორექტირებას/შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 მაისის №11752 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს ,,-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სალაროში არსებული ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 მაისის №11752 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 17 ნოემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 77 926 ლარი, მათ შორის: გადასახადი 53 763 ლარი, ჯარიმა 24 163 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 29 ნოემბრის №081-222 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, ფ/პ ------- (პ/ნ -------) და ი/მ ------- (პ/ნ -------) ახსნა-განმარტებები. გარდა ამისა, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმ კომპანიისაგან, რომლის სატრანსპორტო საშუალებებითაც ახორციელებდა საზღვრის კვეთებს ფ/პ -------. ამ კომპანიის, შპს „-------“ (ს/ნ -------), დირექტორის ახსნა-განმარტებით, შპს „-------“ არ ჰქონია საქმიანი ურთიერთობა შპს „-------“, 2018 წელს შპს „-------“ დაქირავებული პირი ------- (უფიქსირდება ამ კომპანიისაგან მიღებული ხელფასები), ამავე კომპანიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით, ახორციელებდა საერთაშორისო გადაზიდვებს. შემოწმების პროცესში, ფიზიკური პირის საზღვრის კვეთების მიხედვით განსაზღვრულმა შემოსავალმა (ხელფასად დაბეგრილი) შეადგინა 117 685 ლარი, ხოლო სალაროდან ჩამოწერილმა მივლინების ხარჯებმა - 22 491 ლარი. გადაანგარიშებით, შემცირებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლიდან დირექტორზე ხელფასად დაბეგრილი თანხები და დაბეგვრას დაექვემდებარა ფ/პ ------- სალაროდან გაცემული თანხები (მივლინების ხარჯი). რაც შეეხება დირექტორისაგან იჯარით აღებული მისაბმელით დაანგარიშებულ შემოსავლებს, შემოწმების პროცესში აღნიშნულმა შეადგინა 40 113 ლარი (დაბეგრილი ხელფასად). ვინაიდან, წარმოდგენილი განმარტებების თანახმად, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით (№-------) გადაზიდვების განმახორციელებელ პირს, ი/მ -------, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული საქმიანობა არ არის დაკავშირებული შპს „-------“, კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა ან რაიმე ტიპის შემოსავლები არ უფიქსირდება და ის არ წარმოადგენდა შპს „-------“ დასაქმებულს, მის მიერ განხორციელებული კვეთებით დადგენილი შემოსავალი, გადაანგარიშებით დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, აღნიშნულის ფარგლებში შემცირდა დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის ოდენობა, რაც არ იწვევს თანხობრივ შედეგს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

· სადავო საკითხი შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად. კერძოდ, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესაბამისად, სალაროს არაგონივრული ნაშთი, ბუღალტრულ პროგრამაში ასახული წმინდა მოგების ფარგლებში, დაკვალიფიცირდა დივიდენდად. კერძოდ, წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერების თანახმად, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კომპანიის წმინდა მოგება შეადგენს 65 061 ლარს. ამასთან, პირს 2018 წლის თებერვლის თვეში განაწილებული აქვს დივიდენდი 20 000 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად დაბეგრილია მოგების გადასახადით (ჩათვლა არ არის განხორციელებული). გადაანგარიშების ეტაპზე, წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით, გადამხდელი ითხოვს აღნიშნულის ჩათვლას. შესაბამისად, გადაანგარიშებით, სალაროს არაგონივრული ნაშთიდან 45 061 ლარი დაკვალიფიცირდა დივიდენდად, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის თანახმად, ჩათვლას დაექვემდებარა, როგორც 2018 წლის თებერვლის თვეში გაცემული დივიდენდიდან გაანგარიშებული ჩასათვლელი მოგების გადასახადი, ასევე არაგონივრული ნაშთიდან დივიდენდად განხილული თანხის მიხედვით განსაზღვრული მოგების გადასახადი, რამაც სულ შეადგინა 11 900 ლარი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, დაბეგვრას დაექვემდებარა დივიდენდად გაცემული თანხები. სალაროს არაგონივრული ნაშთი, 2020 წლის მარტის თვიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, კი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ სესხად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული მოგების გადასახადი 9 520 ლარის ოდენობით, ხოლო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე და 154-ე მუხლების თანახმად, სალდირებულად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი - 596 ლარი, ამასთან, შეუმცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად განსაზღვრული ჯარიმები.

