გადაწყვეტილება №28267/2/2026
📄 სრული ტექსტი
№28267/2/2026
09 ნოემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 10.10.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28267/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 იანვრის №793 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2026 წლის №249-12 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.10.2026 წლის №22583 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 49 425,02 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 21 273,29
ჯარიმა - 21 067,82
საურავი - 7 083,91
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა პოლიესტერის ქსოვილებით და ერთსაწოლიანი და ორსაწოლიანი თეთრეულის კომპლექტით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელი საქონლის იმპორტს ახორციელებს ჩინეთიდან. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 24 ოქტომბერს. საქმიანობის ადგილია ---ის ქუჩა (---ს ბაზრობის ტერიტორია, ე.წ. --- ის ბაზარი). აუდიტის დეპარტამენტის 11.11.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 24.10.2023 წლიდან 1.07.2025 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელი საბუღალტრო აღრიცხვას ახორციელებს პროგრამა „ინფო“-ში. აღნიშნული პროგრამა შეიცავს ისეთი სახის ხარვეზებს, რომ ვერ იქნა გამოყენებული დაბეგვრის ობიექტი დასადგენად. შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები (მ.შ. ბანკის ამონაწერების), საარქივო სამმართველოდან მიღებული საბაჟო დოკუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები.
გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისი №14147 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურის შედეგად ფაქტობრივად აღირიცხა 996 854 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი (თვითღირებულებით - 635 385 ლარი (საშუალო ფასნამატი 33%)). დანართი №16-ში მითითებული საქონლის ერთეულის სარეალიზაციო ფასები შედარებულ იქნა ინვენტარიზაციის თარიღიდან უახლოეს იმპორტის სასაქონლო ოპერაციამდე პერიოდში დოკუმენტურად რეალიზებულ იმავე დასახელების საქონლის ერთეულის ღირებულებებთან. უმრავლეს შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს საქონელი რეალიზებული აქვს დანართ №16-ში მითითებული საბაზრო ფასებისგან განსხვავებულ ფასებში. აღნიშნულიდან გამომდინარე ინვენტარიზაციის შედეგები გამოყენებულ იქნა მხოლოდ ფაქტიური ნაშთის დადგენის ნაწილში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ასევე მოთხოვნილ იქნა გადასახადის გადამხდელთან საკონტროლო შესყიდვისა და სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურების ჩატარება, თუმცა მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ ჩატარდა აღნიშნული პროცედურები, ვინაიდან ობიექტი დახვდათ დაკეტილი. გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატია 19%. ინვოისების მიხედვით გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს ერთი და იგივე დასახელების საქონელი, რომელსაც არ გააჩნია მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. აღნიშნულის გამო შეუძლებელია დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულების დადგენა და შესაბამისად დოკუმენტური ფასნამატის გარკვევა.
ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №10-ის („პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითება") შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გამოყენებულ იქნა იმ აუდირებული კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი (45%), რომელიც საქმიანობს იმავე ტერიტორიაზე და იმავე ქვეყნიდან ახორციელებს მსგავსი/იდენტური საქონლის იმპორტს.
აუდირებული კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა, სამი ჯგუფისთვის გაანგარიშებულ რეალიზებულ პროდუქციის თვითღირებულებაზე და დადგენილი დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შემოწმების შედეგად, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ იქნა გადასახადის გადამხდელთან საკონტროლო შესყიდვისა და სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურების ჩატარება, თუმცა მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ ჩატარდა აღნიშნული პროცედურები, ვინაიდან ობიექტი იყო დაკეტილი.
ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითება) შესაბამისად საკასო შემოსავლად ჩაითვალა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავლის გათვალისწინებით დადგინდა სალაროში არსებული ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი - 56 153 ლარის ოდენობით, რომელიც დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ ხელფასად. შემოწმების აქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2025 წლის №249-41 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 იანვრის №793 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: - პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული ფასნამატის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ფასნამატთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული), ასევე შეისწავლოს დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად შეისწავლოს დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში განხორციელებული შენატანები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 იანვრის №793 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 14 მაისის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები, სულ 45 739 ლარით, მათ შორის, გადასახადი 28 235 ლარი, ჯარიმა 17 504 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 19 მაისის №249-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 17.06.2026 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 30.06.2026 წლის №14436 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 4.09.2026 წლის №27817/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 9.10.2026 წლის №22583 ბრძანებით, დაბრუნებული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ცხრილები და საბუღალტრო პროგრამა ორისი. პროგრამაში აღრიცხულია მხოლოდ საქონლის მიღება. მიღებულ საქონელზე მინიჭებული სასაქონლო კოდებით და ელექტრონულ ზედნადებებში მითითებული საქონლის კოდებით დაიდენტიფიცირდა დოკუმენტური რეალიზაციები და შესაბამისად დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი საქონლის სამი ჯგუფისთვის. აღნიშნულის საფუძველზე დადგინდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. გადასახადის გადამხდელი დოკუმენტურად ახდენს მსხვილი საქონლის პარტიების რეალიზაციას, რის გამოც საცალოდ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე არ იქნა გამოყენებული დოკუმენტური ფასნამატი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საცალო რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკების გაშიფვრები, რომელიც ემთხვევა იმავე საქონლის დოკუმენტურად რეალიზებულ ფასს, თუმცა ჩეკების ამორტყმის ქრონოლოგიაზე/სიხშირეზე დაკვირვებით, გადამხდელს ერთი და იგივე წუთზე უფიქსირდება რამდენიმე ერთნაირ თანხიანი ჩეკის ამორტყმა (მაგალითად: 01.04.2024 წელს 02:36 სთ-ზე ამორტყმულია 4 ჩეკი, 12:28 სთ-ზე - 7 ჩეკი, 12:29 სთზე - 20 ჩეკი, 12:30 სთ-ზე - 11 ჩეკი და ა.შ.), რის გამოც წარმოდგენილი ჩეკების გაშიფვრები არ ჩაითვალა სარწმუნოდ და საცალო რეალიზაციაზე არ გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რამაც ასევე გავლენა იქონია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაზეც. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს ნაწილობრივ შეუმცირდა დარიცხული დღგ, ხოლო საშემოსავლო გადასახადში აქტით დარიცხული თანხა შემცირდა სრულად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორის მიერ იმთავითვე შეცდომით იყო დარიცხული 45%-იანი ფასნამატი, სასაქონლო ზედნადებით რეალიზებულ საქონელზე, ამ უაზრო ფასნამატის გავრცელების გამო გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რამაც გამოიწვია დღგ-ის დარიცხვა, გაზრდილი შემოსავალი განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა. სწორედ, ამ ნაწილში ანუ სასაქონლო-ზედნადებით რეალიზებულ საქონელზე გავრცელებული საბაზრო ფასით გამოწვეულ დარიცხვების შემცირებაზე მიუთითებს შემოსავლების სამსახურის დავების საბჭო. სინამდვილეში იმთავითვე არასწორი დარიცხული თანხები იქნა შემცირებული, ხოლო მომჩივნის საფუძვლიანი არგუმენტი, საცალოდ რეალიზებულ საქონელზე, გაევრცელებინათ მომჩივნის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი დატოვეს რეაგირების გარეშე. ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში, მითითებული ფასნამატის განსაზღვრის და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დასადგენად გამოყენების (გავრცელების) საკითხი მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, მოითხოვდა დამატებით შესწავლას. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაშია მისაღები „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 10) მოთხოვნები, ფასნამატების გამოყენების რიგითობასთან დაკავშირებით. მომჩივნის აზრით, შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნული მითითება არ იქნა გათვალისწინებული და პრაქტიკულად ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ აღსრულებულა. მოთხოვნაა სასაქონლო ზედნადებით დაფიქსირებული ფასნამატი 20%, გავრცელებული იქნას სასაქონლო ზედნადების გარეშე რეალიზებულ საქონელზე (ჩეკებით რეალიზებულ საქონელზე) და არა აუდიტის მიერ გავრცელებული 45%. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული საქონლის წილი, საერთო რეალიზაციის 30%-ს შეადგენს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხების ხელახალი შესწავლა და სადავო მოთხოვნით დარიცხული თანხების კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 იანვრის №793 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული ფასნამატის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ფასნამატთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული), ასევე შეისწავლოს დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;
3) მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად შეისწავლოს დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში განხორციელებული შენატანები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 იანვრის №793 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 14 მაისის დასკვნა, სადაც მითითებულია შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილები და საბუღალტრო პროგრამა. პროგრამაში აღრიცხულია მხოლოდ საქონლის მიღება. მიღებულ საქონელზე მინიჭებული სასაქონლო კოდებით და ელექტრონულ ზედნადებებში მითითებული საქონლის კოდებით დაიდენტიფიცირდა დოკუმენტური რეალიზაციები და შესაბამისად დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი საქონლის სამი ჯგუფისთვის. აღნიშნულის საფუძველზე დადგინდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. გადასახადის გადამხდელი დოკუმენტურად ახდენს მსხვილი საქონლის პარტიების რეალიზაციას, რის გამოც საცალოდ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე არ იქნა გამოყენებული დოკუმენტური ფასნამატი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადაანგარიშების საფუძველზე საცალოდ რეალიზებულ საქონელზე დატოვებულ იქნა შემოწმების აქტის შედგენისას გამოყენებული აუდირებული ფასნამატი. გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების საფუძველზე ნაწილობრივ შეუმცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დღგ-ის თანხა და შესაბამისი ჯარიმა. დღგ-ის ბრუნვის შემცირებამ ასევე გავლენა იქონია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაზეც. აღნიშნულიდან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადში აქტით დარიცხული გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა შემცირდა სრულად. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები, სულ 45 739 ლარით, მათ შორის, გადასახადი 28 235 ლარი, ჯარიმა 17 504 ლარი.
მომჩივანს აღნიშნავს, რომ აუდიტორის მიერ იმთავითვე შეცდომით იყო დარიცხული 45%-იანი ფასნამატი, სასაქონლო ზედნადებით რეალიზებულ საქონელზე, ამ უაზრო ფასნამატის გავრცელების გამო გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რამაც გამოიწვია დღგ-ის დარიცხვა, გაზრდილი შემოსავალი განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.
სწორედ, ამ ნაწილში ანუ სასაქონლო ზედნადებით რეალიზებულ საქონელზე გავრცელებული საბაზრო ფასით გამოწვეულ დარიცხვების შემცირებაზე მიუთითებს შემოსავლების სამსახურის დავების საბჭო. სინამდვილეში იმთავითვე არასწორი დარიცხული თანხები იქნა შემცირებული, ხოლო მომჩივნის საფუძვლიანი არგუმენტი, საცალოდ რეალიზებულ საქონელზე, გაევრცელებინათ მომჩივნის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი დატოვეს რეაგირების გარეშე.
მოთხოვნაა სასაქონლო ზედნადებით დაფიქსირებული ფასნამატი 20%, გავრცელებული იქნას სასაქონლო ზედნადების გარეშე რეალიზებულ საქონელზე (ჩეკებით რეალიზებულ საქონელზე) და არა აუდიტის მიერ გავრცელებული 45%. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული საქონლის წილი, საერთო რეალიზაციის 30%-ს შეადგენს.
აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერა ინვენტარიზაცია და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების მიერ, აღწერის მომენტში საქონლის გასაყიდი ფასები ემთხვევა მათ სარეალიზაციო ფასებს.
მომჩივანი მოითხოვს სასაქონლო ზედნადებით დადასტურებული ფასნამატის გავრცელებას ჩეკებით რეალიზებულ საქონელზე. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 10) „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ფასნამატები გამოიყენება შემდეგი რიგითობით:
ა) პირველი - „დოკუმენტური ფასნამატი“;
ბ) მეორე - „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“;
გ) მესამე - „სხვა შემოწმების ფასნამატი“;
დ) მეოთხე - „მესამე პირების ფასნამატი“;
ე) მეხუთე - „სხვა ფასნამატი“.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ყოველი მომდევნო ფასნამატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა ფასნამატის თაობაზე არ მოიპოვება სათანადო ინფორმაცია ან/და ვერ კმაყოფილდება შესაბამისი ფასნამატის დადგენილად მიჩნევის პირობა.
