ბრძანება N 11400
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11400
25 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 20 აპრილისა და 6 მაისის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 მაისის სხდომაზე (ოქმი №38) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 20 აპრილის №101862/1/2026 და 6 მაისის №102197/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 20 აპრილის №068-14 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს მისი მონაწილეობით საკითხის ხელახალ შესწავლას. აცხადებს, რომ გაზის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი ოპერატორი პოს-ტერმინალებზე შესრულებულ გადახდებზე, არასწორად, დამატებით ახორციელებდა ნაღდი ანგარიშსწორების საკონტროლო-სალარო აპარატზე ქვითრის ამობეჭდვას. პოსტერმინალის საშუალებით განხორციელებული ოპერაციების დუბლირებას მოწმობს კომპანიის ფასნამატიც, ვინაიდან შემოწმების მიერ განსაზღვრული ბრუნვის (პოსტერმინალს პლუს საკონტროლოსალარო აპარატი) რეალიზებულ საქონლის თვითღირებულებასთან შედარების შედეგად მიღებული ფასნამატი 2-ჯერ აღემატება მსგავს სფეროში არსებულ ფასნამატს, ხოლო კომპანიის მიერ შეძენილ საქონელზე აღნიშნული ფასნამატის გავრცელების შედეგად მიღებული ბუნებრივი აირის სარეალიზაციო ფასი ბევრად აღემატება მსგავს სფეროში არსებული კომპანიების მიერ საჯაროდ გაცხადებულ ფასებს. განმარტავს, რომ კომპანია საქონლის შეძენას ახორციელებს შპს „-------“. საწარმოს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 15%, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ პოსტერმინალისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების დაჯამებით დადგენილი ფასნამატი შეადგენს 33%-ს. საწარმომ გააანალიზა „-------“ „-------“ „-------“ და „-------“ სარეალიზაციო ფასები და დაადგინა, რომ აღნიშნული კომპანიების ფასები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრულ საწარმოს საშუალო ფასებს. აღნიშნულით კი დასტურდება შემოსავლების დუბლირების საკითხი. განმარტავს, რომ შემმოწმებელს შეეძლო კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებისა და დეკლარირებული ბრუნვის ურთიერთშედარებისას მარტივად განესაზღვრა კომპანიის დეკლარირებული ფასნამატი და საშუალო სარეალიზაციო ფასი, რომლითაც დადგინდებოდა საწარმოს წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების სისწორე, ვინაიდან პოსტერმინალისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების დაჯამება იძლევა არალოგიკურად მაღალ ფასნამატსა და სარეალიზაციო ფასს. შესაბამისად, კომპანია ვერ შევიდოდა კონკურენციაში ბაზარზე არსებულ სხვა გაზგასამართ სადგურებთან.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დარჩენილ თანხაზე განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 მარტის №5069 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 15 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 20 აპრილის №8637 ბრძანება და ამავე თარიღის №068–14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 208 904 ლარი, მათ შორის გადასახადი 119 269 ლარი, ჯარიმა 59 838 ლარი და საურავი 29 797 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 18 მარტს და 2022 წლის 21 აპრილიდან წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს (სტატუსი: „კვალიფიციური“). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციითა და გადამხდელის წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების მიხედვით დადგინდა, რომ საწარმოს ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს ბუნებრივი აირისა და თხევადი გაზის რეალიზაცია, -------. საწარმომ 2025 წლის აპრილის თვეში დაიწყო დამატებითი ეკონომიკური საქმიანობა, კერძოდ, საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, საწარმოს უფიქსირდებოდა 3 პოსტერმინალი და 5 საკონტროლოსალარო აპარატი. თითოეულ მოწყობილობაზე ფიქსირდებოდა ოპერაციები შემოწმების მთელი პერიოდის განმავლობაში. გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები ნაკლები იყო პოსტერმინალებსა და საკონტროლო-სალარო აპარატებში განხორციელებული ოპერაციების ჯამზე. გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ახსნა-განმარტება, სადაც აღწერა დღგ-ის ბრუნვებში არსებული სხვაობების მიზეზი. გადამხდელის განმარტებით, პოსტერმინალზე საქონლის ღირებულების გატარების შემდგომ, ის იგივე ღირებულების თანხის გატარებას, დამატებით ახორციელებდა საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიერ განმარტებული გატარებები, ხვდებოდა მხოლოდ იმ პოსტერმინალებსა და საკონტროლო-სალარო აპარატებზე, რომლებიც ბუნებრივი აირისა და თხევადი გაზის რეალიზაციის დროს გამოიყენებოდა. დრაივის შემთხვევაში, სალარო აპარატი და პოსტერმინალი დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა და თანხები არ მეორდებოდა. შემოწმების მიერ, მოხდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების შესწავლა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციებთან შედარება. შემოწმების მიერ ვერ მოხერხდა პოსტერმინალსა და საკონტროლო-სალარო აპარატზე გატარებული თანხების ერთმანეთთან შედარება, გადამხდელის მიერ განმარტებული პრინციპის შესაბამისად. გადამხდელს მიეცა დამატებით დრო და რეკომენდაცია წარმოედგინა ასეთი ტიპის შედარებები დღეების მიხედვით, თუმცა მათგან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი და შედარება ვერ მოხერხდა.