· 2018-2019 წლებში კომპანიას არარეზიდენტი კომპანიისაგან (-------) შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალებები (მისაბმელი/სატვირთო). საბაჟო დეკლარაციებს თან არ ახლდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, საქონლის ღირებულება კი განსაზღვრული იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე, რამაც შეადგინა სულ 142 500 ლარი. გადასახადის გადამხდელს, შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის თანახმად, შეძენის ღირებულებად და შესაბამისად, კრედიტორზე გადახდილ თანხებად (სალაროდან გაცემული) მითითებული ჰქონდა ექსპერტიზის დასკვნის შედეგად განსაზღვრული ოდენობა. შესაბამისად, შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" მიხედვით, 2018-2019 წლებში შეძენილ საქონელზე გადახდილი თანხიდან (142 500 ლარიდან) 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო 25% დაკვალიფიცირდა საწარმოს ანაგარიშვალდებულ პირზე დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები და შედარების აქტი აღნიშნულ არარეზიდენტ კომპანიასთან, რომლის თანახმადაც, სატრანსპორტო საშუალებების ღირებულებამ და შესაბამისად, გადახდილმა თანხებმა შეადგინა სულ 145 373 ლარი (48 500 ევროს ექვივალენტი ლარში). შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხა, საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა დაექვემდებარა შემცირებას.

· კომპანიის დამფუძნებლის მიმართ არსებული ვალდებულების დაფარვის ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით, როგორც შემოწმების, ასევე გადაანგარიშების პროცესში, შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა აღნიშნული ვალდებულების წარმოშობის მიზნობრიობის დასაბუთება, თუმცა, ვინაიდან წინა პერიოდზე არ არის განხორციელებული ბუღალტრული აღრიცხვა და ფულის მოძრაობის ანალიზი, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი გაანგარიშება. შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელებული დარიცხვა არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხებთან მიმართებით ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტი კომპანიისაგან შეძენილ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების და შედარების აქტის შესაბამისად შემოწმებით დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას. ხოლო, კომპანიის დამფუძნებლის მიმართ არსებული ვალდებულების დაფარვისთვის გადახდილი თანხის ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი შესაბამისი გაანგარიშება/ინფორმაცია, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები შემცირებას არ დაექვემდებარა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების პროცესში წარდგენილი დოკუმენტების აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლას და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. ასევე, ასაჩივრებს კომპანიის დამფუძნებლის მიმართ გადახდილი თანხის ხელფასად დაკვალიფიცირებას და ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას/შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადაანგარიშების ეტაპზე, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, ახსნა-განმარტებები, გარდა ამისა, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმ კომპანიისაგან, რომლის სატრანსპორტო საშუალებებითაც ხორციელებოდა საზღვრის კვეთები; სალაროს არაგონივრული ნაშთი, ბუღალტრულ პროგრამაში ასახული წმინდა მოგების ფარგლებში, დაკვალიფიცირდა დივიდენდად, ჩათვლას დაექვემდებარა, როგორც 2018 წლის თებერვლის თვეში გაცემული დივიდენდიდან გაანგარიშებული ჩასათვლელი მოგების გადასახადი; შეძენილ საქონელზე გადახდილი თანხიდან 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო 25% დაკვალიფიცირდა საწარმოს ანაგარიშვალდებულ პირზე დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

კომპანიის დამფუძნებლის მიმართ არსებული ვალდებულების დაფარვისთვის გადახდილი თანხის ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი შესაბამისი გაანგარიშება/ინფორმაცია, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები შემცირებას არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 130; 154; 275; 301 (ზ); 304 (21); 309

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება N22708