ამასთან:
ა) თუ კონკრეტულ წელზე და ჯგუფზე ვერ დგინდება დოკუმენტური ფასნამატი, გამოიყენება ამავე სახეობის ჯგუფზე დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველი წლის უახლოესი სამი წლიდან ერთ-ერთ უახლოეს წელს;
ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დოკუმენტური ფასნამატი დადგინდა, როგორც განსახილველი წლის წინა წელს, ისე მის მომდევნო წელს, გამოიყენება ამ მომიჯნავე წლების ფასნამატების საშუალო მონაცემი, რომელიც გამოითვლება ამ მეთოდური მითითების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი და ვერც მისი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველ ჯგუფზე, განსახილველ წელს, ხოლო, თუ კონკრეტულ წელზე და ჯგუფზე ვერ დგინდება მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, გამოიყენება ამავე სახეობის ჯგუფზე დადგენილი მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველი წლის უახლოესი სამი წლიდან ერთ-ერთ უახლოეს წელს;
დ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიმდინარე კონტროლის ფასნამატი დადგინდა განსახილველი წლის ორ მომიჯნავე წელს, გამოიყენება ამ ფასნამატების საშუალო მონაცემი, რომელიც გამოითვლება ამ მეთოდური მითითების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ე) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური და მიმდინარე კონტროლის ფასნამატები და ვერც მათი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება „სხვა შემოწმების ფასნამატი“, რომელიც დადგინდა განსახილველ წელს და განსახილველ ჯგუფზე;
ვ) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური, მიმდინარე კონტროლის და სხვა შემოწმების ფასნამატები და ვერც მათი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება მესამე პირების ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველ წელს და განსახილველ ჯგუფზე;
ზ) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური, მიმდინარე კონტროლის, სხვა შემოწმების და მესამე პირების ფასნამატები და ვერც მათი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება სხვა ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველ წელს და განსახილველ ჯგუფზე.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ფასნამატის განსაზღვრის და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დასადგენად გამოყენების (გავრცელების) საკითხი მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, მოითხოვს დამატებით შესწავლას.
აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაშია მისაღები „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 10) მოთხოვნები, ფასნამატების გამოყენების რიგითობასთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 9.10.2026 წლის №22583 ბრძანებით, მომჩივნის არგუმენტებზე მსჯელობა არ იკვეთება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი, მომჩივნის არგუმენტებისა და ხსენებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით, საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 9.10.2026 წლის №22583 ბრძანება;
3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 იანვრის №793 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილები და საბუღალტრო პროგრამა. პროგრამაში აღრიცხულია მხოლოდ საქონლის მიღება. მიღებულ საქონელზე მინიჭებული სასაქონლო კოდებით და ელექტრონულ ზედნადებებში მითითებული საქონლის კოდებით დაიდენტიფიცირდა დოკუმენტური რეალიზაციები და შესაბამისად დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი საქონლის სამი ჯგუფისთვის. აღნიშნულის საფუძველზე დადგინდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. გადასახადის გადამხდელი დოკუმენტურად ახდენს მსხვილი საქონლის პარტიების რეალიზაციას, რის გამოც საცალოდ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე არ იქნა გამოყენებული დოკუმენტური ფასნამატი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადაანგარიშების საფუძველზე საცალოდ რეალიზებულ საქონელზე დატოვებულ იქნა შემოწმების აქტის შედგენისას გამოყენებული აუდირებული ფასნამატი. გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების საფუძველზე ნაწილობრივ შეუმცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დღგ-ის თანხა და შესაბამისი ჯარიმა. დღგ-ის ბრუნვის შემცირებამ ასევე გავლენა იქონია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაზეც. აღნიშნულიდან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადში აქტით დარიცხული გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა შემცირდა სრულად. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები, სულ 45 739 ლარით, მათ შორის, გადასახადი 28 235 ლარი, ჯარიმა 17 504 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი, მომჩივნის არგუმენტებისა და ხსენებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით, საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,ბ).