გადაწყვეტილება №20057/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20057/2/2023
24 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ -------- (ს/ნ --------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -------- 23.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20057/2/2023).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის დაკისრებული ჯარიმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.04.2023 წლის №CB1462552 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 9.06.2023 წლის №12963 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.04.2023 წლის №CB1462552 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომერი -------), გადამოწმების დროს (25.04.2023 წ. 12:16 სთ) გამოვლინდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 2 640 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის (საოჯახო ელ-ტექნიკა), სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.06.2023 წლის №12963 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 286-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72- ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე,ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2023 წლის 25 აპრილს გადამოწმდა ავტომანქანა --------, რომლითაც ხდებოდა მის მიერ შეძენილი საქონლის ტრანსპორტირება. გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ავტომობილზე განთავსებულ ყველა ნივთზე არ იყო გამოწერილი სასაქონლო ზედნადები, რის გამოც დაჯარიმდნენ. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ მის მიერ 2023 წლის 25 აპრილს შეძენილი იქნა სხვადასხვა სახის ელექტროსაქონელი -------- ბაზრობაზე რამდენიმე პირისგან. მომწოდებლებთან, რომლებისგანაც განხორციელდა საქონლის შეძენა, აკავშირებს დიდი ხნის თანამშრომლობა და ხშირ შემთხვევაში, საქონლის შეძენა ხორციელდება წინასწარი სატელეფონო კავშირით, რა დროსაც ათანხმებს შესაძენი საქონლის შესახებ დეტალებს, რის შემდეგაც მომწოდებელთან სატვირთო ავტომობილით მიდის მისი წარმომადგენელი, რომელიც ახდენს შეძენილი საქონლის ტრანსპორტირებას --------- ტერიტორიამდე. აღნიშნული პროცესი ხორციელდება უშუალოდ მისი მონაწილეობის გარეშე. ასევე მოხდა 2023 წლის 25 აპრილს.
წინასწარი სატელეფონო შეთანხმებით შპს --------- (ს/ნ --------) და --------გან (ს/ნ -------) შეიძინა ელექტრო საქონელი. საქონელის ტრანსპორტირება ------- ტერიტორიიდან ხორციელდებოდა მძღოლის ---------- (პ/ნ --------) მიერ, რომელთანაც ასევე აკავშირებს დიდი ხნის თანამშრომლობა და გააჩნია ნდობა, განახორციელოს მის მიერ შეძენილი საქონელის ტრანსპორტირებისათვის საჭირო ყველა პროცედურა, მათ შორის დატვირთვაზე კონტროლი. შესაბამისად მომჩივანი არ მონაწილეობდა საქონელის-გამყიდველებისგან წამოღების პროცესში. იმ მომენტისათვის, როდესაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმებული იქნა ავტომობილი, რომლითაც ხორციელდებოდა მომჩივნის კუთვნილი საქონელის ტრანსპორტირება, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მომწოდებლის მიერ არ იყო გამოწერილი სასაქონლო ზედნადები, რაც ასევე მოულოდნელი იყო მომჩივნისთვისაც. აღნიშნული არ წარმოადგენდა მიზანმიმართულ განზრახ ქმედებას და გამოწვეული იყო დაშვებული შეცდომით, რაც მდგომარეობდა იმაში რომ, მომჩივნის წარმომადგენლის მიერ (მძღოლის) საქონელის ტრანსპორტირება დაიწყო ყველა საჭირო სასაქონლო ზედნადების არსებობის ფაქტის გადამოწმების გარეშე, ტრანსპორტირების დაწყების მომენტში მისი მხრიდან არ მომხდარა მომჩივანთან გადამოწმება ატვირთული იყო თუ არა ზედნადებები სრულად.
აღსანიშნავია, რომ საბოლოო ჯამში ავტომობილზე არსებულ ყველა საქონელზე მომჩივანმა მიიღო სასაქონლო ზედნადებები დროის მცირე მონაკვეთში (ტრანსპორტირების დაწყებიდან ერთი საათის ფარგლებში), თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო ერთ-ერთი გამყიდველის მიერ არ იყო ზედნადები გამოწერილი ავტომანქანის გადამოწმების პროცესში (ოქმში აღნიშნულია, რომ ავტომანქანის გადამოწმება მოხდა 12:16 სთ-ზე (ავტომანქანის მიერ მოძრაობის დაწყებიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ). მომჩივანი აღნიშნავს, რომ არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, რომლის მიერ 2020-2023 წლებისათვის დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 1 237 924 ლარს, ხოლო ბიუჯეტში გადახდილია 100 000 ლარზე მეტი. არ უარყოფს, რომ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს ზედნადების გამოწერის ვალდებულებას ტრანსპორტირების დაწყების მომენტიდანვე და აღნიშნული ოქმი შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, თუმცა ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებიდან იკვეთება, რომ მის მიერ აღნიშნული სამართალდარღვევა არ განხორციელებულა განზრახ, ადგილი აქვს შეცდომას, რა შემთხვევაშიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულია დავის განმხილველი ორგანოების მიერ გადამხდელის ჯარიმისგან გათავისუფლების უფლება.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილია -------- (პ/ნ -------) ახსნა-განმარტება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. საიდანაც ირკვევა, რომ მან ტრანსპორტირების დაწყების მომენტში მომჩივანთან არ გადაამოწმა (არ შეათანხმა) ატვირთული იყო თუ არა ზედნადებები სრულად.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, − იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №64814-21-12 წერილიდან ირკვევა, რომ 25.04.2023 წელს გადამოწმებულ იქნა სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით -------. გადამოწმებისას დადგინდა, რომ ------- (პ/ნ -------) ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (2 640 ლარის ღირებულების საოჯახო ელ-ტექნიკის, ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.
მომჩივნის განმარტებით, მძღოლმა -------- (პ/ნ -------) ტრანსპორტირების დაწყების მომენტში მასთან არ გადაამოწმა (არ შეათანხმა) ატვირთული იყო თუ არა ზედნადებები სრულად. მომჩივანი უთითებს, შეცდომაზე და ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისგან გათავისუფლებას.
მხარეთა არგუმენტაციის შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის დაკისრებული ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.04.2023 წლის №CB1462552 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, გადამოწმების დროს (25.04.2023 წ. 12:16 სთ) გამოვლინდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 2 640 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის (საოჯახო ელ-ტექნიკა), სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.06.2023 წლის №12963 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(4), 286(1)(2), 269(7).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 994 და N996 ბრძანებები.