გადაწყვეტილება №25809/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 04.11.2025
№ დოკუმენტი 25809/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25809/2/2025

04 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 5.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25809/2/2025).

 

დავის საგანი:

დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2025 წლის №038-3 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17731 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 54 304,98 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 28 639,64

ჯარიმა - 16 450,8

საურავი - 9 214,54

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელითა და თამბაქოს ნაწარმით.

აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2025 წლის №038-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17731 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

მომჩივნის განმარტებით, 2022 წლის იანვარში დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და არსებულ ნაშთზე, რადგან უმეტესი ფაქტურები ეკუთვნოდა 2021 წელს, ჩათვლა არ მომხდარა. ითხოვს ნაშთზე არსებული ფაქტურების ჩათვლას და დარიცხვის შემცირებას.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №----- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17731 ბრძანების გაცნობა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ფიქსირდება 15.08.2025 წელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17731 ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 4.09.2025 წელს, ხოლო საჩივარი წარმოდგენილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული გვერდის მეშვეობით ელექტრონულად 5.09.2025 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

საჩივარში მითითებულ ნომერზე, 7.10.2025 წელს სატელეფონო კომუნიკაციისას განმარტეს, რომ საჩივარი გამოაგზავნა 4.09.2025 წელს, თუმცა როდესაც გაიგზავნა აღმოჩნდა შემდეგი დღის რიცხვი (5.09.2025 წელი).

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, შესაბამისი ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრიდან, რომლის მიერ წარმოდგენილია 8.10.2025 წლის №----- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „------“-ის (ს/ნ --------) მიერ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ ელექტრონულ გვერდზე №25809/2/2025 საჩივრის შექმნა და „შენახული“ სტატუსის სისტემაში ჩანაწერის რეგისტრაცია განხორციელდა 4.09.2025 წელს, ხოლო მისი გადმოგზავნა დავების აღრიცხვის სისტემაში მოხდა 5.09.2025 წელს. ამასთან 4.09.2025 წელს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან ელექტრონული საჩივრების გადმოგზავნის სისტემას ტექნიკური ხარვეზი არ ჰქონია. აღნიშნულ თარიღში დავების აღრიცხვის სისტემაში ფიქსირდება 23 ელექტრონული საჩივრის გადმოგზავნა.

საბჭო აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებებით არ დასტურდება, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მომჩივნისგან დამოუკიდებელი მიზეზით არის გამოწვეული.

ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17731 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე.შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №038-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №17731 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის №17731 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 301( „ე“ );