ბრძანება N 7334

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.04.2023
№ დოკუმენტი 7334
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7334

05.04.2023

ი/მ------------- (ს/ნ --------------)

( მის.: -----------------)

2023 წლის 26 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მარტის სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა ი/მ ---------------- (ს/ნ -----------------) 2023 წლის 26 იანვრის №78605/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №005-206 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3335 და 22 დეკემბრის №32375 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ --------------- (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე, ხოლო ბუღალტრული ნაშთის დადგენისა და ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისათვის 2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 27 დეკემბრის №33070 ბრძანება და ამავე თარიღის №005-206 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 56 810 ლარი, მათ შორის, გადასახადი 24 004 ლარი, ჯარიმა 22 151 ლარი, საურავი 10 655 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

პირის მიერ წარმოდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 194 589 ლარს. შემოწმების მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. პირის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიხედვით გაანგარიშდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები.

აღნიშნულის საფუძველზე გაანგარიშებული ბრუნვა ზოგიერთ შემთხვევაში ნაკლებია პირის მიერ დეკლარირებულ მონაცემზე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს. ჯამურად გამოწერილი ელექტრონული დოკუმენტაციის მიხედვით გაანგარიშებული ბრუნვა მეტია დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვაზე. ასევე, 2019 წლის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ელექტრონული დოკუმენტაციის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი აღემატება 2019 წლის საანგარიშო პერიოდში დეკლარირებულ ერთობლივ შემოსავალს.

შემოწმებით, პირის მიერ გამოწერილი ელექტრონული დოკუმენტაციის მიხედვით განისაზღვრა, როგორც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ასევე 2019 წლის ერთობლივი შემოსავალი. გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის მიხედვით წლის განმავლობაში პირის მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა 351 475 ლარს, ხოლო შეძენილი საქონელი, მასალები და ნედლეული 320 942 ლარს. საანგარიშო პერიოდის საწყისი ნაშთი შეადგენდა 62 809 ლარს, ხოლო საბოლოო ნაშთი 56 868 ლარს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ პირის მიერ 2020 წელს შეძენილი საქონლისა და მასალა-ნედლეულის ღირებულება შეადგენს 351 799 ლარს (რაც აღემატება დეკლარირებულ მონაცემს), ხოლო ნაშთებთან დაკავშირებით შემოწმება დაეყრდნო პირის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმებით გაანგარიშდა 2020 წლის მანძილზე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელიც განსხვავდება (მეტია) პირის მიერ დეკლარირებული მონაცემის შესაბამისად გაანგარიშებული რპთ-სგან. შემოწმების მიერ განსაზღვრულ რეალიზებულ პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა წინა წლის მონაცემების შესაბამისად გამოანგარიშებული ფასნამატი (2019 წელს შემოწმებით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავლისა და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების შესაბამისად გამოთვლილმა ფასნამატმა შეადგინა 12.6%). აღნიშნულიდან გამომდინარე გაიზარდა 2020 წლის საანგარიშო პერიოდის როგორც ერთობლივი შემოსავალი, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით გადამხდელს გაეზარდა 2020 წლის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი 2020 წლის საანგარიშო პერიოდში. შედეგად, პირს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმებისათვის წარმოდგენილია პირის საბანკო ანგარიშების ამონაწერები. აღნიშნული ამონაწერების დამუშავებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებთან შედარებისას ირკვევა, რომ პირს სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირებისაგან ჩარიცხული აქვს თანხები (დანიშნულებით: „სამზარეულოს სრული კომპლექტი“, „საქონლის ღირებულება“, „საძინებლის გარნიტური“, „თბილისის ოფისის ჩარჩოს ღირებულება“, „ავეჯი, სამზარეულოს სრული კომპლექტი“, „საყვავილის ღირებულება“. „კიბის მოაჯირის ღირებულება“ და სხვა.). აღნიშნულ პირებისათვის გადამხდელს არ აქვს გამოწერილი ელ. საგადასახადო დოკუმენტები.

გადასახადის გადამხდელს 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის, 2021 წლიდან მოქმედი 159-ე მუხლის ასევე მე-100 მუხლის მიხედვით გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და 2019 წლის ერთობლივი შემოსავალი. შესაბამისად, დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ხის ავეჯის წარმოება და რეალიზაცია. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციისა და წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, პირს უფიქსირდება 117 000 ლარის თვითღირებულების სმფ-ების ნაშთი. 2022 წლის 16 დეკემბრის №31687 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ფაქტობრივი აღწერის მასალები გადმოიგზავნა აუდიტის დეპარტამენტში, რომლის მიხედვითაც გადამხდელს 2022 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით ფაქტობრივად აღმოაჩნდა 3 640.2 ლარის თვითღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობები (მასალა-ნედლეული). პირის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის მონაცემების მიხედვით განისაზღვრა საშუალო ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 11.53% (ფასნამატის გაანგარიშებისას ერთობლივი შემოსავალში არ მომხდარა სატრანსპორტო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლის გათვალისწინება, რათა გაანგარიშებულიყო მხოლოდ სმფ-ების გამოყენებით მიღებული შემოსავლის შესაბამისი ფასნამატი). გასს-ის მონაცემებით ირკვევა, რომ პირს 01.01.2022 - 16.12.2022 საანგარიშო პერიოდში შეძენილი აქვს 371 062 ლარის თვითღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (მასალა-ნედლეული). პირის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით 01.01.2022 - 30.11.2022 საანგარიშო პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები შეადგენს 439 941 ლარს. ხოლო 01.12.2022 - 16.12.2022 პერიოდში პირის მიერ რეალიზებულია 11 265 ლარის ღირებულების საქონელი (გამოწერილი ელექტრონული დოკუმენტაციის მიხედვით). პირის მიერ დეკლარირებული ბრუნვიდან და 01.01.2022 - 16.12.2022 პერიოდში გამოწერილი ელ. დოკუმენტების შესაბამისად რეალიზებული საქონლის ღირებულების ანალიზით 2021 წლის საშუალო ფასნამატის გამოყენებით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება.

საწყისი ნაშთის, შეძენების და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ანალიზით განისაზღვრა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მასალა-ნედლეულის) ბუღალტრული ნაშთი, რომელიც შედარდა ფაქტობრივი აღწერის მასალებს და შედეგად პირთან გამოვლინდა 79 992 ლარის თვითღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მასალა-ნედლეულის) დანაკლისი. აღნიშნულ თვითღირებულებაზე გავრცელდა 2021 წლის საქონლის საშუალო ფასნამატი და განისაზღვრა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის საბაზრო ღირებულება 105 274 ლარის ოდენობით.

შედეგად, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მიეცა რეკომენდაცია გამოვლენილი დანაკლისი ასახოს შესაბამისი საანგარიშო პერიოდების საგადასახადო დეკლარაციებში საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ

მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

ენტის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს,გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ --------------(ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები

გადასახადის გადამხდელი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ გაანგარიშებული ბრუნვა ზოგიერთ შემთხვევაში ნაკლებია პირის მიერ დეკლარირებულ მონაცემზე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს. ჯამურად გამოწერილი ელექტრონული დოკუმენტაციის მიხედვით გაანგარიშებული ბრუნვა მეტია დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვაზე. ასევე, 2019 წლის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ელექტრონული დოკუმენტაციის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი აღემატება 2019 წლის საანგარიშო პერიოდში დეკლარირებულ ერთობლივ შემოსავალს.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43,269,270,272,275.286,269