ბრძანება N 653
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 653
22 იანვარი 2026
ბრძანება
შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2025 წლის 23 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 იანვრის სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) 2025 წლის 23 დეკემბრის №99564/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 ნოემბრის №082-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვის საფუძველზე მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადების დარიცხვას და ითხოვს საკითხის მისი მონაწილეობით დამატებით შესწავლას. განმარტავს, რომ საწარმო სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა 2023 წლის პირველი იანვრიდან, აღნიშნული პერიოდიდან შემოწმების პერიოდის დასრულებამდე ჯამში გაწეული აქვს 255 219 ლარის ოდენობით ხარჯი, რომელიც დაფარა სწორედ იმ თანხებიდან, რომელიც მიიღო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაციის დროს, რომლის ნაწილი დეკლარირებული ჰქონდა, ხოლო ნაწილის დეკლარაციაში ასახვა არ მოხდა, რაც შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისად ჩათვალა. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა უნდა იხელმძღვანელოს ფაქტობრივი გარემოებებით და საწარმოს მიერ რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი (რომელიც გადაუხადა მომწოდებლებს) განმეორებით არ უნდა დაბეგროს მოგების გადასახადით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება ორმაგ დაბეგვრას. ხოლო, დღგ-ის დარიცხვასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ განცხადებით მიმართა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნის თაობაზე, რაზეც მიიღო უარი, რის გამოც ვერ ახორციელებს მომწოდებლებზე გადახდილ დღგ-ის თანხის ჩათვლას. განმარტავს, რომ გადაწყვიტა შეეჩერებინა სამეწარმეო საქმიანობა და სმფ-ების რეალიზაციის გზით ამოეწურა ნაშთი. ასევე, აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის დეკლარაციაში არ ასახა სმფების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი, ფაქტია ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე ფიქსირდება მომწოდებლის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაც ადასტურებს მომწოდებლებზე დღგ-ის თანხის გადახდას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22385 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2024 წლის 24 აპრილის №9633 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის შესახებ (გამოვლენილი დანაკლისის თანხის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადისა ან/და მოგების/საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციებში ასახვა). შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 7 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 19 ნოემბრის №25376 ბრძანება და ამავე თარიღის №082-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 118 862 ლარი, მათ შორის, გადასახადი 67 535 ლარი, ჯარიმა 33 768 ლარი, საურავი 17 559 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
2024 წლის 16 მაისს, შპს „--------"-ს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოუვლინდა 223 557 ლარის საბაზრო ღირებულების დანაკლისი. ამავე პერიოდში გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს ნულოვანი დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციები, შესაბამისად, არ აქვს გადახდილი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები. დასაბეგრ ბრუნვად განისაზღვრა - 189 456 ლარი. საწარმოს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 22 იანვარს, 14:00 სთ-ზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა 223 557 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც 2024 წლის 16 მაისს შედგა №CB1623000 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესაბამის პერიოდზე წარდგენილი აქვს დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციები ნულოვანი ფორმით, შესაბამისად, არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22385 ბრძანებაზე, რომლის საფუძველზეც განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საგადასახადო შემოწმება 2024 წლის 24 აპრილის №9633 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების, კერძოდ, გამოვლენილი დანაკლისის თანხის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დამატებული ღირებულებისა და მოგების გადასახადების დეკლარაციებში ასახვის სისწორის შემოწმება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი მოგების გადასახადის მიზნებისთვის ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად, ხოლო დღგ-ის მიზნებისთვის საქონლის საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო განეხორციელებინა სმფ-ების დანაკლისის დეკლარირება და დაბეგვრა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „ ---------“-ის (ს/ნ „-------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვის საფუძველზე მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადების დარიცხვას და ითხოვს საკითხის მისი მონაწილეობით დამატებით შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოუვლინდა დანაკლისი. ამავე პერიოდში გადამხდელს წარდგენილი აქვს ნულოვანი დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციები, შესაბამისად, არ აქვს გადახდილი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები. დასაბეგრ ბრუნვად განისაზღვრა - 189 456 ლარი. საწარმოს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
286(9).