გადაწყვეტილება №22008/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2024
№ დოკუმენტი 22008/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22008/2/2024

15 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 16.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22008/2/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 23.06.2023 წლის №19579/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №021-126 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 81 264 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 42 935

დღგ - 1 322

მიწა-არასასოფლო - (-63)

მოგების გადასახადი - 33 457

საშემოსავლო გადასახადი - 9 467

ქონების გადასახადი - (-1 248)

ჯარიმა - 21 594

საურავი - 16 735

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ------- (-------, -------, მიწის საკადასტრო კოდი: -------).

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 22 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოწმების პროცესში შესწავლილი იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა ორისი. აღნიშნული ბუღალტრული ჩანაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2019 პირველი იანვრისთვის (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის) დამფუძნებლის წინაშე ვალდებულება (საკუთარი კაპიტალი 5150) გააჩნდა 387 523 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში აღნიშნულ ნაშთთან დაკავშირებით მოთხოვნილ იქნა, როგორც ახსნა-განმარტება, ასევე ყველა ის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა საწყისი კაპიტალის ნაშთის ნამდვილობა.

შემოწმებისათვის წარდგენილი განმარტებით, გადასახადის გადამხდელს 2012 წელს შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი (შეძენის ღირებულება 35 000 აშშ დოლარი, საკადასტრო კოდი: -------), რომელზეც იგეგმებოდა სასტუმროს მშენებლობა (წარდგენილია აღნიშნული ნებართვის ასლი), ასევე, შეძენილი იყო სხვადასხვა სამშენებლო მასალები (ჯამში 91 793 ლარის ღირებულების, აღნიშნული დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით). ვინაიდან, აღნიშნულ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, ხარჯების დაფარვა ხდებოდა პროკრედიტ ბანკიდან აღებული სესხებით.

შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ, წარდგენილი იქნა საბანკო ამონაწერები დაფუძნებიდან შემოწმების დაწყების პერიოდამდე. აღნიშნულის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ხანდაზმულ პერიოდში აღებული აქვს ჯამში 783 202 ლარის ოდენობის სესხი, რომლის ძირისა და პროცენტის დაფარვა ხდებოდა დღევანდელი დირექტორის/დამფუძნებლის ოთარ სიორდიას მიერ განხორციელებული შენატანებით (წარდგენილია იმდროინდელი დამფუძნებლის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც ოთარ სიორდიას აძლევდა კომპანიის მართვის სრულ უფლებამოსილებას).

შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა სესხად აღებული თანხების მიზნობრიობა. იმ ხარჯებზე დაყრდნობით, რომელთა გაწევა ნამდვილად დასტურდებოდა (მიწისა და სამშენებლო მასალების ღირებულება), გაანგარიშებულ იქნა იმ თანხების ოდენობა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო საკუთარი კაპიტალის საწყისი ნაშთი, ასევე, სესხზე გადახდილი პროცენტებიდან გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ის ნაწილი, რაც მოხმარდა აღნიშნულ მშენებლობას (შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკუთარი კაპიტალის საწყისი ნაშთი 2019 წლის 1 იანვრისთვის განისაზღვრა 182 262 ლარის ოდენობით.

ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის დამფუძნებელს, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გაჰქონდა თანხები, საკუთარი კაპიტალის შემცირების ხარჯზე. შემოწმების მიერ, დაკორექტირდა აღნიშნული ოპერაციები და ის თანხები, რომელთა ოდენობაც აჭარბებდა საკუთარი კაპიტალის ოდენობას, ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში გაცემულ დივიდენდებად.

შემოწმების პროცესში, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ 2019-2021 წლების განმავლობაში მიღებული და გაუნაწილებელი მოგების ოდენობა, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შეეძლო შესაბამის პერიოდებში დივიდენდის განაწილება. საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე, გაცემული დივიდენდი ჩაითვალა განაწილებულ მოგებად, რამაც გამოიწვია დარიცხვა მოგების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში, ასევე, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №29798 ბრძანება და №021-113 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის №8741 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 23.06.2023 წლის №19579/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

- მომჩივანს მიეცა წინადადება, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილი მტკიცებულებების, ასევე წარმოდგენილ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და მიღებული შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 23.06.2023 წლის №19579/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №021-126 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელის 2024 წლის 12 იანვარს (რეგ. №4688/21) წარდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 16.01.2024 წლის №2815-21-04 წერილით, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ, გამოეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

წარადგინეს კომპანიის საწესდებო კაპიტალში დამფუძნებლის მიერ განხორციელებული თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაგრამ არ მოხდა გათვალისწინება და უცვლელად დარჩა შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, რასაც არ ეთანხმება, ხოლო აუდიტორთა ქმედება უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:

