გადაწყვეტილება №27853/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.10.2026
№ დოკუმენტი 27853/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27853/2/2026

28 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „-------“(ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „-------“-ის 25.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27853/2/2026).

 

დავის საგანი:

სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვასა და პოს-ტერმინალებსა და სალარო აპარატით მიღებულ ჯამურ შემოსავალს შორის.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2026 წლის №039-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.07.2026 წლის №15532 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 221 212,89 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 125 094

ჯარიმა - 62 547

საურავი - 33 571,89

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით. გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს ქალაქ „-------“-ში მდებარე სასურსათო მაღაზიის მეშვეობით. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 6.12.2017 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 18.09.2019 წელს.

აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.02.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის სახელზე ფიქსირდება მოქმედი 1 სალარო აპარატი და 2 პოს-ტერმინალი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით გაირკვა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა ნაკლები იყო პოს-ტერმინალებსა და სალარო აპარატით მიღებულ ჯამურ შემოსავალზე. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული სხვაობა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ პოს-ტერმინალზე საქონლის ღირებულების გატარების შემდგომ, იგივე ღირებულების თანხის გატარებას დამატებით ახორციელებდა სალარო აპარატზე. შემოწმების პროცესში განხორციელდა პოს-ტერმინალებსა და სალარო აპარატზე მიღებულის თანხების შედარება. შედეგად, დადგინდა, რომ პოს-ტერმინალი და სალარო აპარატი დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა და თანხები არ მეორდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე მუხლების საფუძველზე, პოს-ტერმინალით მიღებული შემოსავალი, 820 174 ლარი, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2026 წლის №039-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.07.2026 წლის №15532 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების პროცესში გადამხდელი თვითონ იყო ჩართული აუდიტის დეპარტამენტთან კომუნიკაციაში, სადაც დააფიქსირა რომ გამოვლენილი სხვაობა შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო იმ გარემოებით, ფიზ. პირებზე კონსიგნაციით საქონლის გაყიდვისას ჩეკის ამორტყმა ხდებოდა, ხოლო გარკვეული პერიოდულობით დავალიანების დაფარვისას ძირითადად ტერმინალით ახდენდნენ ანგარიშსწორებას. რომ პოს-ტერმინალზე საქონლის ღირებულების გატარების შემდგომ, იგივე ღირებულების თანხის გატარებას დამატებით ახორციელებდა სალარო აპარატზე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების პროცესში არ იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები, რომლების გავლენას ახდენენ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე.

გაზრდილი დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვით წლების მიხედვით გვაქს მოცემულობა სადაც:

2023 წლის ფასნამატი შეადგენს - 65%-ს ერთობლივი შემოსავლის რპთ-სთან მიმართებით;

2024 წლის ფასნამატი შეადგენს - 104%-ს;

2025 წლის ფასნამატი შეადგენს 126%-ს.

ზემოაღნიშნული მოცემულობა სრულიად შეუსაბამოა ამ ტიპის საქმიანობისთვის, შესადარისად შეიძლება გადამოწმდეს აუდიტის დეპარტამენტის აუდირებული ბაზა შესაბამის ტერიტორიაზე ჩატარებული ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შემოწმების შედეგების შედარებით ი/მ„-------“-ის შემოწმების შედეგთან.

გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომ მომჩივანი ძირითადად თვითონ ახდენდა კომუნიკაციას, არცოდნით ან გამორჩენით არ მიაწოდა აუდიტის დეპარტამენტს ცნობა იმის შესახებ, რომ თავის სასურსათო მაღაზიაში ყიდიდა საკუთარი წარმოებისა და ადგილობრივად შეძენილი სოფლის მეურნეობის პროდუქციას, რომელსაც თავისთავად არ უნდა მიეღო მონაწილოება დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში, ხოლო საკუთარი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციას არც წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში.

აღნიშნული გარემოება იწვევს იმ ძირითად განსხვავებას გაანგარიშებაში, რომელიც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულებული გაანგარიშებისას არ იქნა გამოკვლეული. ასეთი არსებითი განსხვავების არსებობისას აუდიტის დეპარტამენტს უნდა გაჩენოდა შეკითხვა რა იწვევდა სხვადასხვა წლებში 70%-იანი, 105%-იანი და 126%-იანი ფასნამატის მარჟის არსებობას ისეთი საქმიანობის განხორციელებისას, რომლის აუდირებული შედეგები რადიკალურად განსხვავდება შემოწმების შედეგად დადგენილი მოცემულობისგან.

