ბრძანება N 17544

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.08.2025
№ დოკუმენტი 17544
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17544

05 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------ს“ (ს/ნ ----------------)

(ფაქტ. მის.: --------------------------;

იურ. მის.: ---------------------------)

2025 წლის 23 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა შპს „----------ს“ (ს/ნ ----------------) 2025 წლის 23 ივლისის №97036/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №007-117 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ მისი გაანგარიშებით დასარიცხი თანხები განსხვავდება გადაანგარიშების დასკვნაში მითითებული დარჩენილი დასარიცხი თანხებისგან. მომჩივანი ითხოვს მისი და აუდიტორის გაანგარიშების შეჯერებას და საჩივარში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით კომპანიაზე დასარიცხი თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №27611 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------ს“ (ს/ნ ----------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------ს“ (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ფულის ნაშთის გაანგარიშებისას პურის საცხობი დანადგარების ხარჯებში გათვალისწინების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ პურის საცხობი დანადგარების ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც განსაზღვრული იქნება პურის საცხობი დანადგარების საბაზრო ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №27611 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 27 მაისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 261 060 ლარი, მათ შორის, გადასახადი 174 040 ლარი და ჯარიმა 87 020 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 30 ივნისის №007-117 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა კომპეტენტურ პირთან (შპს „---------თან“) გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, პურის საცხობი დანადგარების საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით. მოგვიანებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილია შეფასების ანგარიში, რომლითაც დასკვნაში მოყვანილი ფაქტების და გარემოებების გათვალისწინებით, შესაფასებლად წარმოდგენილი შპს „--------ს“ საკუთრებაში არსებული მოძრავი აქტივების (პურის საცხობი დანადგარები და მოწყობილობები) საბაზრო ღირებულების ჯამური საბაზრო ღირებულება 2025 წლის 12 მარტის მდგომარეობით განისაზღვრა 329 800 ლარი. შეფასების დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ: „დამკვეთის განმარტებით შესყიდვები განხორციელდა თავისუფალი ბაზრის, კონკურენციის, ძალდატანების, ურთიერთდამოკიდებულებისა და სხვა საბაზრო გარემოს შემზღუდველი ფაქტორების არსებობის გარეშე, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ რომ შესყიდვის ფასები (696 100 ლარი) შეესაბამება მათ იმავე პერიოდის საბაზრო ღირებულებებს, ანუ მათი ჯამური საბაზრო ღირებულება 2017-2019 წლების შემდეგ, 6-8 წელიწადში, შემცირებულია ნახევარზე მეტით (53.7%), რაც მათი ძირითადი აგრეგატების ნორმატიული, ქრონოლოგიური და ეფექტური საექსპლოატაციო წლებიდან გამომდინარე სრულიად ლოგიკურ ჩარჩოებში ჯდება“. გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლით დადგინდა შემოწმების აქტში ასახული გარემოებებისაგან განსხვავებული გარემოება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის გამო, შემოწმებით დარიცხული თანხები აღნიშნულ საკითხში დაექვემდებარა გადაანგარიშებას (შემცირებას). კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თახები, 761 014 ლარი, შემცირდა 696 100 ლარით (აქტივების შეძენის ღირებულებით). შედეგად, შემცირდა კომპანიის სალაროზე პასუხისმგებელი პირის, დირექტორის მიერ მიღებულად ჩათვლილი თანხები და ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, სახელფასო განაცემზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 174 025 ლარით. ამასთან, აქტივის ღირებულებით გაიზარდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და შესაბამისად, ქონების გადასახადი 6 515 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა კომპეტენტურ პირთან (შპს „--------თან“) გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ პურის საცხობი დანადგარების საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით. მოგვიანებით გადამხდელის მიერ წარდგენილია შეფასების ანგარიში, რომლითაც დასკვნაში მოყვანილი ფაქტების და გარემოებების გათვალისწინებით, შესაფასებლად წარდგენილი, შპს „-------ს“ საკუთრებაში არსებული მოძრავი აქტივების (პურის საცხობი დანადგარები და მოწყობილობები) საბაზრო ღირებულების ჯამური საბაზრო ღირებულება 2025 წლის 12 მარტის მდგომარეობით განისაზღვრა 329 800 ლარი. გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაციის შესწავლით დადგინდა შემოწმების აქტში ასახული გარემოებებისაგან განსხვავებული გარემოება, რის საფუძველზეც შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა გადაანგარიშებას (შემცირებას). კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თახები შემცირდა 696 100 ლარით (აქტივების შეძენის ღირებულებით), რამაც გამოიწვია კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულად ჩათვლილი თანხების და დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება. ამასთან, აქტივის ღირებულებით გაიზარდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და შესაბამისად, ქონების გადასახადი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------ს“ (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. ითხოვს მისი და აუდიტორის გაანგარიშების შეჯერებას და საჩივარში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით კომპანიაზე დასარიცხი თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №27611 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი. აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 261 060 ლარი, მათ შორის, გადასახადი 174 040 ლარი და ჯარიმა 87 020 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №007-117 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);