2019 წლის 1 იანვრისათვის კომპანიის ვალდებულება დამფუძნებლის (ოთარ სიორდიას) მიმართ შეადგენდა 387 523 ლარს, რაც წარმოშობილი იყო დამფუძნებლის მიერ კომპანიაში განხორციელებული შენატანებით, რაც მოხმარდა ამავე კომპანიის მიზნებს. აღნიშნულ ვალდებულების წარმოშობასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია და მტკიცებულებები წარედგინათ აუდიტორებს, კერძოდ: პროკრედიტ ბანკიდან კომპანიის საჭიროებისათვის და მშენებლობის განხორციელებისათვის მიღებული საკრედიტო ამონაწერები, სადაც სრულად არის მითითებული თანხის ხარჯვის მიზნობრიობა და ინფორმაცია კრედიტის გადახდაზე, მათ შორის პროკრედიტ ბანკის საკრედიტო კომიტეტის სხდომის ოქმი, სადაც მითითებულია მიზნობრიობა, მშენებლობის განხორციელების მიზნით მიწის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის საჯარო რეესტრის ამონაწერი, ე.წ. ერესიდან კომპანიის მიერ მშენებლობის საწარმოებლად, სამშენებლო მასალების შეძენის დამადასტურებელი საგადასახადო დოკუმენტაცია, ასევე წარედგინათ მშენებლობის პროექტი და ყველა ნებართვა, მშენებლობის მწარმოებელი და პროექტის შემდგენი პირების ხელწერილები თანხის მიღების შესახებ, საბუღალტრო მომსახურების გამწევი პირის ხელწერილი, დარაჯის მომსახურებაში გადახდილი ხელწერილი, პრარაბის მომსახურებაში თანხის გადახდის ხელწერილი, ჯამში 165 000 ლარის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.

აღნიშნულის მიუხედავად, აუდიტორებმა არ გაითვალისწინეს წარდგენილი მტკიცებულებები და დარიცხვა დატოვეს ძალაში, რაც უკანონოდ მიაჩნია, რამდენადაც, თუ გავითვალისწინებთ აუდიტორების მიდგომას, სადაოდ რჩებოდა მხოლოდ 40 361 ლარი, რომლის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული და ვერ წარედგინა შემმოწმებელს.