გაუგებარია შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 10 ივლისის N15532 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში მტკიცების ფორმაში დაფიქსირებული მსჯელობა, თითქოს გადამხდელი საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების სისწორეზე აკეთებს აქცენტს და რადგან საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები არ არის განსაზღვრული, დავის საფუძველი არ არსებობს. საჩივარში დაფიქსირებული პოზიცია ეხება ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებას, რადგან ერთობლივ შემოსავლად განსაზღვრული ბრუნვა ახდენს სწორედ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის მოცულობაზე გავლენას. აუდიტის დეპარტამენტმა არასწორად განსაზღვრა სალარო აპარატითა და ტერმინალით მიღებული შემოსავალი, ამავე დროს ეს შემოსავალი დააკვალიფიცირა სრულად დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად და სწორედ ამ გაანგარიშებას არ ვეთანხმებით და წარმოგიდგენთ არგუმენტირებულ მტკიცებას ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასურსათო მაღაზიაში ყიდდა საკუთარი წარმოებისა და ადგილობრივად შეძენილი სოფლის მეურნეობის პროდუქციას, რომელსაც თავისთავად არ უნდა მიეღო მონაწილოება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში და არც წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში. ფიზიკურ პირებზე კონსიგნაციით საქონლის გაყიდვისას ჩეკის ამორტყმა ხდებოდა, ხოლო გარკვეული პერიოდულობით დავალიანების დაფარვისას ძირითადად ტერმინალით ახდენდნენ ანგარიშსწორებას. პოს-ტერმინალზე საქონლის ღირებულების გატარების შემდგომ, იგივე ღირებულების თანხის გატარებას დამატებით ახორციელებდა სალარო აპარატზე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების პროცესში არ იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენენ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე.

აუდიტის დეპარტამენტს უნდა გაჩენოდა შეკითხვა რა იწვევდა სხვადასხვა წლებში 70%-იანი, 105%- იანი და 126%-იანი ფასნამატის მარჟის არსებობას ისეთი საქმიანობის განხორციელებისას, რომლის აუდირებული შედეგები რადიკალურად განსხვავდება შემოწმების შედეგად დადგენილი მოცემულობისგან.

აუდიტის დეპარტამენტის 31.07.2026 წლის №„-------“ წერილიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი გარკვეული კატეგორიის საქონელს იძენს დოკუმენტის გარეშე. 2024-2025 წლებში მომჩივანთან ჩატარებულია საკონტროლო შესყიდვა, შეძენილია სასმელები, აღნიშნული პროდუქცია გადამხდელს არ უფიქსირდება დოკუმენტურ შეძენაში. შესაბამისად, რპთ შემცირებულია, ხოლო აღნიშნული განაპირობებს მაღალ ფასნამატს. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციისას, განმარტა რომ არ ახორციელებდა სასოფლოსამეურნეო პროდუქციის შეძენა-რეალიზაციას, შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელდა პოს-ტერმინალზე მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრა, შესაბამისად, პირს დაერიცხა ძირითადი გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით, საბჭო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები, საიდანაც დადგინდებოდა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი საკუთარი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას.

საბჭო ეყრდნობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ვერ წარმოადგინა რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმებას შემოსავალის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად დააკვალიფიცირას და მიიჩნევს,რომ შემოწმების პროცესში არ იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები, რომლების გავლენას ახდენენ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის სახელზე ფიქსირდება მოქმედი 1 სალარო აპარატი და 2 პოს-ტერმინალი. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა ნაკლები იყო პოს-ტერმინალებსა და სალარო აპარატით მიღებულ ჯამურ შემოსავალზე. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული სხვაობა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ პოს-ტერმინალზე საქონლის ღირებულების გატარების შემდგომ, იგივე ღირებულების თანხის გატარებას დამატებით ახორციელებდა სალარო აპარატზე.შემოწმებით დადგინდა, რომ პოს-ტერმინალი და სალარო აპარატი დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა და თანხები არ მეორდებოდა.შესაბამისად,სსკ-ის 159-ე, 163-ე, 164-ე მუხლების საფუძველზე, პოს-ტერმინალით მიღებული შემოსავალი,დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ასევე, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ეყრდნობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ვერ წარმოადგინა რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

158,159,163,164,168.