ბრძანება N 10275

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.05.2025
№ დოკუმენტი 10275
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10275

21 მაისი 2025

ბრძანება

შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“)

(მის.: „--------“)

2025 წლის 27 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3, 24 აპრილის და 7 მაისის სხდომებზე (ოქმები №25; №30; №36) განიხილა შპს „---------“-ის (ს/ნ „--------“) 2025 წლის 27 მარტის №94800/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 თებერვლის №005-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ 2024 წლის 17 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურში წარადგინა შპს „-------- - თან “ გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე, ხოლო ამავე წლის დეკემბერში წარდგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნა. გადამხდელი განმარტავს, რომ ვინაიდან სსიპ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან 29.07.2024 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ექსპერტიზის დასკვნის გაცემის ვადები არ იყო განსაზღვრული და გონივრულ ვადაში ვერ ხერხდებოდა აუდიტის დეპარტამენტისათვის აღნიშნული საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა, საწარმომ მიმართა სხვა სერტიფიცირებულ შემფასებელს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 19 სექტემბრის ბრძანებაში არ არის მითითებული, რომ საექსპერტო დასკვნა აუცილებლად უნდა შედგენილიყო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. შესაბამისად, შემმოწმებლის მიდგომა, რომ ქონების შეფასება უნდა განხორციელებულიყო აღნიშნული ბიუროს მიერ არასწორია. შედეგად, ითხოვს წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების გათვალისწინებას და საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №20579 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 21 მაისი 2025 N 10275

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საჩივარზე წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №20579 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 25 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 26 თებერვლის №005-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შპს „-------“-ს (ს/ნ „--------“) 2024 წლის 11 აგვისტოს საჩივარზე დართული აქვს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №20579 ბრძანების შემდგომ წარმოდგენილი იქნა სხვა ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა. შესაბამისად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ შესრულდა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებული კონკრეტული მითითება, შემოწმების მიერ აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა შპს „------ - თან “ გაფორმებული ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა. შესაბამისად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ შესრულდა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებული კონკრეტული მითითება, კერძოდ, წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, შემოწმების მიერ აქტით დარიცხული თანხების შემცირებას არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 11 აგვისტოს საჩივარზე თანდართულ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება/კონტრაქტი საექსპერტო მომსახურების შესახებ,მომჩივანის კაპიტალის შეფასებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №20579 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნების შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს მიმდინარე საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლითაც გადამხდელი უარს აცხადებს ზემოაღნიშნული დასკვნის წარმოდგენაზე იმ საფუძვლით, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ ექსპერტიზის დასკვნის მომზადება დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან და ითხოვს შემოწმების მიერ შპს „-------- -ის “ მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის გათვალისწინებას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, დავის წარმოების პროცესში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მომჩივანის (ს/ნ „--------“) მომართვის საფუძველზე გაფორმებული 2024 წლის 29 ივლისის №2001189224 კონტრაქტის მიხედვით მომზადდა თუ არა უძრავი ქონების ს/კ „--------“ ექსპერტიზის დასკვნა მისი საბაზრო ღირებულებების შესახებ (2018 და 2022 წლების მდგომარეობით), ხოლო თუ აღნიშნული კონტრაქტით ექსპერტიზის დასკვნა არ იქნა მომზადებული ან/და შეწყდა ხელშეკრულება, მოეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნული მიზეზების შესახებ.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 2 მაისის საპასუხო წერილით ირკვევა, რომ 2024 წლის 29 ივლისს მომჩივანი შპს-ს დირექტორის მიერ დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა, რომლის ფარგლებში იმავე დღეს გაფორმდა კონტრაქტი №2001189224, ხოლო 2024 წლის 1 ოქტომბერს, საექსპერტო კვლევის დასრულებამდე,მომჩივანი შპს-ს დირექტორის მხრიდან დაყენებულ იქნა მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე.

ამასთან, ზემოაღნიშნულ წერილში დამატებით მითითებულია, რომ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით „--------“) საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე საექსპერტო კვლევის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №20579 ბრძანებით გადამხდელისთვის დავალებულ იქნა მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა, ხოლო დავის წარმოების პროცესში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელის მოთხოვნით შეწყდა სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ხელშეკრულება. ამდენად, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ შპს „-------- -ის “ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის შემოწმებისთვის წარდგენა სცდება შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №20579 ბრძანებით დავალებულ კონკრეტულ მითითებას, შემოსავლების სამსახურს, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშებისას, მიზანშეწონილად არ მიაჩნია აღნიშნული საექსპერტო დასკვნის გათვალისწინება.

ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ითხოვს წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების გათვალისწინებას და საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს საჩივარზე დართული აქვს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №20579 ბრძანების შემდგომ წარმოდგენილი იქნა სხვა ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა. შესაბამისად, ვინაიდან გადამხდელის მიერ არ შესრულდა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებული კონკრეტული მითითება, შემოწმების მიერ აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).