აუდიტორები შემოწმების აქტში მსჯელობენ, რომ კომპანიას რეალურად შეძენილი აქვს სამშენებლო მასალები, ასევე არ უარყოფენ შენობის აშენების ფაქტს, თუმცა არ ითვალისწინებენ მუშა-ხელის ხელფასს, პროექტზე, გეოლოგიურ კვლევაზე და სამშენებლო ნებართვებზე გაწეულ დანახარჯებს, ბუღალტრის, პრარაბის და დარაჯის მომსახურებას რაც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული, მით უმეტეს, როდესაც გააჩნიათ იმ პირების ხელწერილები, რომლებმაც მიიღეს თანხა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის და მომსახურების გაწევის სანაცვლოდ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებას და დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის №8741 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 23.06.2023 წლის №19579/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილი მტკიცებულებების, ასევე საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 23.06.2023 წლის №19579/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით ირკვევა შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა, დამატებით წარადგინა რამდენიმე ფიზიკური პირის ახსნაგანმარტება, რომლებიც განმარტავენ, რომ 2012-2018 წწ განმავლობაში კომპანიას უსრულებდნენ სხვადასხვა სახის მომსახურებას, მათ შორის სამშენებლო, დემონტაჟის, საბუღალტრო, დარაჯის და სხვა მომსახურებებს, რასთან დაკავშირებითაც, ხანდაზმულ პერიოდში მიიღეს ანაზღაურება, თუმცა საგადასახადო ვალდებულებები (გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება) შესრულება ევალებოდა გადასახადის გადამხდელს (აღნიშნულ ახსნა-განმარტებებს თან ახლავს ნოტარიულად დამოწმებული ცნობები, რომელთა საფუძველზეც ნოტარიუსი ადასტურებს ხელმომწერი პირების ხელმოწერის ნამდვილობას). გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით იქნა შესწავლილი აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთანავე, შესწავლილი იქნა განმარტებებში მითითებულ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის გადამხდელის დეკლარაციები, რის საფუძველზეც ვერ დადგინდა აღნიშნული ხარჯის გაწევის ნამდვილობა. ამასთან, ვინაიდან ვერ ხერხდებოდა 2012-2018 წლების განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლის შესწავლა, შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა წარდგენილი განმარტებებით განსაზღვრული დანახარჯების დაფინანსების წყაროს დაზუსტება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა კომპანიის საწესდებო კაპიტალში დამფუძნებლის მიერ განხორციელებული თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაგრამ არ მოხდა გათვალისწინება, რაც უკანონოდ მიაჩნია. აღნიშნავს, რომ 2019 წლის 1 იანვრისათვის კომპანიას ვალდებულება გააჩნია დამფუძნებლის მიმართ, რაც წარმოშობილი იყო დამფუძნებლის მიერ კომპანიაში განხორციელებული შენატანებით, რაც მოხმარდა ამავე კომპანიის მიზნებს. აუდიტორებს წარედგინათ პროკრედიტ ბანკიდან საკრედიტო ამონაწერები, სადაც მითითებული თანხის ხარჯვის მიზნობრიობა და ინფორმაცია კრედიტის გადახდაზე, მშენებლობის განხორციელების მიზნით მიწის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სამშენებლო მასალების შეძენის დამადასტურებელი საგადასახადო დოკუმენტაცია, მშენებლობის პროექტი და ყველა ნებართვა, მშენებლობის მწარმოებელი და პროექტის შემდგენი პირების ხელწერილები თანხის მიღების შესახებ, საბუღალტრო მომსახურების გამწევი პირის ხელწერილი, დარაჯის და პრარაბის მომსახურებაში თანხის გადახდის ხელწერილი, ჯამში 165 000 ლარის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული. სადაოდ რჩებოდა მხოლოდ 40 361 ლარი, რომლის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული და ვერ წარედგინა შემმოწმებელს.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული გარემოებებისგან განსხვავებული ინფორმაცია, აღნიშნა, რომ საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე წარადგინა ხარჯის დამადასტურებელი, ნოტარიულად დამოწმებული, ფიზიკური პირების ხელწერილები ჯამურად 165 000 ლარზე, მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული, ხელწერილებში ფიზიკური პირები ადასტურებენ თანხის მიღებას კომპანიისაგან, კომპანიას სხვა შემოსავალი რადგან არ ქონდა, აღებული ქონდა კრედიტი, რომელიც ირიცხებოდა კომპანიის ანგარიშზე და ამ თანხებიდან ხდებოდა ფიზიკურ პირებზე თანხების გაცემა გაწეული მომსახურებისათვის.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე წარდგენილი იქნა ფიზიკური პირების ახსნა-განმარტებები, ნოტარიულად დამოწმებული, რომლითაც პირები განმარტავენ, რომ გაუწიეს კომპანიას მომსახურება, სანაცლოდ აღებული აქვთ თანხები და აღნიშნავენ, რომ საგადასახადო ვალდებულებების შესრულება ევალებოდა თანხის გამცემს, ეს განაცემები კი როგორც დადგინდა საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი არ არის. წარდგენილი იქნა ახნა-განმარტებები ბუღალტრული, დემონტაჟის, დარაჯის და სხვა მომსახურებების გაწევაზე, მაგრამ, ვერ დასტურდება მაგალითად, თუ დემონტაჟი იქნა გაწეული, რა სასარგებლო მასალა ამოვიდა შედეგად არ არის განმარტებული და ა.შ.. კაპიტალში შენატანის დოკუმენტი წარდგენილი არ ყოფილა, ფიზიკური პირი აღნიშნავდა, რომ რადგან კომპანიას სხვა შემოსავალი არ ქონდა ამ ხარჯებს გაწევდა იგი და რომ მას ეს თანხები სჭირდებოდა მშენებლობისათვის, ანუ კაპიტალში შენატანი აღურიცხავი იყო. ფიზიკური პირები ადასტურებენ, რომ კომპანიას ნამდვილად გაუწიეს მომსახურება, მაგრამ ვისგან მოხდა ანგარიშსწორება მითითებული არ არის, ანუ წარდგენილი დოკუმენტები არ იძლეოდა ფიზიკური პირის მიერ კომპანიის სასარგებლოდ გაწეულ ხარჯად კვალიფიკაციის საფუძველს. კომპანიის სახელით ხდებოდა ფიზიკური პირის მიერ სესხის აღება, რომელიც გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მშენებლობას სჭირდებოდა, თანხა ირიცხებოდა კომპანიის ანგარიშზე, აღებული სესხის და პროცენტის დაფარვა ხდებოდა ფიზიკური პირის მიერ, ანუ თვითონ დამფუძნებელს შეჰქონდა თანხები საპროცენტო თანხების დასაფარად ანგარიშზე, ხოლო კაპიტალში შენატანად ანდა ვინმე პირთან გადარიცხვა არ ჩანდა. შემოწმების პროცესში ეთხოვათ წარედგინათ ინფორმაცია ბუღალტრულად რა კვალიფიკაცია ეძლეოდა აღნიშნულ ოპერაციას, მაგრამ არ იქნა წარდგენილი, ამასთან შემოწმების პროცესში სესხზე გადახდილი პროცენტებიდან გათვალისწინებული იქნა ის ნაწილი, რაც ჩაითვალა, რომ მშენებლობას მოხმარდებოდა, ასევე ის ხარჯები რისი გაწევაც დასტურდებოდა.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აღსრულება განხორციელებულია საბჭოს 2023 წლის 23 ივნისის №19579/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 23.06.2023 წლის №19579/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის №8741 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 23.06.2023 წლის №19579/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელის 2024 წლის 12 იანვარს (რეგ. №4688/21) წარდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის წერილით, კუთვნილებისამებრ, გაიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს.

 

გადაწყვეტილება

არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აღსრულება განხორციელებულია საბჭოს 2023 წლის 23 ივნისის №19579/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 981(1); 130;