გადაწყვეტილება №26267/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26267/2/2025
13 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-------’’-ის 3.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26267/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის №005-96 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23357 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 391 481,66 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 250 776,21
დღგ - 107 909,45
საშემოსავლო გადასახადი - 142 866,76
ჯარიმა - 133 176
საურავი - 7 529,45
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტით შეძენილი სხვადასხვა დანიშნულების საქონლის (ძირითადად ტანსაცმელი ფეხსაცმელი და აქსესუარები) რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.
აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 16.01.2024 წლიდან 10.06.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის №005-96 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23357 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
გაცნობისთანავე. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის დოკუმენტის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის გაგზავნის თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 15.12.2025 წლის №112753-21-04 წერილიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23357 ბრძანება მომჩივანს ელექტრონულად გაეგზავნა 22.10.2025 წელს, აღნიშნული ბრძანების ელექტრონულად გაცნობის ფაქტი დაფიქსირებულია 3.11.2025 წელს.
შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23357 ბრძანებაზე, მომჩივანმა საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარადგინა 28.11.2025 წელს ფოსტის (შპს „-------“ ს/ნ -------) მეშვეობით. საჩივარს ახლავს საფოსტო-საკურიერო მომსახურების დეტალების ამსახველი დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ 21.11.2025 წელს გადაეცა შპს „-------“ (ს/ნ -------) შემოსავლების სამსახურში წარსადგენად, რომელიც კუთვნილებისამებრ შემოსავლების სამსხურმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში გადმოაგზავნა (საბჭოში რეგისტრაციის №26267/2/2025, 3.12.2025 წელი).
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო დაწესებულებების მიერ ადრესატისთვის კორესპონდენციის ჩაბარების ვადა სცდება გონივრულ ვადას (წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით კორესპონდენცია ადრესატს ჩაბარდა მიღებიდან 7 დღის შემდგომ), საბჭო მიიჩნევს, რომ შპს „-------“ საჩივრის 21.11.2025 წელს ჩაბარების ფაქტი არ დასტურდება. შესაბამისად, სადავო აქტების გასაჩივრების თარიღად უნდა ჩაითვალოს არა 21.11.2025 წელი (რაც ფიქსირდება საფოსტო-საკურიერო მომსახურების დეტალების ამსახველი დოკუმენტზე), არამედ შემოსავლების სამსახურში საჩივრის რეგისტრაციის თარიღი, 28.11.2025 წელი (საბჭოში რეგისტრაციის №26267/2/2025, 3.12.2025 წელი).
ამგვარად, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23357 ბრძანებას მომჩივანი ელექტრონულად გაეცნო 3.11.2025 წელს, ხოლო საჩივარი წარმოდგენილია 28.11.2025 წელს, დარღვეულია საჩივრის წარმოდგენის კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადა, რომელიც ამოიწურა 23.11.2025 წელს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.