გადაწყვეტილება №10015/2/2020

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 17.09.2020
№ დოკუმენტი 10015/2/2020
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№10015/2/2020

17.09.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --------

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 17.09.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---- ს 5.02.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №10015/2/2020). საჩივრის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია ზ. ძნელაშვილს, თვითაცილების გამო.

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1.აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2019 წლის №006-964 საგადასახადო მოთხოვნა;

2.შემოსავლების სამსახურის 23.01.2020 წლის №1297 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 84 946 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი: 47 629

დღგ - 4 086

მოგების გადასახადი - 1 361

საშემოსავლო გადასახადი - 42 182

ჯარიმა - 27 982

საურავი - 9 335

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურს 25.12.2019 წელს წარედგინა შპს ---- ს საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2019 წლის № 006-964 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე. შემოსავლების სამსახურის 23.01.2020 წლის №1297 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2018 წლის №21307 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ---- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 21.11.2019 წელს გამოიცა №40478 ბრძანება, ხოლო 22.11.2019 წელს №006-964 საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2019 წლის №006-964 საგადასახადო მოთხოვნა, 21.11.2019 წლის №40478 ბრძანება და 8.11.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი გადასახადის გადამხდელს 22.11.2019 წელს გაეგზავნა გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე, ხოლო გაცნობა დაფიქსირდა 23.11.2019 წელს.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, სადავო აქტების გაცნობა ფიქსირდება 2019 წლის 23 ნოემბერს. ხოლო, საჩივარი წარმოდგენილია 2019 წლის 25 დეკემბერს, საჩივრის წარდგენისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საჩივარი წარმოდგენილია მისი წარდგენის ვადის გასვლის შემდგომ, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. ამდენად, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის დირექტორი, ------- იმყოფებოდა -------- ში და გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს საავადმყოფოში, ხოლო რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ამ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია. საქმეში წარმოდგენილია ---- ს გარდაცვალების მოწმობა და ვიზა. ----- მ 2019 წლის 17 ნოემბერს დატოვა საქართველო და უკან დაბრუნებას აპირებდა 2019 წლის 20 დეკემბერს, მაგრამ 2019 წლის 18 დეკემბერს გულის მწვავე შეტევით მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს კლინიკაში, სადაც 26 დეკემბერს გარდაიცვალა.

მომჩივანი განმარტავს, რომ ელოდებოდნენ დირექტორის ----- ს, საქართველოში დაბრუნებას და მის გადაწყვეტილებას დავის დაწყებასთან დაკავშირებით. იმ მომენტისთვის კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ფაქტიურად არავინ იყო.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემობათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად კი, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

დადგენილია და სადავო არ არის, რომ აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2019 წლის №006-964 საგადასახადო მოთხოვნას, 21.11.2019 წლის №40478 ბრძანებას და 8.11.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 23.11.2019 წელს. შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 23.12.2019 წელს. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 25.12.2019 წელს.

18.12.2019 წელს კომპანიის დირექტორის, ------ ს გულის მწვავე შეტევით კლინიკაში მოთავსების თაობაზე მომჩივნის არგუმენტებიდან გამომდინარე,01.06.2020 წელს მომჩივანს გაეგზავნა №03/48720 წერილი და ეთხოვა, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის მიზნით, წარმოედგინა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა/დოკუმენტაცია.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 13.02.2020 წლის მდგომარეობით ამონაწერის მიხედვით, შპს ---- ს დირექტორი და 100%- იანი წილის მმართველია -----, რომლის მიერ გაცემულია მინდობილობა ----- მიმართ.

შპს ---- ს წარმომადგენლის,------ ს მიერ 01.06.2020 წლის №03/48720 წერილის შესაბამისად წარმოდგენილია ----- ენაზე შედგენილი და ქართულ ენაზე თარგმნილი (მთარგმნელის ხელმოწერა დამოწმებულია ნოტარიულად, რეგისტრაციის №200514957, თარიღი 04.08.2020 წ.) ცნობა გარდაცვალების შესახებ.

ცნობის მიხედვით, 29.06.1974 წელს დაბადებული ----- ს გარდაცვალების თარიღია 26.12.2019 წ, ხოლო გარდაცვალების მიზეზია - „უეცარი გარდაცვალება გულით (რომელიც მოთავსებული იქნა კლინიკაში მწვავე გულის შეტევით 2019 წლის 18 დეკემბერს, 13 საათსა და 35 წუთზე)“.

სადავო შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მომჩივნისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული და საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება არამართლზომიერია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1.საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2.გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.01.2020 წლის №1297 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების

მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.