ბრძანება N 6540

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 07.04.2025
№ დოკუმენტი 6540
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6540

07 აპრილი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---------------ის (ს/ნ ------------------)

(მის.: ---------------------------------------)

2025 წლის 30 მარტის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 აპრილის სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა ი/მ ---------------ის (ს/ნ ------------------) 2025 წლის 30 მარტის №94816/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 მარტის №188505 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გაუქმებას. განმარტავს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეძლო ინფორმაციის წარდგენა, ვინაიდან, აქვს წოლითი რეჟიმი და ვერ ახერხებს სახლიდან გასვლას. ასევე აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მოახდენს ყველა საჭირო საბუთის მიწოდებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1563 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ი/მ ---------------ის (ს/ნ ------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა 2025 წლის 5 მარტის №21-14/----- წერილი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნილ იქნა 5 სამუშაო დღის ვადაში ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი (განხორციელებული ოპერაციების) ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენა. გადასახადის გადამხდელი 2025 წლის 5 მარტის №21-14/---- წერილს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2025 წლის 15 მარტს, თუმცა განსაზღვრულ ვადაში არ მომხდარა ინფორმაციის წარდგენა, რის საფუძველზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით შედგა 2025 წლის 24 მარტის №188505 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეძლო ინფორმაციის წარდგენა. ასევე აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მოახდენს ყველა საჭირო საბუთის მიწოდებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, შესაბამისად, ი/მ ---------------ის (ს/ნ -----------------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 მარტის №188505 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმისგან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ---------------ის (ს/ნ ------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.ი/მ ---------------ის (ს/ნ ------------------) , საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 მარტის №188505 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმისგან;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №1563 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა წერილი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნილ იქნა 5 სამუშაო დღის ვადაში ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი (განხორციელებული ოპერაციების) ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენა. გადასახადის გადამხდელი წერილს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო , თუმცა განსაზღვრულ ვადაში არ მომხდარა ინფორმაციის წარდგენა, რის საფუძველზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით შედგა №188505 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, შესაბამისად, მომჩივანს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის №188505 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 279(1);