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე მუხლებით და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა პირდაპირი მეთოდის გამოყენებით. საკონტროლო-სალარო აპარატებსა და პოს-ტერმინალებზე დაფიქსირებული იყო ჯამში 5 841 454 ლარის გატარება. გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა შეადგენდა 4 287 731 ლარს. შემოწმებით, გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები ნაკლები იყო პოსტერმინალებსა და საკონტროლო-სალარო აპარატებში განხორციელებული ოპერაციების ჯამზე. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეული იყო დუბლირებით. გადამხდელის მიერ განმარტებული გატარებები ხვდებოდა მხოლოდ იმ პოსტერმინალებსა და საკონტროლო-სალარო აპარატებზე, რომლებიც ბუნებრივი აირისა და თხევადი გაზის რეალიზაციის დროს გამოიყენებოდა. დრაივის შემთხვევაში, საკონტროლო-სალარო აპარატი და პოსტერმინალი დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა და თანხები არ მეორდებოდა. შემოწმების მიერ, მოხდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების შესწავლა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციებთან შედარება. შემოწმების მიერ ვერ მოხერხდა პოსტერმინალსა და საკონტროლო-სალარო აპარატზე გატარებული თანხების ერთმანეთთან შედარება, გადამხდელის მიერ განმარტებული პრინციპის შესაბამისად. გადამხდელს მიეცა დამატებით დრო და რეკომენდაცია წარმოედგინა ასეთი ტიპის შედარებები დღეების მიხედვით, თუმცა შემოწმების ეტაპზე მათგან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი და შედარება ვერ მოხერხდა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, მომჩივანი აცხადებს, რომ გაზის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი ოპერატორი პოსტერმინალებზე შესრულებულ გადახდებზე, არასწორად დამატებით ახორციელებდა ნაღდი ანგარიშსწორების საკონტროლო-სალარო აპარატზე ჩეკის ამობეჭდვას. დაზუსტებული საჩივრით, პოსტერმინალსა და საკონტროლო-სალარო აპარატებზე დაფიქსირებული თანხების დუბლირებასთან დაკავშირებით, გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა მტკიცებულება (ექსელის ფაილი), სადაც გაანალიზებულია პოსტერმინალზე შესრულებული გადახდები და საკონტროლო-სალარო აპარატზე ამორტყმული ქვითრების დუბლირება (5 045 ტრანზაქცია).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პოსტერმინალსა და საკონტროლო-სალარო აპარატებზე დაფიქსირებული თანხების დუბლირების ფაქტთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან, კერძოდ, პოსტერმინალსა და საკონტროლო-სალარო აპარატებზე დაფიქსირებული თანხების დუბლირების ფაქტთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები ნაკლები იყო პოსტერმინალებსა და საკონტროლო-სალარო აპარატებში განხორციელებული ოპერაციების ჯამზე. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეული იყო დუბლირებით. გადამხდელის მიერ განმარტებული გატარებები ხვდებოდა მხოლოდ იმ პოსტერმინალებსა და საკონტროლო-სალარო აპარატებზე, რომლებიც ბუნებრივი აირისა და თხევადი გაზის რეალიზაციის დროს გამოიყენებოდა. დრაივის შემთხვევაში, საკონტროლო-სალარო აპარატი და პოსტერმინალი დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა და თანხები არ მეორდებოდა. შემოწმების მიერ, მოხდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების შესწავლა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციებთან შედარება. შემოწმების მიერ ვერ მოხერხდა პოსტერმინალსა და საკონტროლო-სალარო აპარატზე გატარებული თანხების ერთმანეთთან შედარება, გადამხდელის მიერ განმარტებული პრინციპის შესაბამისად. გადამხდელს მიეცა დამატებით დრო და რეკომენდაცია წარმოედგინა ასეთი ტიპის შედარებები დღეების მიხედვით, თუმცა შემოწმების ეტაპზე მათგან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი და შედარება ვერ მოხერხდა.
საკონტროლო-სალარო აპარატებსა და პოს-ტერმინალებზე დაფიქსირებული მონაცემებსა და გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვას შორის გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პოსტერმინალსა და საკონტროლო-სალარო აპარატებზე დაფიქსირებული თანხების დუბლირების ფაქტთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 269(7)