გადაწყვეტილება №25936/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25936/2/2025
13 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 30.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25936/2/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2025 წლის №057-12 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №19711 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 122 832,67 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 64 366,28
დღგ - 53 281,8
მიწაზე (სასოფლო) ქონების გადასახადი - 108,94
საშემოსავლო გადასახადი - 9 552,54
ქონების გადასახადი - 1 423
ჯარიმა - 43 259
საურავი - 15 207,39
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტაციის (ტენდერების ხელშეკრულებები, ფორმა 2-ები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა), შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ტენდერებიდან მიღებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 800 309 ლარი დღგ-ის გარეშე, ხოლო დეკლარირებულმა ბრუნვამ - 1 505 641 ლარი.
ბრუნვის სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ გადასახადის გადამხდელს ზოგ შემთხვევაში მიღებაჩაბარების აქტის მიხედვით არსებულ თანხებზე არ აქვს გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები და არ აქვს ჩართული დეკლარირებულ ბრუნვაში. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს არ აქვს ავანსის ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი და არსებული ავანსები არასწორად აქვს განაშთული.
შემოწმების შედეგად დაუბეგრავი თანხები ჩაირთო დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, ხოლო ავანსები გაინაშთა პროპორციულად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ისე როგორც მოითხოვებოდა სატენდერო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2025 წლის №057-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №19711 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველ-22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ეთანხმება დარიცხულ გადასახადს, ყველა პოზიციაზე და ითხოვს შეუმცირდეს ჯარიმა-საურავები და დარიცხული თანხა გადაუნაწილდეს ოთხ კვარტალზე. გაუფორმდეს საგადასახდო შეთანხმება ძირი თანხის გადანაწილებაზე. თუ იქნება შესაძლებელი 9 თვეზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადოსანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ზოგ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით არსებულ თანხებზე არ აქვს გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები და არ აქვს ჩართული დეკლარირებულ ბრუნვაში. ზოგ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს გამოწერილი არ აქვს ავანსის ანგარიშ-ფაქტურები და არსებული ავანსები არასწორად აქვს განაშთული. შემოწმებით ავანსები გაინაშთა პროპორციულად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, სატენდერო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ზოგ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით არსებულ თანხებზე არ აქვს გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები და არ აქვს ჩართული დეკლარირებულ ბრუნვაში. ზოგ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს გამოწერილი არ აქვს ავანსის ანგარიშ-ფაქტურები და არსებული ავანსები არასწორად აქვს განაშთული. შემოწმებით ავანსები გაინაშთა პროპორციულად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, სატენდერო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება:
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი: 275;.