გადაწყვეტილება №24805/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
16 აპრილი 2025
№24805/2/2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 22.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24805/2/2025).
დავის საგანი შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21528 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.11.2024 წლის №064-8 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.01.2025 წლის №708 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 643 844,77 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 410 290
დღგ - 53 377
მოგების გადასახადი - 356 688
საშემოსავლო გადასახადი - 225
ჯარიმა - 206 977
საურავი - 26 577,77
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 29.07.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.07.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: საწარმოს ჩინეთიდან შეძენილი აქვს 403 851 ლარის საქონელი საინვოისო ღირებულებით (ტრანსპორტირების ჩათვლით), სააღრიცხვო დოკუმენტაციის, მათ შორის, საბანკო ამონაწერის მიხედვით, არარეზიდენტ მომწოდებელთან გადარიცხული აქვს საქონლის საინვოისო ღირებულებაზე მეტი თანხა (2 021 232 ლარის ეკვივალენტი). ბოლო საბანკო გადარიცხვა ფიქსირდება 28.03.2024 წელს (მოწოდებულია 2024 წლის აპრილამდე პერიოდის საბანკო ამონაწერები). გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში ვერ განმარტა ზედმეტად გადარიცხული თანხის მიზნობრიობა ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება. ზედმეტად გადარიცხული თანხა დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ მომწოდებელზე გაცემულ სესხად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.11.2024 წლის №064-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21528 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ, შორის მტკიცებულებები კაპიტალის შესახებ), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21528 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 13.11.2024 წლის დასკვნის საფუძველზე, დარიცხული თანხები არ შემცირდა. დასკვნაში მითითებულია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა, რომ არარეზიდენტ მომწოდებელზე (ჩინეთი) ზედმეტად გადახდილი თანხა შეიძლება კაპიტალის შემცირება ყოფილიყო. შესაბამისად, დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 15.11.2024 წლის №064-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.01.2025 წლის №708 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების პროცესში გადამხდელმა ვერ ითანამშრომლა სათანადოდ, რამაც გამოიწვია აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით კვალიფიკაციის მინიჭება საკუთარი შეხედულებისამებრ. გადამხდელის მიერ ჩინეთში გადარიცხულია თანხა იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე შესამოწმებელ პერიოდში მიღებულია საქონელი. ზედმეტად გადარიცხული თანხა განხილულ იქნეს კაპიტალის შემცირების ხარჯზე კომპანიიდან ფინანსური სახსრების ამოღებად. ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე მომჩივანმა დააფიქსირა, რომ საბანკო ანგარიშზე არსებულ ამონაწერში დეტალურად არის ასახული დამფუძნებლის მიერ განხორციელებული შენატანები. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული ფულადი სახსრების ნამეტი გააკლდეს დამფუძნებლის მიერ შეტანილ მოცულობას და დანარჩენი თანხა განხილულ იქნას დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად, ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გაათავისუფლოს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21528 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 13.11.2024 წელს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა, რომ არარეზიდენტ მომწოდებელზე (ჩინეთი) ზედმეტად გადახდილი თანხა შეიძლება კაპიტალის შემცირება ყოფილიყო. შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა. საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ მინდობილი ფიზიკური პირების მეშვეობით მოხდა ბანკში კომპანიის ანგარიშზე თანხების შეტანა. აღნიშნული ფიზიკური პირები მინდობილობის გარეშე ბანკიდან თანხის კომპანიის საკუთარ ანგარიშზე შეტანას ვერ შეძლებდნენ. შესაბამისად, მოცემული ოპერაცია გახლავთ კაპიტალის შევსება და თანხის გატანის მომენტიც არის კაპიტალის შემცირება.
მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით აუდიტორი აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში არ არის წარდგენილი დამფუძნებლის ახსნა-განმარტება, საიდანაც დადგინდება რომ ჩინეთში გატანილი თანხა არის კაპიტალის შემცირება. ამასთან, თანხების შეტანა კომპანიის ანგარიშზე ფიქსირდება ფიზიკური პირებიდან, რომლებიც ეწეოდნენ მსგავს საქმიანობას. მათთან ჩატარებულია საგადასახდო შემოწმება, რომლის შემდგომ შეწყვიტეს საქმიანობა და შემოიტანეს შპს ---ს ანგარიშზე. თანხის გადარიცხვა მოხდა არარეზიდენტთან, რომელიც კავშირში არ არის კომპანიასთან. საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივანმა დააფიქსირა, რომ საბანკო ანგარიშზე არსებულ ამონაწერში დეტალურად არის ასახული დამფუძნებლის მიერ განხორციელებული შენატანები. ითხოვს ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული ფულადი სახსრების ნამეტი გააკლდეს დამფუძნებლის მიერ შეტანილ მოცულობას და დანარჩენი თანხა განხილულ იქნას დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად, ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში. ასევე ითხოვს საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გათავისუფლდეს დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების ეტაპზე მომჩივანს არ წარუდგენია ბრძანებით დავალებული დოკუმენტური მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახდო შემოწმების შედეგებს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი არსებითი მნიშვნელობის რაიმე არგუმენტი/მტკიცებულებები, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21528 ბრძანება. ამასთან, არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარს არ ერთვის რაიმე სახის მტკიცებულებები. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21528 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. მომჩივანი ასევე ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21528 ბრძანების აღსრულების შედეგები - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები
შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21528 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №21528 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, დარიცხული თანხები არ შემცირდა. დასკვნაში მითითებულია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა, რომ არარეზიდენტ მომწოდებელზე (ჩინეთი) ზედმეტად გადახდილი თანხა შეიძლება კაპიტალის შემცირება ყოფილიყო. შესაბამისად, დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21528 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: (304 1, გ.)